"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადავა
2015 წლის ზაფხულში "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადავა. ის ასევე განაგრძობს საქმიანობას "საქართველოს ბანკის" ჰოლდინგის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნულზე ბანკში დღეს გამართულ ბირიფინგზე ისაუბრეს და ცვლილება "საქართველოს ბანკში" ჯგუფის სტრუქტურის განახლებითა და არაპროფილური აქტივების საბანკო საქმიანობისგან გამიჯვნით ახსნეს.
"საქართველოს ბანკის" ჯგუფის განახლებული სტრუქტურის თანახმად, განხორციელდება იურიდიული რესტრუქტურიზაცია და საბანკო-საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. "საქართველოს ბანკი" სრულად ფოკუსირდება საბანკო საქმიანობაზე. არასაბანკო ბიზნესი კი გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებად და შევა "საქართველოს ბანკის" ჰოლდინგის პირდაპირ დაქვემდებარებაში. შედეგად, არასაბანკო ბიზნესი საქმიანობას განაგრძობს "საქართველოს ბანკისგან" დამოუკიდებლად", - განაცხადა ირაკლი გილაურმა.
რაც შეეხება ბანკის მომავალ დირექტორს მურთაზ კიკორიას, იგი "საქართველოს ბანკში" 2008 წლიდან მუშაობს. იგი თავდაპირველად გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა შესაბამისობის დარგში. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, სპეციალობით ფინანსები და კრედიტი, ფლობს ბაკალავრის ხარისხს.