გიორგი მარგველაშვილმა თურქმენი კოლეგა საქართველოში მოიწვია

გიორგი მარგველაშვილმა თურქმენი კოლეგა  საქართველოში მოიწვია

საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენი კოლეგა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
შეხვედრისას, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს უმაღლესი რანგის ვიზიტები, შეხვედრები და მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი ახალი იმპულსი იქნება ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის განვითარებისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა თურქმენ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო თურქმენეთს მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორად განიხილავს ცენტრალური აზიის რეგიონში.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცების სურვილის დასტურია საქართველოში თურქმენეთის საელჩო გახსნა.
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, იგეგმება ანალოგიური შეთანხმების გაფორმება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც, რომელიც ინტეგრაციის კიდევ უფრო მაღალ ხარისხს ითვალისწინებს.
ქართული მხარის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის განზრახვას ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი დაბრკოლება შეუქმნას საქართველოს მზარდ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ვაშაკიძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: