ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

21 ნოემბერი ძვ.სტ./4 დეკემბერი ახ.სტ.

 

ივერიონი

მთელ საქართველოს ულოცავს ამ  დიდებულ დღესასწაულს! 

 

     ტროპარი:

 

    დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

 

      კონდაკი:

 

   ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.

 

 

    ერთი ძველი, საღმრთო მოთხრობა, გადმოცემული ჩვენდამო წმიდათა მამათაგან, გვეტყვის ჩვენ, რომელ, ოდესაც ყოვლადწმიდა მარიამ შობითდან იყო მხოლოდ სამისა წლისა, მშობელთა მისთა, იოაკიმე და ანნამ, თანახმად აღთქმისა თვისისა, მიიყვანეს იგი იერუსალემს ტაძარსა შინა და მიაბარეს მუნ აღსაზრდელად, და იმ ჟამითგან იგი სწავლობდა საღმრთოსა წერილსა და ეჩვეოდა კეთილსა ზნეობასა. ეს არის ის შემთხვევა, რომელსა ჩვენ ახლა ვდღესასწაულობთ, ქრისტიანენო! მაშასადამე აწინდელი დღესასწაული ყოველთა მშობელთა, რომელთა უვიან ძენი და ასულნი და უყვარან იგინი, ასწავლის და აფრთხილებს, ადრითგანვე იფიქრონ სწავლა და აღზრდა მათი; ადრითგანვე დანერგონ გულთა შინა მათთა  ყოველი კეთილი ზნეობა და ჩვეულება. რა სახით უნდა აღასრულონ მათ ეს დიდი მოვალეობა? იოაკიმე და ანნამ თვისი მხოლოდშობილი ასული მიაბარეს ტაძარსა შინა მსახურთა ტაძრისათა; გარნა ეს იყო საკუთარი ღვთის განგებულება; ამას ყოველი მშობელი ვერ მიჰბაძავს და არცა გვაქვს ჩვენ ჩვეულებად მიბარება შვილთა ტაძართა შინა აღსაზრდელად. მაშასადამე როგორ უნდა მოიქცენ აწ მშობელნი? ისინი უნდა ეცადნენ, რომ თვით საკუთარი მათი სახლი და ოჯახი გარდაიქცეს საღმრთო საყდრად, აღმზრდელად და განმანათლებელად თვისთა შვილთა და ასულთა და ნაცვლად ტრაპეზისა მსახურთა თვით მშობელნი ადრითგანვე ზრდიდენ და ანათლებდენ თვისთა შვილთა.

 

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: