უშველის თუ არა ქვეყანას ივანიშვილის ახალი „რეფორმები“?!

უშველის თუ არა ქვეყანას ივანიშვილის ახალი „რეფორმები“?!

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე, აფასებს რა საქართველოს დღევანდელ კრიზისულ სიტუაციას, ამ სირთულეების დასაძლევად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აუცილებლობად მიიჩნევს.

 

კირვალიძის თქმით, ივანიშვილმა, თავისი „მოკლული ძაღლი“ თვითონვე უნდა გადაათრიოს და ქვეყანა მოსალოდნელი კატასტროფისგან უნდა იხსნას!

 

პოლიტოლოგი ბოლომდე ვერ აკონკრეტებს, თუ რა ფორმითა და ხერხებით შეუძლია ივანიშვილს ამის გაკეთება და საერთოდ, აქვს თუ არა მას მორალური უფლება და რაც მთავარია, პოლიტიკური რესურსი თავისივე ნებით (თუ უნებლიეთ) შეყვანილი ჩიხიდან გამოიყვანოს ქვეყანა?!

 

დღეს საზოგადოების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პოლიტიკიდან ნაჩქარევად წასული მილიარდერი კულისებიდან მართავს საქართველოს და აქედან გამომდინარე, პასუხისმგებელია ყველა იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში ხდება. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებენ: ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყო, ასეთ უკიდურესად რთულ რეალობამდე არ მივიდოდით!..

 

პირადად მე ამ უკანასკნელთ ვერ დავეთანხმები - ვერ დავეთანხმები იმ უბრალო ჭეშმარიტების გამო, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში თითქმის იგივე გუნდია, რაც მან პოლიტიკიდან წასვლისას დატოვა _ იგივე „კარგი“ და „ძალიან კარგი“ მინისტრები (ყოველ შემთხვევაში სახელს და გვარს მნიშვნელობა არა აქვს) - ყველანი იმ გუნდის წევრები არიან, რომელიც პოლიტიკაში შემოსვლისას თავად ივანიშვილმა აირჩია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ (ასეთი აზრია საზოგადოებაში), ივანიშვილის თანხმობის გარეშე დღეს საშუალო რანგის თანამშრომლებიც არ ინიშნებიან, დასკვნა მარტივია: ივანიშვილი ან პოლიტიკურ მენეჯმენტში მოიკოჭლებს ან ზუსტად ისე იქცევა, როგორც მას თავის დროზე უკარნახეს!!!

 

„გაგდებული თავები“ თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის გადაფარვის მცდელობა?!

 

ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილს მეტის მოთმენა უკვე აღარ შეუძლია და ახლა ჯავრს იმ მაღალჩინოსნებზე იყრის, რომლებმაც შეარყიეს მისი რეპუტაცია და ქვეყანა ასეთ კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანეს.

 

მავანთა აზრით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რის დასტურადაც ჯანყარაშვილის და შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გადაყენებას ასახელებენ.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ლარის კურსის გაუფასურებამ საზოგადოებაში პანიკასთან ერთად დამატებითი კითხვები დღევანდელი ხელისუფლების მიმართ გააჩინა - ბევრი დარწმუნებულია, რომ ეს „რყევა“ ხელოვნურია და ვიღაცები ამ მანიპულაციებით გაღატაკებული ხალხის ხარჯზე თავიანთ ჯიბეს ისქელებენ!

 

უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ უახლოეს დღეებში თანამდებობების დატოვება უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკებსაც მოუწევთ და რაც მთავარია, საკადრო ცვლილებებით მოხდება ე.წ. „კახური კლანის“ დასუსტება, რაც ავტომატურად ღარიბაშვილის ფლანგის დასუსტებასაც გამოიწვევს. თუ ქართულ ჭორბიუროს (მედიას) ვერწმუნებით, ჯერჯერობით ეს სურათია და ფილმის დასასრული თვით ღარიბაშვილის გადაყენება იქნება, რომელსაც სავარაუდოდ სერგეენკო შეცვლის!

 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სიმპათიები არსებობს, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ვერ ვიტყვით, რომ მთავრობა ეფექტურად მუშაობს, ან ღარიბაშვილის (ივანიშვილის) მიერ განხორციელებული საკადრო პოლიტიკა ოპტიმალურია.

 

როგორც ვთქვით, ახალგაზრდა პრემიერის იმიჯს დაღს ასვამს მითი მთავრობაში „კახური კლანის“ არსებობაზე, რომლებიც მავანთა მტკიცებით, ხეირიანად აფათურებენ ხელს სახელმწიფო ბიუჯეტში - საუბარია ყბადაღებულ ე.წ. წინასწარ მოგებულ ტენდერებზე, საიდანაც დიდი ფული იჭრება თურმე. ამასთან, საუბარია ბიზნეს-წილების გადანაწილებაზე და ბიზნესის ლობირებაზეც.

 

ქართული მედია უკვე ასახელებს ღარიბაშვილის შემცვლელსაც - მხედველობაშია დავით სერგეენკო, რომელიც არანაკლები ნდობით სარგებლობს ივანიშვილის კარზე და რომელსაც ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევის დანერგვა უკავშირდება!

 

თუმცა, არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია - ჯერ ერთი, პრემიერის გადაყენება ავტომატურად იწვევს მთლიანად მთავრობის გადადგომას, რაც გარკვეული დილემის წინაშე აყენებს  ივანიშვილს - პარლამენტში არსებული „ქვედა დინებების“ და პრეზიდენტთან არც თუ ისე დალაგებული ურთიერთობის გამო მას არა აქვს გარანტია, რომ ახალ მთავრობას უპრობლემოდ გაიყვანს. მეორეც, დღევანდელმა ხელისუფლებამ სულ ორ წელიწადში იმდენად მოახერხა „მარგინალიზება“, არა მგონია, სერგეენკომ და „ძმანმა მისმა“ (ვინც არ უნდა წარმოადგინოს მინისტრებად) სერიოზული გარღვევა მოახდინოს შექმნილი კრიტიკული სიტუაციის ნორმალიზებაში.

 

დიახ, რეალური სიტუაციის გათვალისწინებით „თავების გაგდების“ პოლიტიკა ვერ იქნება ის აუცილებელი თერაპია, რომელიც ამ ხელისუფლებას „კომიდან“ გამოიყვანს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ივანიშვილის გუნდიდან „სალამური“ ვერ გამოითლება და ე.წ. საკადრო კარუსელი მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის დროებით გადაფარვას და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალში ნაცრის შეყრას მოემსახურება!

 

გაქცეული ალასანია და ჩასაფრებული„ რესპუბლიკელები“

 

ახლა ყველა აღიარებს, რომ ივანიშვილმა მყარი პოლიტიკური გუნდი ვერ შექმნა და შეიძლება ეს შეცდომა ბუმერანგივით უკან დაუბრუნდეს!

 

თუმცა, მაშინ, როცა ქართველი მილიარდერი პოლიტიკაში შემოვიდა, საზოგადოება  ერთადერთი მოტივით მის პოლიტიკურ ალღოზე თვალს ხუჭავდა - მთავარი ამოცანა სააკაშვილის რეჟიმის მოშორება იყო.

 

დიახ, ბევრი ივანიშვილის არჩევანს (ალასანია-რესპუბლიკელების მის გუნდში ყოფნას) უკიდურესი აუცილებლობით ხსნიდა - ლიბერალური ფრთის კოალიციაში შემოყვანით მან „კოჭი გაუგორა“ დასავლეთს (ამერიკას) და მითი მის პრორუსულობაზე ამით დაამსხვრია!

 

ის, რომ ალასანიას ნდობა არ შეიძლებოდა, ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში ვწერდი (გაზეთი „რეზონანსი“, 30 ოქტომბერი; „ომახიანი გზავნილი ჭორვილადან, ანუ საქართველო ისევ მესიის მოლოდინშია!“). „რაც შეეხება ალასანიას, მან დღემდე ვერ შეიძინა სანდო და დასაყრდენი პოლიტიკოსის იმიჯი, საზოგადოებაში მას იცნობენ, როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც არა აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრინციპები და პოლიტიკურ ორბიტაზე ინსტრუქციის შესაბამისად ტივტივებს!..“

 

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს სიტყვები ახდა - ალასანიამ ივანიშვილი გამოიყენა იმისთვის, რომ დაჩაგრული კონსტრუქციული ოპონენტის იმიჯით ესარგებლა და საზოგადოებისთვის ეჩვენებინა: მისთვის მთავარი თანამდებობა კი არ არის, არამედ დასავლური სტანდარტების, დასავლური ორიენტაციის ერთგულებაა, რომელსაც შეიძლება საფრთხე შეექმნას! არ გამოვრიცხავ, ეს ნაბიჯიც სწორედ იმ ინსტრუქციის ნაწილია, რომელი ინსტრუქციითაც იგი თავის დროზე დაბრუნდა ამერიკიდან.

 

ვინც ირაკლი ალასანიას მომავლის პოლიტიკოსად მოიაზრებს, მას საერთოდ არა აქვს წარმოდგენა პოლიტიკაზე და მითუმეტეს, ანტიქართულ პერსპექტივისკენ უბიძგებს ქვეყანას!

