Iverioni
«    იანვარი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
იანვარი 2019 (8)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
17-12-2014, 00:10
ნანახია: 851

    "ყველა სხვა ფესტივალზე მნიშვნელოვანი ფესტივალი "ჯიფონია" - ამას ფრანგი რეჟისორი ფრანსუა ტრიუფო ამბობს და ეს მართლაც ასეა, რადგან ეს ბავშვების ფესტივალია - ბავშვები კი ჩვენი მომავალია. მით უფრო, რომ ეს ფესტივალი თავის თავში მთელი მსოფლიოს პატარებს იტევს და მათთვის უამრავ კარგს აკეთებს. ახალგაზრდები სწავლობენ ფიქრს, აზროვნებას, მსჯელობას, მეგობრობას...

   14 დეკემბერს, თბილისში გაიმართა ფესტივალ "ჯიფონის" ერთდღიანი ანალოგი "ჯიფონი-საქართველო" (Giffoni Georgia"). როგორც აღვნიშნეთ, "ჯიფონი" საბავშვო კინოფესტივალია, რომელიც 40 წელზე მეტია, იმართება იტალიაში (აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), ხოლო განსაკუთრებული იმით არის, რომ მისი მონაწილეებიც და ჟიურის წევრებიც ბავშვები და ახალგაზრდები არიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ "ჯიფონის" ფესტივალში ჩართულნი არიან მთელი მსოფლიოს მოზარდები.

   ფესტივალი იტალიის პატარა ქალაქ - ჯიფონი ვალე პიანაში დაიბადა და მას შემდეგ მთელი მსოფლიო მოიარა. მისი სტუმრები სხვადასხვა დროს იყვნენ ისეთი კინოვარსკვლავები,როგორებიც არიან ჯანკარლო ჯანინი, ჟან რენო, ნიკოლას ქეიჯი, სულ ახლახანს - რიჩარდ გირი და სხვები.

   ფესტივალის განმავლობაში, 3500 ბავშვი ნახულობს  ფილმებს და ბოლოს საუკეთესოებს გამოავლენს. სხვადასხვა ქვეყნიდან ჯიფონიში ჩასულ პატარებს კი იტალიელი თანატოლები მასპინძლობენ. ესენი 5-დან 18 წლამდე მოზარდები არიან. ფილმები შერჩეულია მათი ასაკის მიხედვით და ეს სპეციალისტების - კინომცოდნეებისა თუ  ფსიქოლოგების რჩევით ხდება.  

   ფესტივალს დაფუძნების დღიდან სათავეში უდგას კლაუდიო გუბიტოსი, რომელიც ამა წლის იანვარში, თავის მოადგილე მარკო ჩეზაროსთან ერთად იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში. ისინი შეხვდნენ საქართველოს კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და  ეროვნული კინოცენტრის დირექტორ ნანა ჯანელიძეს. აგრეთვე, კლაუდიო გუბიტოსიმ შეარჩია გუნდი, რომელიც ამ ფესტივალისათვის იმუშავებდა საქართველოში. "სამინისტროს წარმომადგენლებს გავაცანით, რას აკეთებს ჯიფონი იტალიაში და, ზოგადად, საზღვარგარეთ. ასევე, ვუამბეთ მსოფლიო გამოცდილების შესახებ. ბავშვებისათვის ეს არის თანაცხოვრების, სწავლისა და ერთად გავითარების უდიდესი შანსი," - განაცხადა მაშინ კლაუდიო გუბიტოსიმ. მას შემდეგ "ჯიფონის" ფესტივალზე საქართველოდან ჩავიდნენ ქართველი ბავშვები.

   და ახლა, 14 დეკემბერს, საქართველოს ეწვია "ჯიფონის" წარმომადგენელი, მარკო ჩეზარო. ამ ერთი დღის მანძილზე, ნაჩვენები იყო ფილმები, ჩატარდა მასტერ-კლასები, გაიმართა ინტელექტუალური თამაშები, შეხვედრები და დისკუსიები კინოხელოვნების წარმომადგენლებთან და სხვ., რაშიც 300-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. აგრეთვე, ქართველმა მოცეკვავეებმა იტალიელი სტუმრისათვის ქართული ცეკვებიც შეასრულეს. მალევე, მარკო ჩეზარო იტალიაში დაბრუნდა. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება "ჯიფონი" საქართველოში.

   როგორც ნანა ჯანელიძე ამბობს, სავარაუდოდ, ჩვენთან ეს ფესტივალი, უფრო მასშტაბური სახით, 2015 წელს ჩატარდება.

 

                                                                                              შორენა როსტომაშვილი