ნინო ბურჯანაძე: არ მაინტერესებს, რაზე შეშფოთდება "ნაციონალური მოძრაობა"!
"არ მესმის - ისინი ვერ მიხვდნენ ამ განცხადების მნიშვნელობას, თუ გამომდინარე იქიდან რომ თავად არ აქვთ თავი ამ განცხადების რეალიზებისა, გაჩუმება არჩიეს. ", - აღნიშნული განცხადება "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
მისი თქმით, დღეს საზოგადოების ინტერესი უნდა იყოს მიპყრობილი იმ ინიციატივაზე, რომ საქართველოს მთავრობამ შესთავაზოს რუსეთსა და თურქეთს, ახალმა გაზსადენმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს.
"ეს ნამდვილად ისტორიული შანსია ქვეყნისათვის, ამოვიდეს უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა იმყოფება. ეს არის რეალური შანსი იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაალაგოს ურთიერთობები მეზობლებთანაც და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე სხვა სახელმწიფოებთანაც, რომლებიც ჩვენს სამეზობლოში არ არიან და მოიპოვოს სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შესაძლებლობა", -განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არ აპირებს რაიმე კომენტარის გაკეთებას "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებზე.
"მე არ მაინტერესებს, რაზე შეშფოთდება "ნაციონალური მოძრაობა", მე ვიცი, რომ ამ მოძრაობის ლიდერმა და მისმა ქმედებებმა დააქცია ქვეყანა და 2008 წლის ომი მოახვია თავს. ჩვენ როცა მოვალთ ხელისუფლებაში, უზრუნველვყოფთ, რომ სამართლიანობა აღდგეს ქვეყანაში, ასე რომ, "ნაციონალიური მოძრაობის" შიში ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის მიმართ ნამდვილად საფუძვლიანია", - განაცხადა ბურჯანაძემ.