 

რაც შეეხება „გადაცმულ ნაციონალებს“, იგივე „რესპუბლიკელებს“, ისინი დღემდე ჩასაფრებულის პოზაში არიან და საჭირო დროს ეძებენ, რომ საკუთარი მისია ბოლომდე შეასრულონ. დიდი ალბათობით, მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ კოალიციაში „რესპუბლიკელების“ „არშიყმა“ მომავალ არჩევნებამდე ვერ გასტანოს. ისე, სადაც ვიწროა, იქ უნდა გაწყდეს და რაც ადრე დატოვებენ ისინი კოალიციას, მით უკეთესი იქნება ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირებისთვის, სადაც მათი ადგილი ნამდვილად არ იქნება!

 

ადრეც ვწერდი და ახლად ვიმეორებ: რაც არ უნდა მოუძებნონ ივანიშვილის იმდროინდელ გადაწყვეტილებას გამართლება, მან ორპოლუსიანი სისტემის დამკვიდრებით („ნაცები“, „ქართული ოცნება“) დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი დაასაჭურისა და ზოგადად პოლიტიკაზე მონოპოლია გამოაცხადა. ფაქტია ისიც, რომ მისი კეთილი ნების გარეშე ახალი ძალების შემოსვლაც ფაქტიურად შეუძლებელია.

 

აქსიომაა: ივანიშვილი პოლიტიკურ მენეჯმენტში ისეთივე წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორც ბიზნესში - დღეს იგი სერიოზული დილემის წინაშე დგას და კიდევ ერთი შეცდომა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მისთვის.

 

„მეფისნაცვლები“ საქართველოში და დაბრმავებული საზოგადოება

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, „დამოუკიდებელ“ საქართველოშიც „მეფისნაცვლის“ ინსტიტუტი შესანიშნავად მუშაობს - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფორმალურად „ვირჩევთ“ პარლამენტს და პრეზიდენტს, ზუსტად იმას გვინიშნავენ, ვინც ყველაზე მეტად მოერგება მოცემულ მომენტში უცხო ქვეყნის ინტერესებს. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ სპეცსამსახურების მიერ სწორედ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დაიწყო „ახალი ერა“ საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქვეყანაში დასაბამი დაუდო ფარისევლობას და ძალადობას!

 

სწორედ იმ სამხედრო გადატრიალების გაგრძელება იყო „ვარდების რევოლუციაც“, რომელმაც დაბრმავებული საზოგადოების ხელშეწყობით „მწვანე შუქი“ აუნთო დუჟმორეული სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას.

 

სამწუხაროდ, ხალხის ჯანსაღ ნაწილს ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ სააკაშვილში არა აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობის დამცველი, არამედ, ნამდვილი კანიბალი დაენახა, რომელიც მზად იყო უყოყმანოდ დაეთმო ყველაფერი (მათ შორის, ტერიტორიებიც), ოღონდ, მის უკიდეგანო ამბიციებს საფრთხე არ დამუქრებოდა.

 

დაშინებულ-გაბითურებულ საზოგადოებას ივანიშვილის სახით ახალი „მიწიერი მესია“ მოევლინა, რომელსაც საკმარისი რესურსი ჰქონდა შეემუსრა „ნაციონალური ჯოჯოხეთი“. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის გუნდელების მიმართ აღფრთოვანებას თითქმის არავინ გამოხატავდა, ხალხმა ეს ყველაფერი „გადაყლაპა“ და... მიიღო ის, რაც მიიღო!..

 

დღეს საქართველო არანაკლები გამოწვევის წინაშე დგას. თუ საზოგადოება ყურებს ახლაც არ გამოიბერტყავს და ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს, შეიძლება ისევ ჩიხში შევიდეთ, საიდანაც გამოსვლა დიდხანს გაგვიჭირდება!

 

როგორ შეიძლება გადარჩეს ივანიშვილი?!

 

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, თუ წინასწარ დაწერილი სცენარის ნაწილი არ არის, მაშინ არ გამოვრიცხავ, ივანიშვილი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს - რაც არ უნდა სამთავრობო კარუსელი დატრიალდეს, ეს მსუბუქი თერაპიის ფუნქციასაც ვერ შეასრულებს. მითუმეტეს, ივანიშვილის გუნდში რეალური საკადრო რესურსები არ არის. ძალიან მყიფეა კოალიციაც, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება დაიშალოს!

 

ცალკე საუბრის თემაა იმ  მაღალი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც აქამდე მიიყვანა ქვეყანა და შექმნა მწარე რეალობა - მხედველობაშია გასუქებული ჩინოვიკები და კიდევ უფრო დამშეული საზოგადოება!

 

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუ როგორ აიწყვეს პირადი ცხოვრება ივანიშვილის ჩინოვნიკებმა და როგორ ჩაანაცვლეს „ნაციონალური“ კლანები ახალი ხელისუფლების კლანებმა!

 

აქედან გამომდინარე, ქართულ მედიაში გავრცელებული ხმები, რომ ივანიშვილი ბევრ ჩინოვნიკს „თავს გააგდებინებს“, „თავის გაგდება“ მარტო თანამდებობების დატოვებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს - ასეთი მიდგომა კიდევ უფრო ამძაფრებს დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას ქვეყანაში!..

