ეკა კვესიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხობს

ეკა კვესიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს  პასუხობს

ეკა კვესიტაძე შსს-ს facebook-ის საკუთარ გგვერდზე პასუხობს:


"განსხვავებულ აქცენტებში" გასული შოკისმომგვრელი ფაქტების საპასუხოდ, რომლებიც, სამწუხაროდ, ადასტურებს, თუ როგორ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალურ სამყაროსთან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომლითაც ის თითქოს ჩვენს გადაცემას სიცრუეში ამხელს, სინამდვილეში კი გადაცემაში წარმოდგენილ ფაქტებს ამყარებს. ის, რომ შსს-მ პასუხი ვერ გასცა ჩვენს გადაცემაში მოყვანილ სხვა ვერცერთ კონკრეტულ ფაქტს, მათ შორის ე.წ. "კანონიერი ქურდების" მინდია გორაძის მეტსახელად "ლავას-ოღლის", გიორგი ჯანელიძის მეტსახელად "გოგი პიტერსკისა" და ჯუმბერ გუგავას რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის უტყუარ ვიდეო მტკიცებულებებს, კიდევ ერთხელ არწმუნებს საზოგადოებას ჩვენს სრულ სიმართლეში. რაც შეეხება სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან კადრების ჩვენებას, რომლებზეც, სავარაუდოდ, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეა ასახული, მათზე მართლაც ჩანს, რომ ამ პიროვნების პასპორტი მესაზღვრეებმა სისტემაში გაატარეს, რისი მტკიცებულებაც ჩვენ გადაცემაში წარმოვადგინეთ (შეგახსენებთ, რომ ჩვენ გავავრცელეთ სამინისტროს საინფორმაციო ბაზიდან ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთას ადასტურებას). ამავდროულად, კადრებში არ ჩანს დევაძის დაკავების მომენტი და გაუგებარია, თუ სად გაჰყავთ დარბაზიდან ან სად აცილებენ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს პოლიციელები. ამას გარდა, არ არის მითითებული, თუ როდისაა აღნიშნული კადრები გადაღებული.
სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის წუხილი, რომ გადაცემის ავტორებმა მასთან ფაქტების გადამოწმება არ მოისურვეს, უბრალოდ ფარისევლობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერაც არ უპასუხია ჩვენს წერილზე, სადაც ვითხოვთ საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის რევაზ ურუშაძის თანამდებობიდან მოხსნის მიზეზის ახსნას, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის "ლავას-ოღლის" საზღვარზე შეყოვნებას შეეწირა.
სამინისტროს ასევე შევახსენებთ, რომ ინფორმაცია რამაზ დევაძის მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ თვენახევრის წინ გავრცელდა. უცნაურია, რომ გადაკვეთის "დამადასტურებელი" კადრები სამინისტრომ მხოლოდ თვენახევრის შემდეგ იპოვა.
და ბოლოს, თუ სამინისტროს სურს, ჩვენს გადაცემებში დასმულ კითხვებს გამოეხმაუროს, სიამოვნებით მოვისმენთ მათ პასუხს იმაზე, დამზადდა თუ არა ჰაკიმ-ფაშას მიერ გავრცელებული ფოტომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვისი დავალებით დაამონტაჟეს ბომბი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახლთან, როგორ მიმდინარეობს ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიება და ა.შ.
P.შ. ჩვენს მიერ თვეების წინ დასმულ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე სამინისტროში პასუხი ან არ გაუციათ ან პასუხის დაპირების შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს საერთოდ არ პასუხობდნენ. იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ გადაცემებზე მუშაობისას სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან უფრო მეტად ოპერატიულები, პასუხისმგებლიანები და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს დროულად უპასუხებენ."-წერს კვესიტაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: