Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
17-02-2015, 12:49
ნანახია: 2255

რატომ არ ვუჭერ მხარს ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლას?!

 ლევან ვასაძის  ინგა გრიგოლიას  გადაცემა "რეაქციაში"  სტუმრობამ  ახალი საღერღელი აუშალა ჟურნალისტებს. სხვათაშორის, "ჩოხოსანი მილიონერი"  კიდევ ერთხელ ინტერესის საგანი გახდა საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც ვასაძის აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლას ელოდება!..
 ჩემი დაკვირვებით, ლევან ვასაძე  საზოგადოების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მაშინ ექცევა, როცა ქვეყანაში დღის წესრიგში დგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები.
  ალბათ "ივერიონის" მკითხველებს კარგად ახსოვთ მისი ომახიანი რიტორიკა ცენტრალური ტელევიზიებიდან, როცა პარლამენტში  ანტიდისკრიმინაციული  კანონი იხილებოდა. ბევრს  ეგონა, რომ ბ-ნი  ლევანი  საპროტესტო  მუხტს      ააგორებდა და  ანტიდისკრიმინაციული  კანონის შემოქმედებს, მისი ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, პარლამენტიდან ქეჩოთი  გამოათრევდა. თუმცა, ეს ილუზია მაშინვე გაქრა, როცა მან  საპროტესტო ნოტას ჯერ ხელი მოაწერა დაანონსებულ აქციაზე ხალხს მოსვლისკენ მოუწოდა.
  შემდეგ კი იუარა ( "ქვეშიდან გამოვიდა")მართალია, მე ჩემი მეგობრების თხოვნით საპროტესტო მოძრაობას მხარი დავუჭირე, პეტიციას ხელი კი მოვაწერე, მაგრამ, საპროტესტო აქციაზე მისვლის  სურვილი არ მქონიაო!
  ერთი სიტყვით, ვასაძის რიტორიკა  რიტორიკად დარჩა-კანონი მიიღეს, მაგრამ, კანონმდებლები პარლამენტიდან ქეჩოთი არავის გამოუთრევია.
 კანონის მიღებისთანავე, ვასაძე საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრიდან გაქრა- არც ხალხმრავალ შეკრებებში , არც  ტელევიზიებში იგი არავის  დაულანდავს!..
 ახლა კი, როცა  მიწის შესახებ კანონში  ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის ჩანაწერები გაჩნდა, რომელსაც  საზოგადოების ჯანსაღი  ნაწილი უკმაყოფილებით (ჯერჯერობით მხოლოდ უკმაყოფილებით, რადგან,  ატქიური საპროტესტო ტალღა არ დაწყებულა) შეხვდა, ვასაძე საჭირო დროს  "რეიტინგულ" საავტორო გადაცემაში აღმოჩნდა და ჩვეული რიტორიკით დაბნეული და დამფრთხალი საზოგადოება  გააბრუა.
  ვასაძეს საუბარი  რომ არ ეშლება,  საკამათო არ არის - საუბრის მანერებიც დახვეწილი აქვს და ძალიან მდიდარი (გულისამაჩუყებელი) ლექსიკითაც  გვაწონებს თავს.
  სამწუხაროდ , ისევ რიტორიკა, ისევ აპელირება  ანტიეროვნულ  ძალებზე, პარლამენტში შეგდებული        ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის  კანონპროექტის   "გაშიშვლება"  და  დიდაქტიკური დასკვნა- ეს კანონი  არ უნდა მივიღოთ, რადგან,  სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება!!!
 მართალია, ვასაძე კრიტიკულია ზოგადად დღევანდელი ხელისუფლების  მიერ გატარებული პოლიტიკის შეფასებაში, მაგრამ, გულწრფელად აცხადებს, რომ  მარგველაშვილი მისი მეგობარია და როგორც საჭიროა ისე ვერ "გადაუვლის",  თუმცა, მის სისუსტეებს აშკარად ხედავს. კარგად გრძნობს ივანიშვილის პასუხისმგებლობას ქვეყანაში  მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ, გვამუნათებს- გვთხოვთ, რომ მასთან "ნუ დამაპირისპირებთო".
 ერთი სიტყვით, "ჩოხოსანი მილიონერი" კარგად ურტყამს  "დაბალ ღობეს" ანუ,  პარლამენტს, მაგრამ, საკრიტიკოდ არც მარგველაშვილი, არც ივანიშვილი და არც ღარიბაშვილი არ ემეტება!
 "რეაქციაში" ვასაძის ვიზიტის  შემდეგ უკვე ღიად ალაპარაკდნენ მის  შემოსვლაზე აქტიურ პოლიტიკაში, რომელმაც თუ შალვა ნათელაშვილს  ვერწმუნებით, ივანიშვილის "კლებადი რეიტინგი" უნდა დააბალანსოს.
 ზოგიერთები ვასაძის პოლიტიკურ აქტიურობაში რუსულ კვალსაც ხედავენ და აცხადებენ, რომ მოსკოვი თავის  ემისარს მაშინ ააქტიურებს, როცა ეს მას საჭიროდ მიაჩნია!
 სოციალურ ქსელში და ქართულ მედიაში  ურთიერთგამომრიცხავი სტატიები და სტატუსები იბეჭდება ვასაძე-ივანიშვილის ურთიერთობებზე (ისიც დაიწერა, რომ  ივანიშვილმა მას 300 მილიონიანი დავალიანება  დაუფარა), მაგრამ, ეს არ არის არსებითი. არსებითია ის, რომ  ჯერჯერობით ვასაძე არ ცდილობს  დაიკავოს დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტის, ანუ ახალი (ე.წ მესამე ) ძალის ნიშა. თუმცა თუ მან საბოლოოდ ახალი ძალის ფორმირებაზე ან ვინმესთან  ალიანსზე პოლიტიკური განცხადება გააკეთა, ეს არამც და არაცმ არ იქნება ივანიშვილის  წინააღმდეგ მიმართული  ნაბიჯი -  ვასაძეც ჩეულებრივი ბიზნესმენია, რომელსაც  გარკვეული ვალდებულებები  ამძიმებს.
 აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ  უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ხელისუფლებაში  ოფიციალური  მილიარდერებისა თუ მილიონრების ადგილი არ არის.  რაც არ უნდა სიმპათიებით ვიყო გამსჭვალული "ჩოხოსანი მილიონერის" მიმართ, რაც არ უნდა  მოგვწონდეს მისი დახვეწილი და  რაფინირებული რიტორიკა, საქართველოს გადარჩენის გზა იმ  ჭეშმარიტ პატრიოტებზე ( ეს იმას არ ნიშნავს ეჭვი მეპარებოდეს ვასაძის პატრიოტულ სულისკვეთებაში) გადის, რომლებიც  თავისუფალნი არიან  თავიანთ არჩევანში  და  საკუთარ სიცოცხლესაც დადებენ  საქართველოს ინტერესების სამსხვერპლოზე!...
 ჩვენ უკვე ვნახეთ, რას ნიშნავს  ბიზნესმენის  (მილიარდერის) მოსვლა ხელისუფლებაში, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ  ივანიშვილმა შეუძლებელი შეძლო და  ცხრაწლიანი ჯოჯოხეთისგან იხსნა ქვეყანა, ოქტომბრისშემდგომი საკანონმდებლო  ინიციატივები დამშვიდებისა და თავის მოტყუების  საშუალებას მაინც არ გვაძლევს .
  მე არ ვუჭერ მხარს ლევან ვასაძის  პოლიტიკაში შემოსვლას, რადგან, წინასწარ ვიცი, რომ მერე ესეც სანანებელი გაგვიხდება!


                                                      ზაურ ნაჭყებია