მანანა კობახიძე:ჟენევის ფორმატი უნდა შევინარჩუნოთ და რუსეთს მხოლოდ პარტნიორებთან ერთად ველპარაკოთ

მანანა კობახიძე:ჟენევის ფორმატი უნდა შევინარჩუნოთ და რუსეთს მხოლოდ  პარტნიორებთან ერთად ველპარაკოთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე  ე.წ. რატიფიცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს ნაბიჯს რუსეთმა, სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულებებით უპასუხა.

"იცით, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს ნაბიჯს რუსეთმა, სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულებებით უპასუხა.  ეს არის რუსეთის, რუსული პოლიტიკის პასუხი საქართველოს განზრახვაზე, რომ ის ევროპული ოჯახისა და NATO-ს წევრი გახდეს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ჩვენ საგარეო კურსის მიმართ ერთგულნი  ვართ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც რუსეთის ფედერაციისგან მოდის.  საქართველო ძალიან მყარად დგას ევროატლანტიკური კურსის გზაზე და ამას ნამდვილად ვერაფერი შეცვლის", - განაცხადა კობახიძემ.

 

კობახიძეის განცხადებით,  რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადაგმულ ნაბიჯებს საქართველომ  საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურებით უნდა უპასუხოს.

"ყველა მიმართულება იქნება ეს ევროკავშირი, NATO, ეუთო, გაერო-ს უშიშროების საბჭო, ჟენევის ფორმატი - მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს. ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკების რეჟიმში გადაიჭრას ნებისმიერი პრობლემური და კონფლიქტური საკითხი. ჩვენ ეს ნაბიჯები უკვე გადავდგით. იცით, რომ ახალი ხელისუფლების ურთიერთობა რუსეთთან დაკავშირებით დეესკალაციისკენ, ნორმალიზებისკენ, მშვიდობიან ფორმატში პრობლემების გადაჭრისკენ  იყო მიმართული, თუმცა, საპასუხო რეაქცია რუსეთისგან სრულიად არაადეკვატურია. ამას კარგად ხედავენ დასავლეთში, ბრიუსელში, ვაშინგტონში ჩვენი პარტნიორები. მათი მხრიდანაც ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ ვიმოქმედოთ მშვიდობიანად, არ წამოვეგოთ პროვოკაციას და არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში ის, რაც 2008 წელს მოხდა. ჟენევის ფორმატი უნდა შევინარჩუნოთ და რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორებთან ერთად ველპარაკოთ, რომ ამ დიალოგში მარტო არ ვიყოთ", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: