გიგლა ბარამიძე: მიმართავ ხელისუფლებას, იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეთ!

გიგლა ბარამიძე: მიმართავ ხელისუფლებას, იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეთ!

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, ნინო ბურჯანაძის ინიციატივა, რომ ხელისუფლებამ რუსეთსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზსადენის გაყვანა უნდა შესთავაზოს პრაგმატულია.

"როგორც იცით, "სამხრეთის ნაკადის" პროექტი შეიცვალა. რუსეთიდან მომავალი გაზსადენის თავის ტერიტორიაზე გატარებაზე ბულგარეთმა უარი თქვა. ამის შემდეგ პროექტი შეიცვალა და დღის წესრიგში ახალი მიმართულების მშენებლობა დადგა. საკითხი თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე გადაწყდა კიდეც. აქ ძალიან საინტერესო იყო ჩვენი ინიციატივა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით ყოფილიყო შესაძლებელი და არა შავი ზღვის გავლით. ძნელია, ამ პროექტზე წინასწარ ისაუბრო, მაგრამ საკითხის დაყენება მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის პროექტები თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების არმქონე და საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დარეგულირების დაწყებას გარკვეულწილად ხელს უწყობს. ამდენად მისი უმაღლეს დონეზე განხილვა, ვფიქრობ, აუცილებელი იქნება. საოცარია ამ საკითხზე ჩვენი ხელისუფლების სრული დუმილი. ისინი ხელფასებისა და პრემიების დარგების გარდა, ყველა საკითხზე დუმან", - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით,  ჩვენ  ქვეყანას გეოპოლიტიკური სტრატეგიული მნიშვნელობა დავუკარგეთ.

"ძლიერი ქვეყნებიც კი ნებისმიერ პრობლემატურ საკითხს ეროვნული, სახელმწიფო ინტერესებისთვის იყენებენ. მე მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას -იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეთ. ჩვენ ჩვენს ქვეყანას გეოპოლიტიკური სტრატეგიული მნიშვნელობა დავუკარგეთ. რატომ გვგონია, რომ ყოველთვის მთხოვნელის პოზიციაში უნდა ვიყოთ. მე ვფიქრობ, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და არა ვინმეს საფეოდალო ან საგრაფო", - აღნიშნა ბარამიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: