Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
12-11-2012, 20:01
ნანახია: 1289

როდის გაიხდის სააკაშვილი საპრეზიდენტო ჩოხას?

დღეს დიდი აჟიოტაჟია ატეხილი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს თავისი საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის იანვარში უმთავრდება, მოქმედ კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბერში.


ექსპერტები თვლიან, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კონსტიტუციურ კოლიზიასთან, რომელიც საჩქაროდ უნდა გასწორდეს. იგივეს ითხოვს კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა, რომელმაც ოფიციალური განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.


"ივერიონი" განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ:


"დემოკრატიულ სახელმწიფოთა კონსტიტუციური მოწყობის ისტორიაში ძნელია მოიძებნოს ქვეყანა, სადაც, 10-15 წლის განმავლობაში, ისე უდიერად მოპყრობოდნენ სახელმწიფოს ძირითად კანონს, როგორც ეს საქართველოში მოხდა. პარლამენტის შემადგენლობის დღევანდელი უმცირესობა ამ ნგრევის უშუალო ორგანიზატორი ან მონაწილეა, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც თავის დროზე წინააღმდეგობა გაუწია ფუძემდებლური კონსტიტუციური პრინციპებისა და პროცედურების უგულებელყოფას. გასაგებია, რომ მათ ვერ შეძლეს შეეცვალათ მმართველი პარტიის ვოლუნტარისტული მიდგომა კონსტიტუციისადმი.


  დღეს როცა პარლამენტში უმრავლესობაში მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ არის დამძიმებული წარსულის სამარცხვინო მემკვიდრეობით, აუცილებელია გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები, მდგომარეობის დაუყოვნებლივ გამოსასწორებლად; ამდენად, მიზნის მისაღწევად, საზოგადოებას, განსჯისა და მოქმედებისათვის ვთავაზობთ, ჩვენი აზრით, ეფექტიან სამართლებრივი გზას.


  დასაწყისისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ 2003 წელს ჩაშლილი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქართველოს უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც ექვსი თვით უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა პარლამენტის ძველ შემადგენლობას, რომელიც პირველ რიგში იყო პასუხისმგებელი არჩევნების კანონიერად ჩატარებაზე; ჯერ დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და არა ჩაშლილი საპარლამენტო არჩევნები; უკანონობა გახლდათ ის, რომ ექვსი თვის შემდეგ არჩევნები ხელახლა ჩატარდა მხოლოდ პროპორციული წესით, ხოლო მაჟორიტარული მანდატებით არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება უმაღლესი სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი. ძნელია მოძებნო ამომრჩევლისა და დეპუტატის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების ასეთი ცინიკურად შელახვის მაგალითი. მხოლოდ ამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა მოფინა ნათელი ჩანაფიქრის სიმუხთლეს _ ფაქტობრივ ტყვეობაში მყოფმა ძველი შემადგენლობის პარლამენტმა 2004 წლის 6 თებერვალს, კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა პროცედურის უხეში დარღვევით მოახდინა ცვლილებები, რითაც ძირფესვიანად შეცვალა მმართველობითი სისტემა და ხელისუფლების ავტოკრატიული უზურპაცია მოახდინა. ამის შედეგად ქვეყანა ფაქტობრივად გავიდა კონსტიტუციური სივრციდან. უნდა ითქვას, რომ იმ შემადგენლობის თექვსმეტმა დეპუტატმა, რომელთა შორის ზოგიერთი დღევანდელი პარლამენტის წევრიცაა, ჯერ წერილობით, ხოლო შემდგომ ღია სხდომაზე, საჯაროდ განაცხადა პროტესტი შემდეგი სიტყვებით: "დემოკრატია საფრთხეშია". ნათელია, რომ იგი არ იქნა შესმენილი.


  ამრიგად, 2004 წლის 6 თებერვალს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობის მიერ და ამის საფუძველზე დაიწყოს უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღებული სხვა უკანონო კონსტიტუციური ცვლილებების გადასინჯვაც.


  სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დაშვებულ იქნა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გავლენიანი დემოკრატიული სახელმწიფოების წაყრუებით, რამაც ქვეყანა უმძიმეს შედეგამდე მიიყვანა.


  დღეს საქართველო დგას რთული არჩევანის წინაშე _ დარჩეს საერთაშორისო სამართლითა და კონსტიტუციური კანონმდებლობით უარყოფილ სათაკილო კონსტიტუციის მემკვიდრედ, თუ უარი თქვას ახლო წარსულის უსამართლობაზე და მოკლე დროში რადიკალურად გამოასწოროს ვითარება. მხოლოდ ასეთი მოქმედებები აამაღლებს ქვეყნის დემოკრატიულ პრესტიჟს საერთაშორისო სარბიელზე და დაარწმუნებს მსოფლიოს პროგრესულ საზოგადოებას, რომ საქართველო ჭეშმარიტად და არა ფორმალურად დაადგა დემოკრატიზაციის გზას. ეჭვსგარეშეა, ამგვარ ნაბიჯებს ექნება დიდი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდანაც, რომელიც წლების განმავლობაში მართლაც რომ მონატრებულია მასშტაბური სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას.


  იმედია, ქვეყნის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და ქვეყანაში აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს; ქართველი ამომრჩევლის ნება გახლავთ ის, რომ მკაცრად აგებინოს პასუხი მათ, ვინც ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინაშე, რათა მომავალში სამუდამოდ აღიკვეთოს პოლიტიკოსთა თვითნებობა.


  2007 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოში კიდევ ერთხელ და უხეშად დაირღვა კონსტიტუცია, როცა, კონსტიტუციის 70-ე მუხლში ცვლილებების შეტანის გარეშე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თვითნებურად, ერთი წლით შეიმცირა საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა და ნდობის დადასტურების მიზნით, დანიშნა არა რეფერენდუმი ან პლებისციტი, არამედ საპრეზიდენტო არჩევნები. და რაც მთავარია, ვადაზე ადრე გადამდგარმა პრეზიდენტმა კვლავ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც მოქმედი კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. ყველას ახსოვს თუ როგორი ძალადობით მოხდა 2008 წლის იანვარში თავხედურად გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაცია, რაც ფაქტიურად ხელისუფლების განმეორებითი უზურპაცია გახლდათ.


  საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დეფაქტო პრეზიდენტს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა ეწურება 2013 წლის იანვარში, ხოლო ყოვლად უკანონო კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად ეს ვადა 10 თვით არის გაგრძელებული. ე. ი. ამჯერად სააკაშვილი კიდევ ერთხელ თვითნებურად იხანგრძლივებს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადას.


  მსოფლიოს სამართლებრივი პრაქტიკაში, და რაც მთავარია, საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს მუხლი, რომლის ძალითაც ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტს  გაუგრძელდება ან შეუმცირდება კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ვადა. კანონი მხოლოდ ვადამდელი არჩევნების პრაქტიკას იცნობს და არა მის გაგრძელებას ან შემცირებას.


  აუცილებელია აღსრულდეს საქარველოს ამომრჩეველთა პოლიტიკური ნება, რადგან სწორედ მათ შეძლეს ურთულეს პირობებში, თავისუფალი ნების გამოხატვის გზით, შეეცვალათ მოძალადე, უზურპატორი ხელისუფლება და უნდა დაინიშნოს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის იანვარში. ყველა მოსამზადებელი სამართლებრივი პროცედურა შესაძლებელია დასრულდეს ნოემბრის თვეში და გატარდეს შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილებები. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ კონკრეტული წინადადებები, თუ რა გზით არის შესაძლებელი ამ ამოცანის განხორციელება.


  კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა, რომელმაც თავის დროზე გააფრთხილა მოქმედი ხელისუფლება, ოპოზიციური ძალები, აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები, იძულებული გახდა კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე სარჩელით მიემართა კონსტიტუციური სასამართლოსთვის, მაგრამ როგორც ყოველთვის, მივიღეთ ფორმალური უარყოფითი პასუხი.


  ლიგის დამფუძნებლები მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ შეუდგეთ საქმეს. მხოლოდ ენერგიული, მიზანდასახული მოქმედებების შედეგად არის შესაძლებელი აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი და ამის საფუძველზე ქვეყანაში დაიწყოს სასურველი პოლიტიკური და მასტაბილიზებელი სოციალ-ეკონომიკური პროცესები".
კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგის წევრთა სახელით,

 

ბაკურ გულუა


ლიგის თავმჯდომარე