"პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში სიახლე არ არის"
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზოგიერთი უფლებამოსილების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გადაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში სიახლე არ არის, ვინაიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური სახდელის დადების, ასევე ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მივლინებებთან დაკავშირებით სათანადო ბრძანების გამოცემის უფლებამოსილებით 2012 წლის 1 ნოემბრიდან სარგებლობდა.
აღნიშნული ბრძანება, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის ბევრი სხვა ბრძანების განახლება, მთავრობის კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაქმნას უკავშირდება და არ გულისხმობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის დამატებითი ან ისეთი უფლებამოსილებების მინიჭებას, რომლითაც იგი აქამდე არ სარგებლობდა.
ანალოგიური შინაარსის ბრძანება, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, 2012 წლის 1-ლი ნოემბრით თარიღდება.