არასამთავრობო ორგანიზაციები განათლების სამინისტროსგან სკოლებში რელიგიის სწავლების დაშვებას მოითხოვენ
42 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლებში, არჩევით საგანთა ნუსხაში, რელიგიის სწავლების დამატების მოთხოვნით მიმართავს და საკითხთან დაკავშირებით, დიალოგის დაწყებას და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.აღნიშნული განცხადება ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"დღეის მდგომარეობით, საქართველოში ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა მშობელთა და მოსწავლეთა ნაწილმა კონკრეტულ სკოლებში ქრისტიანობის სწავლება მოითხოვა, თუმცა, არჩევითი საგნების სიაში აღნიშნული დისციპლინის არარსებობის გამო, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება რთულდება. მიგვაჩნია, რომ ამით ირღვევა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით, თუმცა, ვიდრე სკოლებში მართლმადიდებლობის სწავლების დაშვების საკითხი სკოლის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი იქნება, ვერ შესრულდება კონსტიტუციური შეთანხმების მოთხოვნა",- განაცხადა ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილმა.