Iverioni
«    დეკემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
22-12-2014, 12:57
ნანახია: 870

  საზოგადოებაში ხშირად გაიგონებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ"  თავისი მხარდამჭერები გადააგდო და თანამდებობებზე  დასანიშნად  ხალხს ნათესავ-მეგობრობის (ნეპოტიზმის) ნიშნით არჩევენ. 

  უფრო  დიდი აჟიოტაჟია ატეხილი " ნაციონალების", ანუ, იმ ადამიანების დაწინაურების გამო,  ვინც წინა რეჟიმის პირობებში " თავი გამოიჩინეს" რეჟიმის ერთგულებაში  და ხალხს აწიოკებდნენ  და არბევდნენ...

  განსაკუთრებით ეს ბრალდება ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ნაცფავორიტებზე    ვრცელდება, რომელიც დღევანდელმა  ხელისუფლებამ  არა თუ დაითხოვა სამსახურებიდან, არამედ, აწინაურებს კიდეც .

 "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, "ნაციონალები" ნამდვილად  წყალობდნენ მხარდამჭერებს -ყველას!,ვისაც ვარდების  რევოლუციის დროს "ნაციონალების" დროშა ეჭირა და არჩევნებში  ეხმარებოდა, საჯარო სამსახურებში აწყობდნენ , ან სხვა ფორმით აფინანსებდნენ!..

   სწორედ ასეთი "მშობლიური" დამოკიდებულების გამო  შეინარჩუნეს "ნაცებმა"  მხარდამჭერები, რომლებიც დღესაც მათ მზეს ფიცულობენ  და ერთი სული  აქვთ,  როდის დაბრუნდებიან ისინი ხელისუფლებაში!

 "ქართული ოცნებისგან" გადაგდებული და  დღევანდელ ხელისუფლებაზე  გაბრაზებული  ძალიან ბევრი მინახავს , ბევრთან მიკამათია კიდეც, მაგრამ, ვერაფრით დავარწმუნე:  სამსახურში იმიტომ კი არ უნდა მიგიღონ, რომ არჩევნებში  მხარს უჭერდით,  ანუ "ოცნების" დროშა გეჭირათ, არამედ, იმიტომ, რომ  პროფესიონალი ხარ და შენს კუთვნილ ადგილს ითხოვ!

  არც ის არის დიდი შეღავათი,  თუ "ოცნების" სასარგებლოდ "ნაციონალების" ტყვიას "უშვერდი" მკერდს  და ამით საფრთხეს უქმნიდი შენი და შენი ოჯახის ჯანმრთელობას, ან თუნდაც სიცოცხლეს, როგორც ამას ხშირად უსვამენ  ხაზს "ქართული ოცნების"  მხარდამჭერები.

ჩემის აზრით,   თუ ამას მხოლოდ იმის გამო აკეთებდი, რომ "ცოცხლად" გადარჩენილი  ხელისუფლებაში  მოსულიყავი, ან უბრალოდ, "თბილი ადგილი"  დაგეგულებინა, მაშინ, ჩვეულებრივ, "ვიგოდნიკი" ყოფილხარ!!!

  ვიდრე საქართველოში ასეთი მენტალობით ვიცხოვრებთ, ვიდრე, საჯარო სამსახურებში მუშაობის კრიტერიუმი  პროფესიონალიზმის ნაცვლად არჩევნებში მხარდაჭერა და  პარტიული კუთვნილება იქნება, ქვეყანა  ამ წუმპიდან ვერასდროს ვერ ამოვა!

   პარტიული კუთვნილებით შერჩეული კადრები ყოველთვის უსიტყვოდ მორჩილები არიან  და მათ საქმიანობას არაფერი აქვს საერთო საჯარო მოხელის საქმიანობასთან, რომელიც    ანგარიშვალდებულია არა პარტიული ბოსების, არამედ, კანონისა და საზოგადოების წინაშე, რომელსაც ისინი უნდა ემსახურებოდნენ!

  სხვათაშორის, კომუნისტებს ჰქონდათ კადრების შერჩევის  საოცრად დახვეწილი პრაქტიკა: თუ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ არ ჩაგთვლიდნენ, პროფესიონალი კადრები ყურადღების მიღმა არ რჩებოდათ-მეტიც, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ კადრები გაეზარდათ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და ნაბიჯ-ნაბიჯ ეტარებინათ ხელისუფლების მაღალ საფეხურებზე...

   კომუნისტებისგან განსხვავებით, მათმა "შთამომავლებმა".  კადრების შერჩევის  საკმაოდ   "ორიგინალური" მეთოდი შეიმუშავეს- სამსახურში მივიღებ არა იმას, ვინც  პროფესიონალია და საქმეს გააკეთებს, არამედ, იმას, ვინც  ჩემი ერთგული და უსიტყვო მორჩილი იქნება. უპირველესად დავასაქმებ ძმაკაცებს და დაქალებს თავიანთი ძმაკაცებითა და დაქალებით, ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებს, თუმცა,  სულ უყურადღებობაში რომ არ ჩამეთვალოს, თანაპარტიელებს და არჩევნებში მხარდამჭერებსაც მოვიკითხავ...

  ამის შემდეგ,  საჯარო სამსახურებში პროფესიონალების ადგილი, რომ არ დარჩება, ცხადია!                       

 ამიტომ, იმათ გასაგონად, ვინც დღევანდელ ხელისუფლებაზე მხოლოდ იმიტომაა გაბრაზებული, რომ სამსახურში არ დაუძახეს, ვეტყვი: არა ბატონებო და ქალბატონებო, ამის გამო ზედმეტად ნუ გაბრაზდებით, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასაყვედურო ამ ხელისუფლებისთვის, ( თუნდაც საკადრო პოლიტიკაში), მაგრამ, ერთხელ და სამუდამოდ  ამოვიგდოთ თავიდან, რომ სამსახურს იმიტომ კი არ უნდა ვითხოვდეთ, "ქართული ოცნების" დროშა რომ გვეჭირა, სჯობს მათ ნეპოტიზმში და  საჯარო სამსახურების უსუსური კადრებით დაკომპლექტებაში  დავდოთ ბრალი  და პირდაპირ   მოვთხოვოთ გზა პროფესიონალებს გაუხსნან, თორემ ასეთი მენტალობით კიდევ უფრო დავანგრევთ, ისედაც მოფამფალებულ ქვეყნას!!!

  სახელისუფლებო გუნდი  პარტიულ ხროვას და საჯარო სამსახურების დილეტანტებით შევსებას კი არ  უნდა გულისხმობდეს. გუნდი ყოველთვის თანამოაზრეებისგან და პროფესიონალებისგან იკვრება და საქართველოც ამ გზას უნდა დაადგეს, თუ მომავალში მაინც ქვეყნის აშენება გვინდა!

 

P.შ ხშირად ამბობენ , რომ დღევანდელ გუნდს მართვის გამოცდილება არ აქვს და გამოუსწორებელ შეცდომებს ამიტომ უშვებს. ~ არა ბატონებო, დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არა აქვს არსებითად შეცვალოს სიტუაცია ქვეყანაში და ამაში არა მარტო არასწორი საკადრო პოლიტიკა იგულისხმება,თუმცა,  ლომის წილი ჩვენც მიგვიძღვის. თუ უფრო  დავაკონკრეტებთ, პრობლემა ჩვენს მენტალობაშია - როგორც ზემოთ ვთქვი,  ხელისუფლებას არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ საჯარო სამსახურში მოწყობა კი არ უნდა მოვთხოვოთ, არამედ, ვაიძულოთ, შექმნას  ახალი სამუშაო ადგილები, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანაში, რაც დღემდე კატასტროფულად მზარდი უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტის წინაპირობა იქნება. საჯარო სამსახურში კი გასაქანი პროფესიონალებს და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს უნდა მივცეთ. 

 აქედან გამომდინარე, პრობლემა არა იმდენად ნეპოტიზმში და ხელისუფლების უსუსურ საკადრო პოლიტიკაში, არამედ, ჩვენს მენტალობაშია.  

 

 

 

 

                          საბა საბახტარაშვილი