მინსკის შეთანხმების სრული ტექსტი-რაზე შეთანხმდნენ მხარეები

მინსკის შეთანხმების სრული ტექსტი-რაზე შეთანხმდნენ მხარეები

უკრაინული მედია მინსკის შეთანხმების სრულ ტექსტს აქვეყნებს. 4-ფურცლიანი დოკუმენტი 13 პუნქტს მოიცავს, რომლის შესრულების ვალდებულებასაც მხარეები იღებენ. დოკუმენტს ხელს აწერენ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის წევრები ეუთო-ს ელჩი ჰაიდი ტალიავინი, უკრაინის მეორე პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხაილ ზურაბოვი, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის დე-ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლები ალექსანდრ ზახარჩენკო და იგორ პლოტნიცკი.
1. დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ რაიონებში და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრი შესრულება 2015 წლის თებერვლის 00.00 საათიდან.
2. მძიმე შეიარაღების გაყვანა ორივე მხარის მიერ თანაბარ დაშორებაზე, რათა შეიქმნას მინიმუმ, 50 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა 100 მილიმეტრის კალიბრის საარტილერიო სისტემებისთვის, 70-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის და 140 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა "ტორნადოს," "ურაგანის," "სმერჩისა" და ტაქტიკური სარაკეტო სისტემა "ტოჩკა"-სთვის. უკრაინის ჯარებისთვის უსაფრთხოების ზონა განისაზღვროს ურთიერთშეხების ფაქტიური ხაზიდან, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების სამხედრო ფორმირებებისთვის კი- 2014 წლის 19 სექტემბერს მინსკის მემორანდუმით გათვალისწინებული ურთიერთშეხების ხაზიდან. ზემოხსენებული მძიმე შეიარაღების გაყვანა უნდა დაიწყოს არაუგვიანეს მეორე დღისა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება და უნდა დასრულდეს 14 დღის განმავლობაში. პროცესში ჩართული იქნება ეუთო, რომელსაც დახმარებას სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი გაუწევს.
3. უზრუნველყოფილ იქნას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და მძიმე შეიარაღების გაყვანის ეფექტური მონიტორინგი და ვერიფიკაცია ეუთოს მიერ, შეიარაღების გაყვანის პირველივე დღიდან. ამ მიზნით გამოყენებულ იქნას ყველანაირი ტექნიკური საშუალება: თანამგზავრები, უპილოტო მფრინავი აპარატები, რადიოლოკაციური სისტემები და სხვ.
4. შეიარაღების გაყვანიდან პირველივე დღეს დაიწყოს მოლაპარაკებები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შესახებ უკრაინის კანონმდებლობისა და "დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონებში დროებითი თვითმმართველობის შესახებ" კანონის შესაბამისად. ასევე დაწყებულ იქნას მოლაპარაკებები ამ რაიონების მომავალი რეჟიმის შესახებ, ზემოთ აღნიშნული კანონის საფუძველზე. წინამდებარე დოკუმენტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 30 დღეში უმაღლესი რადას მიერ მიღებულ იქნას დადგენილება ტერიტორიის შესახებ, რომელზეც გავრცელდება განსაკუთრებული რეჟიმი, "დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონებში დროებითი თვითმმართველობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იმ ხაზის საფუძველზე, რაც დადგენილ იქნა 2014 წლის 19 სექტემბრის მინსკის მემორანდუმით.
5. უზრუნველყოფილ იქნას შეწყალება და ამნისტია შესაბამისი კანონის მიღებით, რომელიც იმ პირთა დევნასა და დასჯას აკრძალავს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ რაიონებში განვითარებულ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი.
6. უზრუნველყოფილ იქნას ყველა სამხედრო ტყვისა და უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება. ტყვეების გაცვლა განხორციელდეს "ყველა ყველაზე" პრინციპით. პროცესი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 5 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც მძიმე შეიარაღების გაყვანა მოხდება.
7. უზრუველყოფილ იქნას საერთაშორისო მექანიზმების საფუძველზე ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო გადაადგილება, შენახვა და განაწილება.
8. განსაზღვრულ იქნას სოციალურ-ეკონომიკური კავშირების სრული აღდგენის მოდალურობა, რაც მოიცავს სოციალურ გადარიცხვებს, პენსიებისა და სხვა დახმარებების გაცემას (შემოსავლები და მოგება, კომუნალური გადასახადების დროული დაფარვა, საგადასახადო სისტემის ამოქმედება უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში). ამ მიზნით, უკრაინა აღადგენს საბანკო სისტემის სეგმენტებს კონფლიქტი ზონის რაიონებში. შესაძლოა ზემოთ ხსენებული სისტემების ასამუშავებლად საერთაშორისო მექანიზმებიც შეიქმნას.
9. უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელდეს სახელმწიფო საზღვარზე სრული კონტროლის აღდგენა (რაც კონფლიქტის მთლიან ზონას მოიცავს), პირველივე დღიდან მას შემდეგ, რაც ზემოთ ხსენებულ ოლქებში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება და პოლიტიკური დარეგულირების პროცესი დასრულდება. პროცესი დაიწყება 2015 წლის ბოლოსთვის იმ პირობით, თუ შესრულდება შეთანხმების მე-11 პუნქტი, დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონების წარმომადგენლებთან კონსულტაციებისა და შეთანხმების საფუძველზე, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში.
10. განხორციელდეს ყველა უცხოური სამხედრო ფორმირების, სამხედრო ტექნიკისა და დაქირავებული მებრძოლების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან ეუთოს მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე განხორციელდეს უკანონო დაჯგუფებების განიარაღება.
11. განხორციელდეს უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმა და 2015 წლისთვის მიღებული იქნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს დეცენტრალიზაციას (დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონების განსაკუთრებულობის გათვალისწინებითა და ამ რაიონების წარმომადგენლებთან შეთანხმებით). ასევე მიღებულ იქნას მუდმივი კანონმდებლობა, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონების განსაკუთრებულ სტატუსს განსაზღვრავს 2015 წლის ბოლომდე.
12. "დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონებში დროებითი თვითმმართველობის შესახებ" კანონის შესაბამისად, საკითხები, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს შეეხება, განხილული და შეთანხმებული იქნება დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონების წარმომადგენლებთან, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში. არჩევნები ჩატარდება ეუთოს სტანდარტებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მონიტორინგით.
13. მოხდეს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მუშაობის ინტენსიფიცირება, სამუშაო ჯგუფების შექმნის გზით, რომლებიც მინსკის შეთანხმების ასპექტების შესრულებაზე იზრუნებენ.

 

წყარო: http://reportiori.ge/

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: