ირმა ინაშვილი: მაინტერესებს, რა შეხება აქვს საყდრისს ხელისუფლების ჯიბესთან, პირადად ივანიშვილის ჯიბესთან?!

ირმა ინაშვილი: მაინტერესებს, რა შეხება აქვს საყდრისს ხელისუფლების ჯიბესთან, პირადად ივანიშვილის ჯიბესთან?!

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში საყდრისის თემას ეხება, რომლსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მე მღრღნის ბუნდოვანი ეჭვები… რამდენიმე თვეა „დისქავერიზე“ ოქროს საწმისის შესახებ თითქოსდა დოკუმენტურ ფილმს ატრიალებენ. „თითქოსდა დოკუმენტურს“ იმიტომ ვუწოდებ, რომ ამ ფილმში დოკუმენტურს ვერაფერს ნახავთ. ერთ მცდარ აზრს კი უნერგავს ეს ფილმი მაყურებელს: თურმე საქართველო ოქროს საწმისის სამშობლო არ ყოფილა; ჩვენთან, თურმე, ოქროს არასდროს მოიპოვებდნენ; ამიტომაც არგონავტები საქართველოში არ ჩამოსულან და ფილმს ხან მესოპოტამიაში, ხანაც აფრიკაში მივყავართ. მაგრამ დღემდე ფილმში განხილულ ვერსიებს საყდრისის მაღაროს არსებობა „ამსხვრევდა“. ხაზს ვუსვამ: დღემდე. ახლა აღარც საყდრისის მაღაროა და აღარც დოკუმენტური მტკიცებულება ოქროს საწმისის ქართული წარმომავლობის შესახებ. ჩემდა გასაოცრად, ხსენებულ ფილმს, განზრახ თუ უნებლიედ, ზურგს უმაგრებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: საყდრისის მაღარო, თურმე, სტერილური არქეოლოგიური ობიექტი ყოფილა და მას არავითარი კულტურული ღირებულება არ ჰქონია. მაშ, რა ვუყოთ უმაღლესის კლასის გერმანელი მკვლევარების მტკიცე აზრს, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღარო არსებობდა? თუკი მაღარო არსებობდა, თანაც 5000 წლის მაღარო, ცხადია, მას კულტურული, ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულება ჰქონდა. სიტყვა „სტერილური“ აქ საერთოდ უადგილოა. სტერილური ძეგლია ვარძიაც, ამიტომ, მოდით, ავაფეთქოთ, დავანგრიოთ და გავიყვანოთ რკინიგზა ან ავტომაგისტრალი, შევქმნათ ინფრასტრუქტურა და დავასაქმებთ 1000 კაცს. დარწმუნებული ვარ, ინვესტორიც მოიძებნება. სავარაუდოდ, თურქი. ოშკის დაცვას რატომღა ვითხოვთ?! ის არც სტერილურია და, თურქების აზრით, ძეგლიც არაა!
ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვწერ, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ ახალი ხელისუფლებაც სააკაშვილის გზას დაადგა და თეთრზე გვეუბნება, რომ შავია. უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ყოველთვის მოიძებნება ერთი-ორი ვაი-მეცნიერი, რომელიც ხელისუფალთა საამებლად ყველაფერზე მოაწერს ხელს... მაგრამ მოვა დრო პასუხისგებისა. არავის ეგონოს, ამ ვანდალიზმს დრო მიივიწყებს და დამნაშავენი დაუსჯელნი დარჩებიან. და, გარწმუნებთ, ამ დროს ეს ვაი-მეცნიერები პირველნი იტყვიან, რომ საყდრისი უძველესი კულტურული, ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ძეგლი იყო.
აფერუმ ჩვენს მეზობელ სომხებს. ერთ პაწაწინა ქვასაც კი არ დაუკარგავენ შთამომავლობას და ისტორიას; ერთ გამოჩენილ სომეხსაც კი არ დატოვებენ აღიარებისა და დაფასების გარეშე. ჩვენ კი, სულ სხვა ხალხი ვართ. გერმანელი მეცნიერები გვეუბნებიან: „უძველესი მაღაროა, 5000 წლისაა; გეხვეწებით, ნუ დაანგრევთ, მემკვიდრეობაა - კულტურულიც, ისტორიულიც და არქეოლოგიურიც“. ჩვენ კი, ვპასუხობთ: „არა, თქვენი ჭირიმე, შეგეშალათ; არც მაღაროა და არც ძეგლი, ერთი უბრალო ბორცვია. არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს, თორემ ძეგლებზე ვზრუნავთ, 120 ძეგლის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. საყდრისი კი, ბორცვია და უნდა დავანგრიოთ“... და თქვენ, ხელისუფლებამ, დაანგრიეთ კიდეც.
თქვე დალოცვილებო, 120 კაცი რომ გადაარჩინოთ სიკვდილს, რა, უფლებამოსილი ხართ 121-ე მოკლათ? 120 ძეგლის რეაბილიტაცია უფლებას გაძლევთ 121-ე დაანგრიოთ? არავის მოუცია თქვენთვის ნგრევის უფლება! მაგრამ თავში აგივარდათ ძალაუფლება. გგონიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ! არც განიცდით და ვერც კი აღიქვამთ, რომ დანაშაული ჩაიდინეთ. თვითტკბობაში ბრძანდებით. სააკაშვილიც ასე იყო...
საზოგადოება აღშფოთებული და გაბრაზებულია. გაბრაზებულია სამართლიანად. თქვენ კი, ახალ ხელისუფლებას ვგულისხმობ, ამას არ იმჩნევთ, ვითომც არაფერი. საპარლამენტო უმრავლესობაშიც ხმას არავინ იღებს. ხელისუფლებასა და გაბრაზებულ ხალხს შორის უფსკრული ჩნდება. გული მწყდება, ამდენი ხალხი ადრე რომ არ გაბრაზებულიყო, შესაძლოა, საყდრისის აფეთქება ვერც გაგებედათ.
საყდრისის დანგრევა რომ დანაშაულია, ეს დანგრევამდეც ცხადი იყო ყველასთვის. ამაზე პატრიარქიც ქადაგებდა და ახლა დამნაშავეთა დასჯაც მოითხოვა. თქვენც, ანუ ხელისუფლებასაც, მშვენივრად გესმოდათ, რომ საყდრისის დანგრევა დანაშაულია, მაგრამ დანგრევა გსურდათ, ძალაც გქონდათ და ნათქვამია, - ძალა აღმართს ხნავსო. ოღონდ იცოდეთ: ზოგჯერ გუთანიც ტყდება...
მიკვირს, რა გააფთრებით იცავთ ინვესტორს. თქვენი თქმით, „სააკაშვილის ინვესტორს“, რომელთანაც, თურმე, არაფერი გაკავშირებთ. თუმცა, ნიუანსებში გარკვეული ხართ: ინვესტორს, ერთი „ბორცვის“ იმედად, 300 მილიონი ჩაუდია... და ეს „ბორცვი“ რომ არ დაგენგრიათ, 300 მილიონსაც ვერ ამოიღებდა და 3000 ოჯახსაც ვერ დაასაქმებდა. ამას რომ გვეუბნებით, ვერ ხვდებით, რომ შეურაცხყოფას გვაყენებთ?! მე, როგორც უცოდინარი და განუვითარებელი, გეკითხებით: ამ „ბორცვის“ დამუშავებას ინვესტორი რამდენ ხანს მოუნდება და მის დამუშავებას რომ მორჩება, რას იზამს, გაჩერდება?! ხომ გვეუბნებით, - ამ „ბორცვის“ გარდა, დასამუშავებელი არაფერი დარჩაო. მერე რა ელის ბოლნისს და ბოლნისელებს?! ვიცით, ვიცით, რაც ელის. ბოლნისის სიონს დაანგრევთ, იქ სასტუმროს ააშენებთ და 300 კაცს დაასაქმებთ. მერე კიდევ მოიფიქრებთ, რა ააფეთქოთ და დაანგიოთ. საერთოდ, წინადადება შემომაქვს: ყოველწლიურად წარმოგვიდგინეთ პროექტი, რომელ ძეგლებს დაანგრევთ, შემდეგ კი, მათ ნაცვლად, რას ააშენებთ და რამდენ ადამიანს დაასაქმებთ. არ დაგავიწყდეთ, პრეზიდენტი მარგველაშვილიც ჩააყენეთ საქმის კურსში. თორემ ისეთ რამეს იტყვის, ინვესტორი შეიძლება სულ გაგექცეთ ქვეყნიდან. თქვენ საყდრისი უკვე ერთი კვირის დანგრეული გაქვთ, მარგველაშვილი კი დღეს გეუბნებათ: ნუ დაანგრევთ საყდრისს, სასამართლო პროცესი მიდისო.
აკი გითხარით, დამნაშავეებად თავს არ გრძნობთ, ვერც კი აღიქვამთ, რა ვანდალიზმი ჩაიდინეთ, მაგრამ დამნაშავენი ხართ! დამნაშავენი არიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. ორივე დანაშაულის ჩამდენი და უშუალო მონაწილეა. პირადად მე საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და მათ დაპატიმრებას ვითხოვ და არა უბრალოდ თანამდებობიდან გათავისუფლებას, მაგრამ ამ დანაშაულს თანამონაწილენიც ჰყავს. თანამონაწილეა მთელი მთავრობა და პასუხისმგებელი ბრძანდებით, პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ვერავინ დამაჯერებს, რომ არ იცოდით ამ მზაკვრული და ვანდალური გეგმის შესახებ. მეტიც, არაფერი გააკეთეთ ამ დანაშაულის შესაჩერებლად. თანამონაწილენი და პასუხისმგებლები არიან: კულტურის და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარიაც, ბიძინა ივანიშვილიც და მიხეილ სააკაშვილიც, რადგან სამივემ მოაწერა ხელი საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევა-გაუქმებას.
თქვენ, ანუ ხელისუფლება რომ მიზანმიმართულად გეგმავდით საყდრისის დანგრევას, ეს იქიდანაც ჩანს, რომ საყდრისი 13 დეკემბერს დაანგრიეთ, მაშინ, როცა ჩვენ ყველა ბათუმში ვიყავით და 14 დეკემბრის საპროტესტო აქციისთვის ვემზადებოდით, ანუ იმ ხალხის უმეტესი ნაწილი, ვინც საყდრისთან მორიგეობდა, ვინც საყდრისის გამო საპროტესტო აქციებს მართავდა, მოკლედ, ვინც საყდრისისთვის გულწრფელად იბრძოდა, ბათუმში იყო და საყდრისში ჩასვლას ვეღარ მოასწრებდა. თქვენ, ხელისუფლებამ, ეს იცოდით... და ეს ვითარება ვერაგულად, მუხანათურად გამოიყენეთ. საყდრისი დაანგრიეთ.
მინდა შეგახსენოთ თქვენ, ანუ ხელისუფლებას, რომ სამშობლოს სიყვარული და წინაპრების პატივისცემა სადღეგრძელოებით არც განისაზღვრება და არც შემოიფარგლება. ჩვენ არც თქვენზე ნაკლებად გვიყვარს სამშობლო ( მეტად თუ არა) , არც თქვენზე ნაკლები გვიბრძოლია სამშობლოსათვის ( მეტი თუ არა), არც თქვენზე ნაკლები შეხება გვაქვს მეცნიერებასთან (მეტი თუ არა) და არც თქვენზე ნაკლები ცოდნა და სიბრძნე გვაქვს (მეტი თუ არა). მაინტერესებს, ვისგან მიიღეთ ქართული კულტურის განადგურების უფლება? რა უფლებით შლით ქართველი ხალხის ისტორიას? და, სხვათა შორის, რა უფლებითა და მანდატით ნიშნავთ თანამდებობებზე ადამიანებს, რომლებიც აღმშენებლობის ნაცვლად, ქვეყანას აოხრებენ?
სახეზეა გამოუსწორებელი ტრაგედია - დაანგრიეთ საყდრისი, სამუდამოდ აღგავეთ პირისაგან მიწისა უძველესი ძეგლი. ჩვენი ბრძოლაც, მეცნიერების ბრძოლაც, ახალგაზრდობის ბრძოლაც, ღია მიმართვები და წერილები, ყველაფერი დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ახლა საზოგადოება უკიდურესადაა აღშფოთებული. მისი უდიდესი ნაწილი გულწრფელია და მოითხოვს დამნაშავეთა დასჯას. მცირედი ნაწილი პოლიტიკურ სარგებელს ეძებს. პოლიტიკურ სარგებელს ეძებს ბევრი მათგანიც, ვინც თქვენსავე გუნდსაა მიკედლებული. ერთნი ივანიშვილს ადანაშაულებენ, მეორენი - სააკაშვილს, მესამენი - ორივეს ერთად. სხვათა შორის, თქვენ, ანუ ხელისუფლებას, ირაკლი ღარიბაშვილსაც და ბიძინა ივანიშვილსაც (რომელიც ხელისუფლებაში აღარაა) გადანაშაულებთ თქვენივე მომხრეების 90%-ი, მაგრამ ამის თქმას საჯაროდ ვერ ბედავენ, ხოლო თქვენს ირგვლივ მოკალათებული მტრები (რომლებსაც ერთგული მეგობრების ნიღბები აქვთ მორგებული) გადანაშაულებენ კიდეც, სხვისი პირითაც ამბობენ ამას და სხვისი ხელითაც მოქმედებენ.
მე კი, პირდაპირ გწერთ, რასაც ვფიქრობ... და მე ვფიქრობ, რომ თქვენ დამნაშავენი ხართ! მაგრამ აქ ფარულ აქცენტებს აქვს მნიშვნელობა, რაზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს. თქვენ კი, არ იმჩნევთ: აქვს თუ არა ამ საქმეს უშუალო შეხება თქვენს, ანუ ხელისუფლების ჯიბესთან და პირადად ივანიშვილის ჯიბესთან?
ქართული მედია ერთი წელია ცდილობს, გაერკვეს, - ვინ დგას ბოლოს და ბოლოს „არემჯი გოლდის“ უკან. კითხვის ნიშნები აქ არ იქნებოდა, რომ არა ერთი აუხსნელი შეუსაბამობა. საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევას ხელი ერთდროულად მოაწერა ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც. და ხელი იმ დროს მოაწერეს, როცა ურთიერთდაპირისპირებისა და კონფრონტაციის პიკზე იყვნენ. ამ კომპანიის ირგვლივ სრულიად დამაბნეველი ხალხი ტრიალებს. ამ ადამიანებს კავშირი აქვს რუსეთთანაც, ამერიკასთანაც და ევროპასთანაც. ძველ ხელისუფლებასთანაც და ახალ ხელისუფლებასთანაც. ძველ ბიზნესწრეებთანაც და ახალ ბიზნესწრეებთანაც. გულწრფელად ვამბობ, მე ჯერ ვერ გავერკვიე, ვის ჯიბესთან აქვს კავშირი საყდრისს. ინფორმაცია ბევრი მაქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია დიდ და რთულ ლაბირინთს ქმნის, რომლიდანაც გამოსავალი ჯერ ვერ მოვძებნე, მაგრამ გპირდებით, რომ მოვძებნი. მანამდე კი, შეგახსენებთ ცნობილ ფრაზას გაიდაის ფილმიდან: „მე მღრღნის ბუნდოვანი ეჭვები“... და ეს ეჭვები საზოგადოებასაც ღრღნის.
ერთი კი ნათელია. ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წევრია; და არა უბრალო წევრი, არამედ ამ საზოგადოების ყველაზე გავლენიანი წევრი. გნებავთ, ყველაზე გავლენიანი მოქალაქე. აკი დააფუძნა ამავე სახელწოდების ორგანიზაცია. სხვათაშორის, ბატონი ბიძინა გვეუბნებოდა, - ამ ორგანიზაციამ მთავრობა საზოგადოების სახელით უნდა გააკონტროლოსო; საზოგადოებაში სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზე უნდა იზრუნოსო. ჰოდა, ახლა ეს საზოგადოება ეკითხება საზოგადოების ყველაზე გავლენიან წევრს, ახლა ამ საზოგადოებას აინტერესებს: ბატონო ბიძინა, რა უფლებითა და მანდატით მოაწერეთ ხელი საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გაუქმებას? რატომ არ შეუშალეთ ხელი საყდრისის ნგრევას? არავის სჯერა, რომ თქვენ ამისი ძალა არ გქონდათ! რა ვალი გვაქვს ასეთი „არემჯი გოლდისა“, რომ საყდრისი დაანგრევინეთ? ვის ჯიბესთან აქვს კავშირი „არემჯი გოლდს“? და ბოლოს, გაქვთ, თუ არა პირადად თქვენ კავშირი „არემჯი გოლდთან“? ამ კითხვაზე საზოგადოება ელის პასუხს, და პასუხს ელის არა 5-კაციანი საზოგადოება, არამედ მთელი საქართველო.
ირმა ინაშვილი, 2014 წლის 22 დეკემბერი. ბრიუსელი” - ნათქვამია წერილში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: