გიორგი კობახიძე: "ხელისუფლებამ არ იცის რა უპასუხოს ნინო ბურჯანაძის ინიციატივას"

გიორგი კობახიძე: "ხელისუფლებამ არ იცის რა უპასუხოს ნინო ბურჯანაძის ინიციატივას"

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრის გიორგი კობახიძის განაცხადებით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად შესაძლოა, სწორედ ნინო ბურჯანაძის ინიციატივა და მისი განხორციელება იქცეს.

 

   -"ყველას მოგეხსენებათ, ევროკავშირის ძალისხმევით ბულგარეთმა "სამხრეთის ნაკადის" გაზსადენის საკუთარ ტერიტორიაზე გატარებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში ჩავიდა, თურქეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართა და შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის გავლით თურქეთი-საბერძნეთის მიმართულებით ალტერნატიული გზა მოიძებნებოდა. ჩვენ კი ხელისუფლებას შევთავაზეთ, რომ საქართველოს ამ გეგმაში თავის როლი ეპოვა და როგორც თურქეთის, ისე რუსეთის სახელმწიფოებისთვის შეეთავაზებინა, რომ ამ მილსადენს საქართველოს ტერიტორიაზე გაევლო", - განაცხადა კობახიძემ.

 

   მისივე აზრით, ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში ქვეყანა მოიგებს როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად.  

 

   "პოლიტიკური თვალსაზრისითაც ვფიქრობთ,  ეს ძალიან მომგებიანი იქნება. რა თქმა უნდა, გარანტია არაფერში არ არის და ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ თუკი რუსეთთან ამ მიმართულებით გარკვეულ ურთიერთობებში შევალთ, ის მიტაცებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით  თავის ყველა გადაწყვეტილებას მაშინვე უკან წაიღებს  და საქართველო გამთლიანდება. მაგრამ თუ ახლო მომავალში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიღწევადია, მხოლოდ ამ გზით. სხვა გზა არის ომის გზა, ომის გზა კი საქართველოსთვის დასაწყისშივე გამორიცხული პერსპექტივაა. რუსეთთან ურეთიერთობების მოწესრიგებას დასავლური პარტნიორებიც გვირჩევენ", - აღნიშნა კობახიძემ. 

 

   მისივე განმარტებით, თურქეთი ნატო-ს წევრია და საქართველოზე ბევრად ადრე მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, 

 

   ისიც მოტივირებულია, რომ ევროკავშირის პარტნიორებს თავი მოაწონოს, მაგრამ ის რუსეთთან თანამშრომლობაზე  მაინც მიდის იმიტომ, რომ მისთვის სახელმწიფო ინტერესები მთავარია. 

 

   "ჩვენ ამ საკითხში დამატებითი სახელმწიფოს როლი შეგვიძლია ვითამაშოთ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ჩვენს დასტურს ან უარს ეს პროექტი არ ელოდება, ის მაინც განხორციელდება. ისინი ამას მაინც აკეთებენ. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დგას. ახლა გადასაწყვეტია ჩვენი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანია, თუ არა. მე ვერ გავიგე მედიასაშუალებების პოზიცია, რატომ არ ისმება კითხვები, რატომ არ კითხეს გუშინ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილს თუ რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე, იქნებ მათ დაგვარწმუნონ საწინააღმდეგოში. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ამ საკითხზე თავის პოზიციას არ აფიქსირებს. მათ ეშინიათ იმის, რომ რამე არ შეეშალოთ. არ იციან რა საწინააღმდეგო არგუმენტები დაგიპირისპირონ, ხოლო გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობის უნარი სამწუხაროდ, არც ერთს არ გააჩნია. ჩვენ არ ვართ აჩემებული პოზიციების მქონე ადამიანები. ჩვენ მხოლოდ გამოსავალს ვეძებთ არსებული სიტუაციიდან. თემა განხილვის საგანი არ ხდება. მე ეჭვი მიჩნდება, რომ მედიასაშუალებების მესვეურები ხელისუფლებასთან შეთანხმებით ცდილობენ ამ თემის მიჩუმათებას ან საერთოდ მოკვლას", - განცხადა კობახიძემ.

 

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ისტორიული შანსი უნდა გამოიყენოს და რუსეთს-თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა შესთავაზოს. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, მათ შორის ევროპაშიც, მოიტანს სერიოზულ პოზიტიურ ეკონომიკურ ძვრებს და გაამყარებს ქვეყნის სტაბილურობას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: