„ვა-ვა ანაკლია“, ვა-ვა კაზრეთი“... ვაი, საქართველო!!!

„ვა-ვა ანაკლია“, ვა-ვა კაზრეთი“... ვაი, საქართველო!!!

ზაფხულში, როცა კაზანტიპის თემა „თუხთუხებდა“ და საზოგადოების აზრი ორად იყო გაყოფილი, საჭიროდ ჩავთვალე დამეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია  და გულწრფელად მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი. ნათქვამი საკმაოდ მწარე გამომივიდა, რითაც საკუთარი კუთხის რისხვაც დავიმსახურე!

დიახ, „ივერიონში“ დაბეჭდილი ჩემი სტატია „ვა-ვა ანაკლია, ანუ რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის!“ მეხის გავარდნასავით მოედო სოციალურ ქსელს და ატყდა ერთი ალიაქოთი - ზოგი რას მსაყვედურობდა და ზოგიც რას. თუმცა, საკმაოდ აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ჩემს სიტყვებში (რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის!) საკუთარი კუთხის სატკივარი დაინახა, რომელიც წმინდა ქართულ სატკივარში იყო განივთებული!..

კაზანტიპის ე.წ. ფესტივალის პერიპეტიების მოყოლით მკითხველს თავს არ შევაწყენ, მხოლოდ ერთს შევახსენებ: „ფესტივალის“ ჩატარების მომხრეთა ლომის წილი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდიოდა, რომელიც თავის საქციელს მხოლოდ იმით ამართლებდა, რომ „დახარჯული უნდა ამოეღო!“

უმრავლესობა თავს ისაწყლებდა - სახლები პროცენტიანი ვალებით გავარემონტეთ და თუ ეს ფესტივალი არ ჩატარდა, დავიღუპებითო! მათ იმის გაგონებაც არ უნდოდათ, რომ კაზანტიპი თავისი არსით ქართულ მენტალობასთან შეუთავსებელი საცდური იყო და ახლა არჩევანის გაკეთება უწევდათ ბინძურ გროშებსა და საკუთარ იდენტობას (ქართული ტრადიციების ერთგულებას) შორის!

სამწუხაროდ, არჩევანი „ბინძურ გროშებზე“ გააკეთა!

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა შეცდომაში იქნა შეყვანილი და როგორც ამბობენ, გარკვეული კლანები (იგულისხმება სახელმწიფო სტრუქტურები) აიძულებდნენ თურმე ასე მოქცეულიყვნენ, მათ საქციელს არანაირი გამართლება არ ჰქონდა!..

სწორედ ამიტომ დავარქვი ჩემს სტატიას „რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის“-მეთქი. ამაყი კოლხური (წმინდა ქართული) სულის დაცემის შემრცხვა. მითუმეტეს, როცა ამ „დაცემის“ მიღმა მხოლოდ მატერიალური ინტერესები იმალებოდა!!!

ნაკლებად მაინტერესებს, ვინ როგორ მიიღო ჩემი სიტყვები და რა ეპითეტით შემამკეს, ახლაც ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი - მე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც სული (ზნეობა) გროშებზე იყიდება. მითუმეტეს, არ მინდოდა ამის ავანგარდში ჩემი მრავალგზის ჩაწიხლული კუთხე _ სამეგრელო ყოფილიყო!

სამწუხაროდ, იგივე სიმპტომები საქართველოს სხვა კუთხეშიც გამოჩნდა: საუკუნის დანაშაულს - საყდრისის ოქროს საბადოს აფეთქებას - მავანნი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მოტივით ამართლებენ - თუ „არენჯი“ იმ „ჯადოსნურ“ ბორცვზე სამუშაოებს არ განაახლებდა, მოსახლეობა თურმე პურის ფულს დაკარგავდა!

საკმაოდ ამაზრზენი სანახაობა იყო დაპირისპირება „საყდრისის მცველებსა“ და კაზრეთის მოსახლეობას შორის, რომლებიც მხოლოდ იმიტომ უპირისპირდებიან თანამოქალაქეებს, რომ სამუშაო არ დაკარგონ. ამის იქით არ აინტერესებთ საყდრისის საბადო მატერიალურ-კულტურული ძეგლი და ჩვენი მრავალწლოვანი ისტორიის ნაწილია თუ ჩვეულებრივი ტერიტორია, საიდანაც უცხოტომელები ქართველი მაფიოზების ძალისხმევით მადანს იღებენ და ჯიბეს ისქელებენ!

მგონი, საუბრის გაგრძელება საჭირო არ არის.
ვა-ვა ანაკლია! ვა-ვა კაზრეთი! ...ვაი, საქართველო!

 

                                          ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: