სოსო ცინცაძე: “ წითელ ლენტებს მარგველაშვილი ჭრის და ღარიბაშვილი უფრო სერიოზულ საქმეებზე დადის!“

სოსო ცინცაძე: “ წითელ ლენტებს მარგველაშვილი ჭრის და ღარიბაშვილი უფრო სერიოზულ საქმეებზე დადის!“

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ივერიონს“  ყაჩაღიანის დაყაჩაღებაზე, ქართული ბიზნესის წმინდა ძროხად გადაქცევასა და ქოთნებზე  სურვლისამებრ ყურის ახალ მიმბმელებზე ესაუბრა.

 

-ბატონო სოსო, თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს განადგურებაში და რამდენად  ვანდალური აქტი ჩაიდინა ხელისუფლებამ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ?

 

 -საქართველო ისტორიული და ტრადიციული სიძველის ქვეყანაა. ის არ არის აშშ, რომლის ტერიტორიაზეც ვერც  სიძველეს შეხვდებით და ვერც ისტორიას. ამიტომ საქართველოში მეტი სიფრთხილე და კულტურაა საჭირო, რადგან აქ ყოველი ქვა ისტორიულია.

 

ნუ ვაქციეთ ბიზნესი წმინდა ძროხად!  ბიზნესია ისიც , როცა ბიზნესმენი თავისი საქმიანობით ქმნის ასობით სამუშაო ადგილს და ისიც ბიზნესია, 20-კაციანი ჯგუფი ყაჩაღური წესით რომ მიიტაცებს რაღაცას და იქ  ქვა-ღორღს დატოვებს და მხოლოდ თვითონ  მდიდრდება!!!

 

ჩემი აზრით, კულტურის მინისტრი უნდა იყოს დაინტერესებული ქართული კულტურის გადარჩენით. რას ვერჩოდით გურამ ოდიშარიას, ძალიან კარგი კაცი იყო - მოწოდებით არ იყო ჩინოვნიკი, გარეგნულად მშვიდი გახლდათ,  მშვიდ ცხოვრებასაც ეწეოდა, მისი კულტურის მინისტრობის პერიოდში თავის სამინისტროში ასობით კილოგრამი ყავა ისმებოდა, არ იყო მებრძოლი და პოზიციებს ადვილად თმობდა!  დღევანდელი კულტურის მინისტრი,  ჩვეულებრივი  იმპრესარიოა ( თურმე დიდი წვალებით შეურჩევია ბიძინა ივანიშვილს), რომლის  ხელშიც  ქართულ კულტურას მომავალი არა აქვს!

 

არ მესმის ბატონი ივანიშვილის განცხადების შინაარსი...  საქართველოში ნუთუ ძნელი საპოვნელია კულტურის მინისტრად დასანიშნი კაცი?!  ქართველ კომპოზიტორებს და მეცნიერებს ამ დარგში 100%-ით აქვთ ჩაბარებული მორალურ-ზნეობრივი გამოცდა.  მესმის, კარგი ფინანსისტის მოძებნა გაგიჭირდეს საქართველოში, თუმცა ქვეყანაში, სადაც ბატონი დემურ გიორხელიძისთანა ფინანსისტ-ეკონომისტი გყავს, არც ამის პრობლემა უნდა არსებობდეს. არც ის  მესმის, რატომ გარიყა ის  “ქართულმა ოცნებამ“ თავისი რიგებიდან  და სანაცვლოდ მაღალი პოსტები   ისეთ “კომოვოიაჟერებს“  მისცა,  როგორებიცაა:  საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, რომლის ოჯახი ტენდერებს ტენდერებზე იგებს და სახელმწიფო ქონებას აქირავებს?!

 

დღევანდელ საქართველოში კულტურის მინისტრს არც  ადარდებს  ქართულ  სიძველეთა ბედი, ხოლო განათლების მინისტრის ხელში ქართული სკოლებში მოსწავლეები იყინებიან. პრემიერი ღარიბაშვილი  კი თითოეულ მათგანს ამშვიდებს, ნუ გეშინიათ, ხელს არც ერთს არ გახლებთო.

 

მე პროფესიონალი მეცნიერი გახლავართ და ჩემთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა RMG-ის დასკვნები. ასობით ისეთ მეცნიერს ვიცნობ, სამშობლოს კი არა, ოჯახს რომ გაყიდის ფულისთვის.  საყდრისი,  თუნდაც 10%-ით რომ იყოს კულტურის ძეგლი, მაინც უნდა შენარჩუნებულიყო, რადგან,   ნორმალურ ქვეყანაში,  ეს 10%   90% -ს გადასწონიდა.

 

საეჭვოა ისიც, რომ საყდრისთან მიმდინარე სამთამადნო სამუშაოები საქართველოს ეროვნულ  მუზეუმთან არ შეუთანხმებიათ და RMG-ის ადვოკატი  არჩილ კბილაშვილი თავისი ე.წ. გამამართლებელი  არგუმენტებით მორალური ნორმების ინფლაციას ეწევა. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებაში  არც ერთი ჩინოვნიკი არ გვყავს პრინციპებისათვის თანამდებობას რომ რისკავდეს.

 

ასევე, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში მოდაშია სიტყვა სისტემური დანაშაული. მოდით, რა, მკვდარ კატას ერთ პირს ნუ ჩამოვკიდებთ კისერზე, ეს სისტემური დანაშაული ნეპოტიზმია, რომლის მსგავსი არც ფეოდალურ საქართველოში ყოფილა, არც კომუნისტურ ეპოქაში, არც შევარდნაძის მმართველობის ხანაში, სააკშვილის რეჟიმის დროსაც კი პარტიული პრინციპი  მოქმედებდა.

 

დღეს საზოგადოებასთან ერთად, საპარტიარქოც  გმობს საყდრისში მიმდინარე აფეთქებებს, რომლის შეჩერებაც ივანიშვილს შეუძლია. მე არ ვარ ნეტარმორწმუნე ბავშვი ვფიქრობდე, რომ ივანიშვილს ძალა არ ჰყოფნის მის შესაჩერებლად.!

 

კბილაშვილმა არ იცის, რომ საყდრისში სამთამადნო სამუშაოები არ უნდა განხორციელდეს, ვიდრე სასამართლო პროცესი დაუსრულებელია?!  მაგრამ ქოთნისთვის ყურის ნებისმიერ მხარს მიბმის სპეციალისტი ყოფილა კბილაშვილი!

 

-თქვენი აზრით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას რატომ არ დაესწრო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი?

 

-ღარიბაშვილმა იცის ამ ხელშეკრულების ფასი, იცის, რომ არის 30-მდე ქვეყანა, რომლებიც მსგავსი ხელშეკრულების რეჟიმში დიდი ხანია ცხოვრობენ, მაგრამ მათთვის სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ერთი სიტყვით,  წითელ ლენტებს მარგველაშვილი ჭრის და ღარიბაშვილი უფრო სერიოზულ საქმეებზე დადის.

 

-ბატონო სოსო, ბევრს საუბრობენ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების გარდუვალობაზე , რომლის სათავეშიც ლევან ვასაძე მოიაზრება. თქვენი აზრით, ითანამშრომლებს თუ არა ეს ძალა ნინო ბურჯანაძის გუნდთან?

 

-ვასაძის პოლიტიკაში გამოჩენას აგერ უკვე 10 წელია ველოდებით, თუმცა,პერსპექტივა აქვს- ჭკვიანი კაცია, პარტიარქთან უფრო დაახლოებულია, ვიდრeბიძინა ივანიშვილი.

 

ნინო ბურჯანაძე დღევანდელი პოლიტიკური პროცესებიდან აბსოლუტურად უსამართლოდაა იგნორირებული. ბურჯანაძის  საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ჩაუბმელობა სტრატეგიული შეცდომაა.

 

მიუხედავად ყველაფრისა, ქართველები, პირადი სიმპათია-ანტიპათიიდან გამომდინარე, მაინც აღმოსავლელები ვართ. ვასაძის თანამებრძოლად მარგველაშვილი მოიაზრება და ის, ალბათ,  ბურჯანაძესთან თანამშრომლობას არ მოისურვებს!

 

გუშინ პუტინმა ქართულ მხარეს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, ჩვენ კი უარს ვამბობთ. “თუ არ დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რატომ ველაპარაკოთ!“ -  აი, ეს ლოგიკა გვღუპავს ჩვენ!

 

დასავლეთმა და აშშ-მ კი იციან, რომ მათზე დამოკიდებული ვართ, სხვა გზა არ დავიტოვეთ, ალტერნატივა თავად მოვისპეთ და ამიტომაც გვაჩვენეს სამი თითის კომბინაცია სამხედრო დახმარებაზე!

 

                                                                             ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: