Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (8)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
22-12-2014, 10:31
ნანახია: 546

კამპანია

   შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და 10-ე საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის – "არა ძალადობას!" ფარგლებში შეხვედრა გამართეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ღონისძიებას პირადად დაესწრო.

 

   სამუშაო ჯგუფის წევრებმა: შსს-ს იმერეთის რაჭა-ლჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უუფროსი ბესო მირიანაშვილი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადილეები გიორგი გიორგაძე და ხვიჩა ჩიხლაძე, იმერეთის რაჭა ლჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელი ფილიპე ადეიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკა კენჭაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი "სოხუმი" და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლები, ლელა ჯალაღონია, ნატო ჩხორტოლია, თეა გოლეთიანი და ია კვარაცხელია სტუდენტებს და მოსწავლეებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. უნივერსიტეტში მიმდინარე შეხვედრას ასევე შემოუერთდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.

 

   შსს-ს წარმომადგენლებმა ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლზე ისაუბრეს. ახალგაზრდებს ასევე განუმარტეს, რომ ძალადობა დასჯადია და ხაზგასმით აღნიშნეს სამართალდამცველებთან მოქალაქეთა თანამშრომლობის აუცილებლობა, რათა მათ შეძლონ ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დახმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შსს-ს ინიციატივით 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდებს განუმარტეს, რომ ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო ოჯახში ძალადობა უკვე 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

   შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კლიპის და სოციალური რგოლების ჩვენება გაიმართა, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: "112" ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

   შსს-მ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია "არა ძალადობას!" 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ყოველდღიურად იმართება. შეხვედრების მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა