ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას დიდ ყურადღებას უთმობს!
"საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქართული სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებას", -განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ახალ სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და საქართველოს ხელისუფლების წინმსწრები ინფორმირებულობა რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
"გასულ წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურს არ ჰქონდა ხელისუფლების სათანადო მხარდაჭერა. რომ არა ამ სამსახურის მიმართ მათი არაჯეროვანი დამოკიდებულება, ჩვენი ქვეყანა ბევრ დიდ პრობლემას აიცილებდა თავიდან. დღეს საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს დაზვერვის სამსახურის გამართულ და ეფექტურ მუშაობას, რადგან ეს სამსახური უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.