Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
27-01-2015, 10:56
ნანახია: 1441

გია ხუხაშვილი:

"ივერიონს" ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა

 

-ბატონო გია, რას შეცვლის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა?


-ალბათ ხუმრობთ. ჭიკაიძის გადადგომამ და ყოფნა-არყოფნამ რა უნდა შეცვალოს! ჩვენს ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, ეს არ არის მხოლოდ სახელებისა და გვარების პრობლემა.


-თქვენი აზრით, გამოიძიებენ თუ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელობას?


-იური ვაზაგაშვილის მკვლელობა - ეს ერთ-ერთი გამოვლენაა იმ სისტემური პრობლემისა, რომელიც ქვეყანაშია. ხელისუფლება, სამწუხაროდ, კომფორტის მძევალია და სააკაშვილის მიერ გამყარებულ სახელისუფლებო ვერტიკალს შეეზარდა და პროცესებსაც მასავით მართავს.
სამართლიანობის აღგდგენის მსურველებსა და არსებულ სისტემას შორის აშკარა კონფლიქტია. მართალია,  თანამდებობები დატოვეს შს მინისტრმა და სხვა პოლიციელებმა, მაგრამ სტრუქტურაში დარჩნენ მათი მეგობრები, რომლებსაც გამოძიებაზე უარყოფითი ზეგავლენა შეუძლიათ. აი, ამ რისკების დაზღვევა უნდა შეეძლოს ამ ხელისუფლებას, თუმცა მოხდა პირიქით - მახინჯი სისტემა შეეზარდა მას, სისტემა კი იბრძვის გადარჩენისთვის და ხელისუფლებამ მასთან 1-ლი რაუნდი წააგო.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება რთულია, მაგრამ მალე გაიხსნება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა, რადგან ის რეზონანსულია და რაღაც უნდა გააკეთონ ამისთვის.
ისე, ზურას მკვლელობის გამოძიებაც საქმეა, რადგან იურის ცხოვრებასაც და  სიკვდილსაც რაღაც აზრი მაინც მიეცემა.


-მთავრობის გადაყენების მოთხოვნით პერმანენტული აქციები იგეგმება. მოსალოდნელია თუ არა მისი შეცვლა?


-ამ ნაბიჯისკენ ხელისუფლებას ობიექტური რეალობა უბიძგებს. პრობლემებია არა მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ, სამართლიანობის აღდგენისა და ეკონომიკის ჩამორჩენილობის მხრივაც. ხელისუფლებამ ამ მხრივ, ფაქტობრივად, ვერცერთი სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. აქედან გამომდინარე, მან ან მიდგომები უნდა შეცვალოს, ან უნდა გადახალისდეს!


-მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციები  გამოიწვევს თუ არა პრემიერ-მინისტრის შეცვლას?


-მთავრობა თუ არაეფექტურია, პოლიტიკურად პასუხისმგებელი პრემიერ-მინისტრია. აშკარაა, ღარიბაშვილი ვერ ახერხებს მთავრობის კონსოლიდაციას, მასში ბევრი შეცდომა და შეფერხებაა... 
რაც შეეხება პრემიერობის ახალ შესაძლო  კანდიდატს, ვფიქრობ, დავით სერგეენკო ის მინისტრია, რომელსაც იშვიათად აკრიტიკებენ -  წესიერია, სოლიდურია, პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს და პოზიტიური პიროვნებაცაა,  რასაც მოსახლეობაც გრძნობს. ის, როგორც ტექნიკური პერსონალი, საუკეთესოა პრემიერ-მინისტრად, როგორც პოლიტიკური კი ნაკლებად გამოცდილია, მაგრამ განვითარება არ გაუჭირდება. არ მინდა ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკული ვიყო და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თუმცა მისი შეცდომების ლიმიტი კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.


-პოლიტიკიურ და საზოგადოებრივ წრეებში ეჭვობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. თქვენ რას ფიქრობთ?


ეს იდეალური იქნებოდა. მან თქვა, თუ საჭირო გახდება, დავბრუნდებიო. ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, რომ მას მოუწევს თავისი დანაპირების შესრულება.  პარლამენტი გადახალისდება, რისკი, რომ  "ქართული ოცნება"  საკონტროლო პაკეტს ვერ მიიღებს, დიდია, კოალიცია დღევანდელი სახით არ დაკომპლექტდება, არჩევნებს არ წააგებენ, მაგრამ ვერც მოიგებენ.

                                                        ესაუბრა ია ჯღარკავა