ქეთევან გიგაშვილი: მალე პროფესორებს არათუ კვლევებს, არამედ აზროვნებასაც აგვიკრძალავენ!

ქეთევან გიგაშვილი: მალე პროფესორებს არათუ კვლევებს, არამედ აზროვნებასაც აგვიკრძალავენ!

წინამდებარე ღია წერილი „ივერიონს“ ქალბატონმა ქეთევან გიგაშვილმა გამოაგზავნა და გვთხოვა გამოგვექვეყნებინა.

პრობლემა იმდენად უცნაური და არსებითია, ვბეჭდავთ ყოველგვარი შესწორების გარეშე.

 

                                             ღია წერილი

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,

ქალბატონ თამარ სანიკიძეს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო

ფონდის გენერალურ დირექტორს, ქალბატონ მარინე ჩიტაშვილს

საქართველოს პარლამენტის განათლების,

მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს,

ბატონ ივანე კიღურაძეს

 

ქალბატონო თამარ!

ქალბატონო მარინე!

ბატონო ივანე!

 

მოგმართავთ კიდევ ერთხელ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან გიგაშვილი. უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირთა არაპროფესიონალიზმის წყალობით, პროფესორები, სამწუხაროდ, ისევ დაუცველები ვართ - შიდა რეგულაციების მთელი რიგი მუხლები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. სიტუაციის გამოსწორების მსურველი კი არავინ ჩანს: არც უნივერსიტეტის იურისტი, არც აკადემიური თუ წარმომადგენლობითი საბჭოები, არც რექტორი, თუ დღეს მისი მოვალეობის შემსრულებელი და, რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავისი შიდა აუდიტის სამსახურით.

ალბათ, გახსოვთ, ამ  3 თვის წინ  წერილობით მოგმართეთ და გთხოვეთ, რომ კანონმდებლობასთან უნივერსიტეტის დებულებების შესაბამისობაში მოყვანის საქმეში დაგვხმარებოდით, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ საქმე ეხებოდა პროფესორთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას, სადაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა პროფესორისთვის სამსახურში ყოფნის სავალდებულო დროდ 3, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ პროფესორისთვის 4 დღე ჩაწერეს, რითაც შეზღუდეს პროფესორის აკადემიური თავისუფლება!..

ჩემი წერილი 2-3 თვის განმავლობაში უპასუხოდ იყო დარჩენილი, რითაც ისარგებლა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ  და მეტი  სურვილი აღეძრა პროფესორის დაჩაგვრის მიმართულებით: დააწესა კანონით აკრძალული სატაბელო აღრიცხვა და  პროფესორს დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე უნივერსიტეტში ყოფნა დაავალდებულა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა მას თუ არა ლექციები.

ამას ახალი „ინოვაცია“ მოჰყვა: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დეკანის ინიციატივით, პროფესორების ყოველ ერთ საათში ერთხელ აღრიცხვა დაიწყეს, ხოლო რექტორის მიერ მივლინებული პირის საშუალებით _ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ სიის ამოკითხვა (როგორც პროფესორები ამბობენ, სიის ამოკითხვას ყოველდღიური ხასიათი არ ჰქონდა), პროფესორი შემთხვევით ბიბლიოთეკაში, ან ლაბორატორიაში ხომ არ იყო „გაპარული“. ერთ-ერთი თანამშრომელი, სიცხიანი და ანგინიანი ნანა ბერძენიშვილი, დეკანმა არ გაანთავისუფლა „ტყუილად ჯდომის“ (როგორც თვითონ ნანა ბერძენიშვილი ამბობს) და არა სალექციო საათებში, რის გამოც მას მეორედ, შემდეგ კი მესამედ შეუტრიალდა ავადმყოფობა.

და ეს ხდება, ქალბატონებო და ბატონებო, 21-ე საუკუნის საქართველოში, ერთ-ერთ  სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა დისტანციური სწავლება განათლების სფეროს და, კერძოდ, საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილადაა ქცეული და დღითი-დღე მეტოქეობას უწევს სწავლების ტრადიციულ მეთოდებს თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში  და ამ დროს, თელავის უნივერსიტეტის პროფესორებს მე-20 საუკუნეში, ღრმა საბჭოთა ეპოქაში აბრუნებენ და არავინაა მათი დამცველი და  გამკითხავი!.. 

აკადემიური საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის დადგენილებით (N 84),  საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმა­ლური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერე­ბისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-12 მუხლის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი გან­ვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირვე­ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცებულია ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულება (ხელს აწერს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური), რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

აღნიშნული დებულების  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  „ერთსა და იმავე პირს ერთსა და იმავე დროს ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან/და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ – ჯამში 2-ზე მეტ პროექტში“.

ამრიგად, მთავრობის დადგენილებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის, მეცნიერს უფლებას აძლევს, ორ სამეცნიერო პროექტში იყოს ჩართული ერთსა და იმავე დროს. ამას რუსთაველის ფონდი უნივერსიტეტებისა თუ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების პროფესორებისა და მკვლევარებისთვის კვლევით საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით აკეთებს, კვლევების არსებითი მიზანი კი ქვეყანაში სამეცნიერო პოტენციის ამაღლება და ქართველ მეცნიერთა კვლევითი მიღწევების საერთაშორისო სივრცეში ჩართვაა.

ალბათ, ფიქრობთ (ამაში ეჭვი, რა თქმა უნდა, არც უნდა გეპარებოდეთ), რომ მთავრობის აღნიშნული დადგენილება საქართველოს ყველა უნივერსიტეტისა და კვლევითი ცენტრისთვისაა შექმნილი და ყველა პროფესორს, სადაც არ უნდა მუშაობდეს ის, ამ დადგენილებით მინიჭებული უფლებებით სარგებლობა შეუძლია. მაგრამ როცა საქმე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეხება, იქ არამცთუ ამ დებულების ყველგან ხელმისაწვდომობაში უნდა შეგეპაროთ ეჭვი,  არამედ  იმაშიც, რომ მთავრობის კეთილი ნებით, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანი ამგვარი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და კონკურსის გამართვაა  ღიად და საჯაროდ, გამჭვირვალე კონკურენტულ გარემოში. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დებულებით „სამეცნიერო გრანტების დაფინანსების შესახებ“, პროფესორს, რომელიც რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებულ ერთ და თელავის უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებულ ერთ პროექტშია ჩართული, ეკრძალება რუსთაველის ფონდში მეორე საპროექტო განაცხადის შეტანა. ანუ ეკრძალება ის, რასაც თვითონ მთავრობა და რუსთაველის ფონდი არ უკრძალავს პროფესორს.

აღნიშნული დებულება 2012 წლის 30 მარტს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებში (ორივე ორგანოში ერთ დღეს!) ისე დაამტკიცეს (თურმე) რომ არც საბჭოს წევრებისთვის  წაუკითხავთ, საბჭოზე არც ვინმე დაუსწრიათ (როგორც სჩვევიათ ხოლმე, მალულად და ფარულად, რექტორის კაბინეტში), არც შესაბამისი სამსახურებისთვის მიუწვდიათ ინფორმაცია და არც უნივერსიტეტის ვებგვერდზე განუთავსებიათ. წლების მანძილზე ინახავდნენ ამ დოკუმენტს ისევე მალულად და ფარულად, როგორც მიიღეს. ამ დოკუმენტმა დამტკიცებამდე ჩემს ხელშიც გაიარა და მსგავსი პუნქტი იქ არ ყოფილა ჩაწერილი. დაინტერესებულმა პირმა ისე შეიტანა ეს ჩანაწერი, რომ არავის გააგებინა.  მას, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამით მთავრობის დადგენილებას ეწინააღმდეგებოდა.

ეს ჯერ კიდევ არ არის  ყველაფერი. უფრო სავალალო ის გახლავთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური თელავის უნივერსიტეტს ეუბნება (მისი წერილი 2014 წლის 1 დეკემბერსაა შემოსული უნივერსიტეტში), თქვენი პროფესორი თქვენს მიერ მიღებული დებულების კანონშეუსაბამო მუხლებს დაუქვემდებარეთო. ის არ ეუბნება, ეგ დებულება კანონთან შესაბამისობაში მოიყვანეთ, თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ ჩვენი უწყების ერთ-ერთი იურიდიული პირის _  რუსთაველის ფონდის დებულებას, რომელიც მთავრობის დადგენილებით არის მიღებული, შეზღუდვებს უწესებთო.

შიდა აუდიტის სამსახურიდან 1 დეკემბერს შემოსული წერილი სამეცნიერო-კვლევით განყოფილებას 30 დეკემბერს გადმოსცეს, მას შემდეგ, რაც წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე სპიკერ ნუნუ გელდიაშვილს, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ირმა შიოშვილის თანდასწრებითა  და  საბჭოს წევრების აღტაცებული ყიჟინის ქვეშ, უკვე მოსწრებული ჰქონდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის პროფესორების დასჯის დავალება. მათ რომ საბჭოს სხდომაზე ჩემთვის დაეძახათ და წერილის შინაარსი ეცნობებინათ, მარტივად ავუხსნიდი, რომ ზემოთ ნახსენები დებულებით ისინი სხვა ორგანიზაციის საკანონმდებლო სივრცეში უკანონოდ იყვნენ შეპარულები და მოვუწოდებდი, ისე დაეტოვებინათ ეს უკანონოდ ათვისებული სივრცე, რომ ზედმეტი ხმაური არ გამოეწვიათ.

იმედს გამოვთქვამ, რომ წერილის ადრესატი პირები დაინტერესდებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პრობლემებით და შეეცდებით ჩვენს დახმარებას. თორემ აქ პროფესორებს მალე არამცთუ კვლევებს, არამედ, აზროვნებასაც აგვიკრძალავენ.

 

 

უღრმესი პატივისცემით,

 

უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი

განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი                ქეთევან გიგაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: