უმრავლესობა საგანელიძის წინააღმდეგ

უმრავლესობა საგანელიძის წინააღმდეგ

"უმრავლესობის ლიდერი მისი განცხადებებით საკუთარ დელეგიტიმაციას ახდენს," - ასე გამოხმაურა ზაქარია ქუცნაშვილი დავით საგანელიძის გუშინდელ განცხადებებს.
მმართველი გუნდის ნაწილმა უმრავლესობის ლიდერი და პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის მათთან შეუთანხმებელი კრიტერიუმების დაწესებისთვის გააკრიტიკეს.
საკუთარი არგუმენტები აქვს დავით საგანელიძეს. მისი მტკიცებით, კონსულტაციებზე ინფორმაცია რამდენჯერმე მიაწოდა ფრაქციების თავმჯდომარეებს - "ქართული ოცნების" ფრაქციის უმრავლესობისთვის კი ინფორმაცია გიორგი ვოლსკის უნდა მიეწოდებინა.
"როდესაც უმრავლესობის ლიდერი მისივე განცხადებაში ხაზგასმით ამბობს ორჯერ, მე არა ვარ ვალდებული ველაპარაკო უმრავლესობის წევრებსო, ამით ის ახდენს თავისი თავის დელეგიტიმაციას," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ის ფაქტი, რომ უმრავლესობასთან მის ლიდერს კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის კრიტერიუმებზე არ ჰქონია, თავდაპირველად, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გაახმაურა, რასაც უმრავლესობის წევრების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები და კომენტარები მოჰყვა. ზოგი ადასტურებს, ზოგი კი უარყოფს კონსულტაციებში მონაწილეობას.
საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უმრავლესობაში დისციპლინის რღვევა შეიმჩნევა.
"უმრავლესობის ლიდერის გამონათქვამი ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როცა ის ამბობს, მე ხომ ყველას ვერ შევხვდებოდიო. იმის თქმა, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ და უმრავლესობა ჭრელია, ეს უკვე სიჭრელე და თავისუფლება აღარ არის. ეს არის დისციპლინის მორღვევა უმრავლესობაში," - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა გია ცაგარეიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: