ღრმა პროფესიონალიზმი, შინაგანი „ამბოხი“ და დაგმანული კედელი! (ვახტანგ დავითაია - 90)

ღრმა პროფესიონალიზმი, შინაგანი „ამბოხი“ და დაგმანული კედელი! (ვახტანგ დავითაია - 90)

ჩემი პროფესიის წყალობით, არაერთ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ. ზოგს პროფესიონალიზმით მოვუხიბლივარ, ზოგსაც კეთილადამიანური თვისებებით და საკუთარი ცხოვრების პრინციპებით, მაგრამ ძნელად იპოვი ადამიანს, ორივე თვისება ერთნაირად რომ ამკობდეს და ალამაზებდეს!


მქონდა ბედნიერება ასეთ პიროვნებას შევხვედროდი, თუმცა, არა მარტო შევხვედროდი, არამედ მისი რამდენიმე სქელტანიანი წიგნის რედაქტორ-გამომცემელიც ვყოფილიყავი...


ინტენსიურმა ურთიერთობამ იმდენად დამაახლოვა, უკვე საუკეთესო უფროს მეგობრად მეგულება. მასში ბევრი საერთო ინტერესებიც აღმოვაჩინე, განსაკუთრებით, პატრიოტულ სულისკვეთებას და შეუვალობას ვგულისხმობ - არასდროს არავის ნავში ჩამჯდარა და საკუთარი პრინციპები კომფორტზე არ გაუცვლია. პირდაპირია, მაგრამ ზომიერების გრძნობა არასდროს ღალატობს!
ღირსეულ ქართველზე, საერთაშორისო დონის არქიტექტორზე, ვახტანგ დავითაიაზე მოგახსენებთ.


მცირე დოსიე:


დაიბადა სენაკში, დაამთავრა სენაკის I ვაჟთა სკოლა.
მამა - ვლადიმერ დავითაია - პედაგოგი, სკოლის დირექტორი.
დედა - ნეონილა (ლოლა) ნიკურაძე - პედაგოგი.
პროფესიით - არქიტექტორი.
ოჯახი - მეუღლე - ნათელა გაჩეჩილაძე, უცხო ენის სპეციალისტი.
ჰყავს 2 ქალიშვილი - მაია და თეა დავითაიები, 5 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი.
15 სქელტანიანი წიგნის ავტორია (ძირითადად არქიტექტურაზე).


დღეს, უკვე საერთაშორისო დონის არქიტეტორი იხსენებს, რომ მისი პროფესიული არჩევანი შემთხვევითი იყო - მშობლები ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაბარებას ურჩევდნენ, რაც არ მოსწონდა. თვით მშენებლის პროფესიის დაუფლებით იყო დაინტერესებული, მაგრამ განგების წყალობით, პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ხატვა არ ეხერხებოდა, პრობლემა უმოკლეს ვადაში დაძლია და ფაკულტეტის წარჩინებული სტუნდენტიც გახდა. პროფესიული აღმავლობა ახალგაზრდობის წლებშივე დაიწყო - სადიპლომო ნამუშევრის დაცვის შემდეგ, მოსკოვში გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ კონკურში მიიღო მონაწილეობა და 10 გამარჯვებულს შორის დასახელდა. იქ გაიცნო მსოფლიო არქიტექტურის ტიტანი: კიმო კუროკავა.


ვახტანგ დავითაია: იღბლიანი კაცი ვარ, ისეთი გზა გავიარე და ისეთ წარმატებას მივაღწიე, ოცნებაშიც რომ ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი პროფესიული აღმავლობა ძირითადად დღევანდელ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს, მაშინდელ გეპეი-ს უკავშირდება. იქვე დავამთავრე ასპირანტურა, მაგრამ დისერტაცია არ დამიცავს - იმ დროს პოლიტექნიკურში საპროექტო ბიურო გაიხსნა და მის ხელმძღვანელად დავინიშნე, თან არქიტექტურის კათედრაზე ვიყავი პედაგოგად, შემდეგ კათედრის გამგედაც ამირჩიეს ისე, რომ სამეცნიერო ხარისხიც არ მქონდა - პირდაპირ დოცენტის წოდება მომანიჭეს. შემდეგ და შემდეგ, იყო წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე.