 

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ჩემის აზრით, ელემენტარული ღირსების მქონე საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას - საქართველო საექსპერიმენტო ქვეყანა არ არის - მან ერთხელ უკვე დაგვანახა, თუ როგორი „ხვითოა“ იგი პოლიტიკაში და მეორედ მინდობა ქართველი საზოგადოების გილიოტინაზე საკუთარი სურვილით ასვლის წინაპირობა იქნება!

 

ზემოთხსენებულ სტატიაში ჯერ კიდევ 3 წლის წინ ვწერდი, რომ მილიარდერის აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლა არ იყო გამართლებული და გამონაკლისი არც ივანიშვილი იქნებოდა (პოლიტიკას ქმნიან მილიარდერები, მაგრამ თვითონ არ მიდიან პოლიტიკაში). რამდენადაც ვიცით, ივანიშვილის პოლიტიკიდან ნაადრევი წასვლაც სწორედ მის მილიარდერობას უკავშირდება!.. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, მსოფლიო პოლიტიკური ელიტა ოლიგარქის პოლიტიკურ ლიდერობას არ ცნობს!

 

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ქართველი ერის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის, მან ამჯერად სხვა გზა უნდა აირჩიოს. აქედანვე უნდა იფიქროს (თუ უკვე ნაფიქრი არა აქვს) ახალი გუნდის  ჩამოყალიბებაზე და მთლიანად უნდა გათავისუფლდეს ძველი „ბაცილებისგან“ - უარი უნდა თქვას, არა მარტო დღევანდელ მთავრობაზე, არამედ, საპარლამენტო კოალიცის ძირითად შემადგენლობაზეც და ახალი ძალების ფორმირება უნდა დაიწყოს (უპირველესად იმიტომ, რომ მას მხოლოდ ფინანსური რესურსი გააჩნია!). ოღონდ, ახალი ერთობა იმ ადამიანებით უნდა შეივსოს, ვინც დღემდე არ ტივტივებდა პოლიტიკურ ზედაპირზე და ვისაც ბინძური პოლიტიკური წარსული არ ამძიმებს!

 

თუმცა, როცა ახალ გუნდზე, ახალ ენერგიაზე ვსაუბრობთ, ბევრს ლოგიკურად უჩნდება კითხვა: ვინ არის ეს ახალი ძალა, რომელმაც შეიძლება ჩაანაცვლოს დღევანდელი მარგინალიზებული ქართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტი?

 

პასუხი მარტივია: ეს ის ძალაა, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული თანამედროვე გლობალური პოლიტიკის სირთულეები, მზად არის ანგარიში გაუწიოს არსებულ რეალობას და ბალანსის პოლიტიკით პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს როგორც დასავლეთთან, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ისე, რომ არ დაზარალდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები!..

 

ბოლო ორმა წელიწადმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ცალმხრიცი საგარეო პოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მაღალ ტემპერატურამდე აწევა ახალ სირთულეებს უჩენს საქართველოს. აქედან გამომდინარე, აშკარა პროდასავლური ან პრორუსული კურსით კიდევ უფრო დავამძიმებთ ისედაც დამძიმებულ სიტუაციას.

 

დაგვანახა ისიც, რომ ამ მთავრობას არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავი ფუყე რიტორიკით იფარგლება!..

 

P.S. ზემოთხესენებულ სტატიაში, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას მიეძღვნა, საკმაოდ თამამი, თუმცა იმ დროისთვის „არაადეკვატური“ პროგნოზები გავაკეთე. სამწუხაროდ, თითქმის ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ვივარაუდე, მხოლოდ ერთ რამეში შევცდი: გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში შემოსვლით ფული არ აინტერესებდა, პირიქით, ის მზად იყო საკუთარი კაპიტალიც ჩაედო, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოსულიყო (თვითონაც რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ასე მოიქცეოდა).

 

ეს ასე არ მოხდა - ქვეყანა ჩიხში უფრო მეტად შევიდა და ამაზე სწორედ ივანიშვილია პასუხისმგებელი - მან სახელმწიფოს მართვა ბიზნესის კანონებით მოინდომა - დღეს მიუხედავად მოჩვენებითი რყევებისა, საქართველოში ეკონომიკაც და პოლიტიკაც მონოპოლიზებულია და ამ მონოპოლიისგან განთავისუფლების ნებაც არ ჩანს - თუ ივანიშვილმა ტაქტიკა არ შეცვალა, ამ ფონზე, არ გამოვრიცხავ, ის თავისივე დაგებულ ხაფანგში თვითონვე გაებას, რაც ძალიან ძვირად დაუჯდება მასაც და საქართველოსაც!

 

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: