ნიკოლოზ მჟავანაძე: სირცხვილია, რომ ილიაუნის კარი მღვდელმსახურ თედორე გიგნაძისთვის დაკეტილია!
"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე შეშფოთებულია "ილიაუნის" რექტორის გიგა ზედანიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც უნივერსიტეტში მღვდელმსახურ თეოდორე გიგნაძეს რელიგიურ საკითხებზე ლექციების კურსის ჩატარება აეკრძალა.
"ადგილი აქვს სიტყვის და აზრის თავისუფლებასთან და აღმსარებლობის გავრცელებასთან საყოველთაოდ აღიარებული უფლების დარღვევას, ეს უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუცის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლში, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-9 მუხლში ვკითხულობთ, "ყველა ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების". ზემოხსენებული ნორმები უზრუნველყოფენ ყველა ადამიანის მიერ ამ მუხლებით მინიჭებული უფლებებით სარგებლობას და ამასთანავე, ნებისმიერი გზით მათი ხელყოფის აკრძალვას.
"ილიაუნის" რექტორის გიგა ზედანიას გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის გამოვლენა. რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლითაც ადამიანების ნებისმიერი სახის დიფერენცირება სასტიკად იქნა აკრძალული. საინტერესოა, რა აზრი აქვს მხოლოდ ქაღალდზე დატანილ ნორმას, თუკი რეალურად კვლავაც გვექნება დისკრიმინაციის გამოვლენის ფაქტები?" -განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ
"მოვუწოდებთ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, დროულად ჩაერთონ აღნიშნულ საკითხში, შესაბამისი ქმედებების განხორციელებით აღმოფხვრან დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტი მღვდელმსახურ მამა თეოდორეს და ასეულობით მართლმადიდებლის მიმართ. მთავარმა პროკურატურამ კი დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევასთან დაკავშირებით.
იმ დროს, როცა ერეკლე დეისაძის და სხვა ათასი ღვთისმგმობელისთვის "ილიაუნის" კარი ღიაა, იმავე უნივერსიტეტის კარი იხურება მღვდელმსახურისთვის, რომელსაც სურს, სტუდენტებს ლექციათა კურსი რელიგიურ საკითხებზე წაუკითხოს", - აცხადებს მჟავანაძე.