ბატონი ვახტანგი ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს, იყო საერთაშორისო აკადემიის მოსკოვის განყოფილების პრეზიდიუმის წევრიც, ამასთან, რუსეთის არქიტექტურისა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. და ეს ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა...


იგი, როგორც მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი, სისტემატურად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში და ბიენალებში - ზედიდზედ გახდა მე-2 და მე-3 ბიენალეს ლაურეატი. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართველი არქიტექტორის აღიარება მოსკოვის გვერდის ავლით ხდებოდა, რაც მაშინ განსაკუთრებული მოვლენა იყო.


იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა კოლეგებში და დამსახურებულად იკავებდა კუთვნილ ადგილს მსოფლიო დონის ისეთ არქიტექტორებს შორის, როგორებიც იყვნენ კიშო კუროკავა, არატაი სოზაკი, კიკუ ტაკე (იაპონია), რიჩარდ ინგლანდი (მალტა), იუსტუს დაჰინდენი (შვეიცარია), სტოილოვი (ბულგარეთი).


კითხვაზე, რომელი ქვეყნის არქიტექტურა ხიბლავს ყველაზე მეტად, მპასუხობს:


ვახტანგ დავითაია: განსაკუთრებულად მაოცებდა იაპონია, რომელსაც კულტურისა და არქიტექტურის თვალსაწიერად მივიჩნევ. შემდეგ ადგილზე მოდიან იტალია, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთი და სკანდინავიის ქვეყნები.


ეპოქებს საკუთარი სტილი ახასიათებს არქიტექტურაშიც. სამწუხაროდ, დაირღვა სტილების ეპოქა და არქიტექტორების არქიტექტურაზე გადავიდა - ყველა ცდილობდა ყოფილიყო თვითმყოფადი (თავისუფალი თავის შემოქმედებაში) მაგრამ ამან საოცარი სიჭრელე მოიტანა. დღეს არქიტექტურა ფაქტიურად უსისტემოა. ეს ალბათ თანამედროვე ეპოქის ხარკად შეიძლება ჩაითვალოს!


საბჭოთა კავშირი თითქოს ყველასთვის ერთნაირად დაინგრა და განადგურდა, მაგრამ საქართველოსთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდა - თითქოს მიზნად დავისახეთ არანაირი მემკვიდრეობა არ დარჩენილიყო. დღეს სიტყვა „მემკვიდრეობა“ ლამის გინებად ითვლება. საქართველოს დიდი რენესანსი ჰქონდა კულტურისა და ხელოვნების ყველა სფეროში, მათ შორის, არქიტექტურაშიც. ასე რომ გაგრძელებულიყო მაღალ სიმაღლეზე ავიდოდით. სწორედ მეოცე საუკუნის მიღწევებით გაიცნო მსოფლიომ საქართველო, ჩვენ კი არათუ განვითარებაზე ვფიქრობთ, არამედ იმ მონაპოვარსაც ვერ ვინარჩუნებთ!


ბატონი ვახტანგი ხაზგასმით ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოსთან მისი არქიტექტურული მოღვაწეობა უფრო ნაყოფიერი იყო, თუმცა, საქართველოში ყველა კრიტერიუმი მოიშალა და ქვეყანა უკუსვლით წავიდა - მოიშალა იმიტომ, რომ მთლიანად შეიცვალა შეხედულებები და დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ, მათ შორის, არქიტექტურის მიმართაც.


კითხვაზე: რომელი ხელისუფლების დროს უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა არქიტექტურას საქართველოში, მპასუხობს:


ვახტანგ დავითაია: რაც არ უნდა გაგიკვირდეს, ჩემი პროფესიული აღმავლობა ედუარდ შევარდნაძის ეპოქას უკავშირდება. შევარდნაძეს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებთან და სტიმულსაც გვაძლევდა.


რაც შეეხება გამსახურდიას, მიუხედავად იმისა, მისი პირველკაცობა ხანმოკლე აღმოჩნდა, გაორებული ვიყავი მის მიმართ - ჩემთვის მისაღები იყო გამსახურდიას იდეები, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელი მეჩვენებოდა მისი გარემოცვა. დიახ, ბოლომდე კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა მისი გარემოცვის მიმართ...


სააკაშვილის ეპოქა შეიძლება შევაფასო ავტორიტარიზმისა და გაუგებრობის ეპოქად. სწორედ მას მივუძღვენი წიგნი „ავტორიტარიზმის არქიტექტურული ანატომია“, სადაც მკაფიოდ ჩამოვაყალიბე საკუთარი დამოკიდებულება სააკაშვილის რეჟიმის მიმართ - მან საერთოდ წიხლი ჰკრა ყოველგვარ ეროვნულს და პროფესიონალიზმს და თვითონ მოგვევლინა საქართველოს მთავარ არქიტექტორად. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან მისი საგმირო საქმეებიდან.


ელგუჯა ამაშუკელის ძეგლი ქუთაისის ცენტრიდან გადაიტანა სადგურზე, მონუმენტი ლენინის ძეგლის საძირკველზე დგას.


მან და უგულავამ დავით აღმაშენებლის ძეგლი „ივერიის“ მიმდებარე ტერიტორიიდან სადღაც ტრასაზე მოისროლა და ამ ვებერთელა ჩანაფიქრს ფუნქცია დაუკარგა. სამწუხაროდ, ვერც დღევანდელმა ხელისუფლებამ მოაბა თავი აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებას!


სააკაშვილმა ასევე გააუქმა არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო და შეიძლება ითქვას, ეს სფერო უთავოდ დარჩა - ძაღლი პატრონს ვერ ცნობს! დღეს საქართველოში არქიტექტურა, როგორც დარგი, ერთიან პოლიტიკას არ ექვემდებარება!!!


რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, იმედი მქონდა სააკაშვილის სიგიჟეებს გამოასწორებდა, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი - არქიტექტურისადმი მიდგომა არსებითად არ შეცვლილა, დღემდე ვერ გავიგე, რა უშლის ხელს, თუნდაც, აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნებას, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა.


თბილისს ქალაქგანვითარების გენგეგმა (იგივე ქალაქის კონსტიტუცია) აქვს, მაგრამ იგი თვითნებურად ირღვევა, მთავარი დამრღვევი კი თავად ქალაქის მერიაა. ქაოტურად მიდის მშენებლობა, იმისდა მიხედვით, ვინ როგორ ჩააწყობს! არ არსებობს არქიტექტურული საბჭო - ადრე ყველა ახალი მშენებლობა არქიტექტურულ საბჭოზე გადიოდა და მტკიცდებოდა. თავის დროზე, ქალაქს ჰყავდა ბუმბერაზი არქიტექტორები: არჩილ და შაქრო ქურდიანები, ივანე ჩხენკელი, შოთა ყავლაშვილი, ოთარ კალანდარიშვილი, თემო კანდელაკი, ვოვა ქურთაშვილი, თამაზ კიკნაძე.


დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება არქიტექტურისადმი ნულია - დღეს მთავარ არქიტექტორს არა პროფესიული ნიშნით და საჭირო გამოცდილებით არჩევენ, არამედ მენეჯმენტის გათვალისწინებით. თუ რა დღეშია დედაქალაქი, ამას ყველა კარგად ვხედავთ. არ მოვერიდები და ვიტყვი: ეს არის საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ქალაქის ღალატი!


ბატონი ვახტანგი წუხს, რომ თავისი ცხოვრების თითქმის 90 წელი ისე განვლო, რომ არ ახსენდება ასეთი უფსკრული საზოგადოებას, კონკრეტულად ინტელიტენციას და მთავრობას შორის, როგორიც დღეს არის. მისი აზრით, მთავრობა ცალკეა, ხალხი - ცალკე. თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანა კატასტროფამდე მივა!


ვახტანგ დავითაია: ინტელიგენცია გაჩუმებულია - მას არა აქვს რეაქცია კრიტიკული მოვლენების მიმართ. ამბობენ, ინტელიგენცია ივანიშვილმა მოისყიდაო. არც უმაგისობაა - ჰონორარი, რომელსაც შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლები იღებენ წლების მანძილზე, აიძულებთ თავი შეიკავონ ხელისუფლების კრიტიკისგან. არადა, გასაკრიტიკებელი ძალიან ბევრია...


ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა ბატონ ვახტანგის უშუალო მონაწილეობითა და ავტორობით, განსაკუთრებით აღსანიშნავია „ალგეთის ბაზილიკა“, „ქუთაისის შრომის მემორიალი“ (რომელიც დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია), ბაკურიანის „მზიურ ველი“, ასევე, შოთა ბოსტაშვილთან ერთად განხორციელებულ პროექტში პურის ქარხანა თემქაზე - საწარმოს შემოსასვლელი.


რაც შეეხება განუხორციელებელ პროექტებს, ყველაზე მეტად წუხს, რომ ვერ მიიყვანა ბოლომდე თბილისის აეროპორტის გზატკეცილის არქიტექტურული სივრცობრივი პროექტი და რიყის უბნის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია...


ბატონი ვახტანგი 200-მდე მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია. განხორციელებული აქვს ერთობლივი პროექტები შოთა ბოსტაშვილთან, გიული გეგელიასთან, ნოდარ ჯანშიაშვილთან, ვაჟა ორბელაძესთან, თენგიზ გოგოლაშვილთან და სხვებთან ერთად.


მისი პროექტების მნიშვნელოვანი წვლილი მემორიალზე და მონუმენტებზე მოდის. თითქმის 40 წელი ითანამშრომლა ცნობილ მოქანდაკესთან, ელგუჯა ამაშუკელთან - შეიძლება ითქვას, იგი თითქმის მისი ყველა ნამუშევრის არქიტექტორია.


მას კოლეგიალური და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მერაბ ბერძენიშვილთან და ვაჟა მელიქიშვილთან.


ქართული არქიტექტურის სიამაყე შეშფოთებულია მახათას პანთეონით - მისი აზრით, ეს არის პრიმიტიული გადაწყვეტა, გაუნათლებელი ადამიანების მიერ დადგენილი წესი, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი აზრი მკაცრად კატეგორიულია. ბევრი გამოჩენილი მოღვაწის ოჯახმა უარი თქვა მახათას ე.წ. პანთეონზე და არჩიეს წინაპრების სასაფლაოზე ყოფილიყვნენ დაკრძალულნი.


მახათას პანთეონი, ბატონი ვახტანგის თქმით, „არლინგტონის ჯარისკაცთა სასაფლაოს წამხედურობაა ერთი ერთზე“ - მისი პირდაპირი ფრაგმენტია, სადაც ადამიანები განისვენებენ ჯარისკაცური იდეით. ზოგადად, პანთეონი გამორჩეული ადგილია, სადაც გამოჩენილი ადამიანები და საზოგადო მოღვაწეები უნდა განისვენებდნენ - აქ კი ყველა პირობა დარღვეულია, მათ შორის, მეუღლეებს არა აქვთ უფლება დაიკრძალონ ერთმანეთის გვერდით!


ვახტანგ დავითაია: ვინ მოიფიქრა ეს და რას ემსახურება? ყველაფრის გაუკუღმართება როგორ შეიძლება? რამდენჯერმე დავსვი ეს კითხვა, მაგრამ თბილისის მერია დღემდე გატრუნულია. არ შეიძლება ყველაფერი წავბილწოთ, ყველაფერს შინაარსი გამოვაცალოთ და უსულო, უგულო მასად ვიქცეთ. სამწუხაროდ, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ასე შორს ვერ წავალთ...


ბატონ ვახტანგს ბევრი სხვა გულისტკივილიც აწუხებს, მაგრამ, რა აზრი აქვს შინაგან „ამბოხს“, როცა კედელი დაგმანულია და შენი ხმა არავის ესმის, როცა მსოფლიოში ბევრი შენი სახელგანთქმული კოლეგა გიცნობს და გაფასებს, მაგრამ შენს ქვეყანაში ყურს არავინ გიგდებს, რადგან არც შენი ფასი არ იციან და არც აინტერესებთ!

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: