ილია მეორე:-"ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს, დაეხმარონ, აპატიონ ან სახლი არ იყოს გაყიდული"

ილია მეორე:-"ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს, დაეხმარონ, აპატიონ ან სახლი არ იყოს გაყიდული"

  უწმინდესმა და უნტერესმა ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა ქადაგების დროს ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა და სთხოვა, ზამთარში ადამიანებს სახლების გარეშე ნუ დატოვებენ. პატრიარქმა გაჭირვებულ ხალხზეც ისაუბრა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოში მასთან ხშირად მიდიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ბანკში სესხის გამო სახლები დაკარგეს. უწმინდესმა ბანკების ხელმძღვანელებს მიმართა, ზამთარში მაინც ნუ გამოასახლებენ ამ ადამიანებს თავიანთი საცხოვრებლებიდან.


"ტაძარი ეს არის კარიბჭე სასუფევლთან. ბედნიერია ის ადამიანი და ოჯახი, რომელიც დგას ამ კარიბჭის წინ, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს ტაძრის მნიშვნელობას. ტაძარში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს, მადლი სულისა წმინდისა. მე მახსენდება, როდესაც ვიწყებდით წმინდა სამების ტაძრის მშენებლობას, როდესაც ჩვენ ტაძრის ასაშენებლად ამოვიღეთ ღრმული, ბევრი ფიქრობდა, რით უნდა ამოვსებულიყო ეს ღრმული, შევძლებდით თუ არა ტაძრის მშენებლობას. ჯერ კიდევ არაფერი არ იყო და ჩვენ ვგრძნობდით, რომ იმ ადგილზე განსაკუთრებული მადლი ტრიალებდა. ხალხს წასვლაც კი არ უნდოდა იქიდან. ღმერთმა ამოავსო და აგვიშენა ეს ტაძარი და ამასთან ერთად - ჩვენმა ხალხმა. საერთოდ რასაც აკეთებს ადამიანი, ეს არის მისი ავტოპორტრეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიწმინდის ძალა უხვად არის გადმოსული საქართველოზე. ყოვლადწმინდა სამების ტაძარი უფალმა აგვაშენებინა.

მინდა, გაჭირვებული ხალხის მდგომარეობას შევეხო. ხალხმა ბანკებში სესხები აიღეს და სახლები ჩადეს. ბანკს გამოყავს სახლიდან და ამ შუა ზამთარში ისინი გარეთ რჩებიან. ვთხოვ ბანკის ხელმძღვანელებს, ზამთარში მაინც ნუ გააკეთებენ ამას. მოდიან შემდეგ ეს ხალხი საპატრიარქოში და ამის გამო ტირიან. ვთხოვთ ბანკების ხელმძღვანელებს, დაეხმარონ, აპატიონ ან სახლი არ იყოს გაყიდული", - აღნიშნა უწმინდესმა.

უწმინდესი ქადაგებისას ბოლო პერიოდში მოსახლეობაში გამოვლენილ აგრესიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხალხს აგრესია მოედო და მათთვის სიმშვიდე და მოთმინება ითხოვა უფლისგან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: