ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზურ მხარესთან დიალოგის საშუალებით შევძელით და 30 გმირის ნეშტი გადმოვასვენეთ!

ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზურ მხარესთან  დიალოგის საშუალებით შევძელით და 30 გმირის ნეშტი გადმოვასვენეთ!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სადაც ბაბუშერას აეროპორტში მომხდარი თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 4 ქართველის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, განაცხადა, რომ მოქმედი მთავრობის დამსახურებაა, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ აფხაზებთან გართულებული ურთიერთობის ფონზე პირდაპირი დიალოგის საშუალებით 30 ცხედრის გადმოსვენება მოხდა.

"ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ქედს ვიხრი მათი ოჯახის წინაშე. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ქალბატონი ბელა ზალდასტანიშვილი, რომელმაც ღირსეულად ატარა და ატარებს ამ უდიდეს ტკივილს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


პრემიერის განცხადებით, წითელი ჯვარი უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისთვის და ამ პროცესში ჩართულია დევნილთა სამინისტრო და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო.


ღარიბაშვილმა ამ პროცესში აქტიურად ჩართულ პირებს, მათ შორის დევნილთა ყოფილ მინისტრს დავით დარახველიძესა და მოქმედ მინისტრს სოზარ სუბარს დიდი მადლობა გადაუხადა.


"ჩვენი მთავრობის დამსახურებაა ის, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ გართულებული ურთიერთობის ფონზე აფხაზებთან, ჩვენ აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით შევძელით და 30 გმირის ნეშტი გადმოვასვენეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში კიდევ 12 ადამიანის ნეშტის გადმოსვენება მოხდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: