ჯეიმს აპატურაი: რაც შეეხება საქართველოს, ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება!
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკის განცხადებას გამოეხმაურა. ბროკმა განაცხადა, რომ "ახლა არ არის დრო მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის NATO -ში გაწევრიანების საკითხის გახილვის".
აპატურაიმ მოკლედ მიმოიხილა სამივე ქვეყნის NATO-სთან ურთიერთობის კუთხით არსებული ვითარება.
"მოდით, ასე ვთქვათ - მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა და მას ნეიტრალურობის სტატუსის შეცვლაზე გეგმები არ გააჩნია. იქ არ დგას NATO -ს წევრობის საკითხი. უკრაინას რაც შეეხება, ნათლად და გამოკვეთილად არც მას მიუთითებია, რომ იგი უახლოეს მომავალში NATO -სკენ იმოძრავებს. უფრო მეტიც, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხაზი გაუსვა, რომ პირველი პრიორიტეტი ქვეყანაში რეფორმების გატარებაა. ჩვენ ვიზიარებთ მის ამ გამონათქვამს და ვთვლით, რომ მათი პრიორიტეტი რეფორმებია და დახმარებასაც გავუწევთ.
რაც შეეხება საქართველოს, აქაც ყველაფერი ნათელია, მაგრამ განსხვავებული თვალსაზრისით. ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება, ეს არის NATO -ს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველოს გადმოეცა, თავისი სტრუქტურით და არსით შედგენილია იმისთვის, რომ საქართველოს გაუწიოს დახმარება გაწევრიანების გზაზე", - განაცხადა აპატურაიმ.