სოსო მანჯავიძე:-"უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს მთავრობის გაფრთხილებაა"
თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე უკრაინის ახალი მთავრობის დაკომპლექტებას ეხმიანება.
-"უკრაინაში რომ ამერიკული გავლენაა, ამაზე უკვე არავინ დაობს. შესაბამისად ის იდეა, რომ უკრაინელებმა კვიტაშვილზე და თუნდაც ზღულაძეზე უკეთესი კადრი ვერ მონახეს, სასაცილოა. ამერიკული გავლენა პირდაპირ გვეუბნება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კადრები მისი კადრებია და არც კი ერიდებიან უკრაინაში კონფუზს, როგორ შეიძლება უკრაინის მოქალაქეობის არმქონე პირები, პირები, რომლებმაც არც ენა იციან, უკრაინაში რატომ უნდა ინიშნებოდნენ თანამდებობებზე?! ეს გაფრთხილებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ამერიკელები "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ დევნას არ დაუშვებს. თუ გადავხედავთ იმასაც, რომ ლარი გაუფასურდა, სოციალური მდგომარეობა დამძიმდა, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეიძლება ეს იყოს კლასიკური მეთოდი რეჟიმის ცვლის, რომელიც აპრობირებულია მრავალ ქვეყანაში, ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, სერიოზულად მიუდგეს ამ პროცესებს. ლარის კურსის მერყეობამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური რყევა. სასწრაფოდ საჭიროა ენერგიული მოქმედებები, თუ ეს ასე არ იქნება, მივიღებთ შედეგს, რომელიც დღეს საქართველოში არავის არ უნდა აწყობდეს"-განაცხადა მანჯავიძემ "ივერიონის" პრესკლუბში.