Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
26-02-2015, 11:53
ნანახია: 682

2014 წელს ყველაზე მაღალი შემოსავალი თეა წულუკიანმა მიიღო

IDFI-ის ცნობით, ყველაზე მაღალი შემოსავალი 2014 წელს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს აქვს მიღებული.

ორგანიზაცია მინისტრებისა და მათი მოადგილეების 2014 წლის დეკლარირებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მინისტრებს ყოველთვიური სახელფასო დანამატი 4 435 ლარიდან 2710 ლარამდე შეუმცირდათ. შესაბამისად, 2014 წლის იანვრის თვის შემდგომ მინისტრის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს (3540 ლარი) და სახელფასო დანამატის (2 710 ლარი) სახით ჯამში 6 250 ლარის ოდენობით (ხელზე 5 000 ლარი) განისაზღვრა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და სხვადასხვა სამინისტროს ვებ-გვერდებზე პროაქტიულად განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე, IDFI შეეცადა გამოერკვია, თუ რამდენად შესაბამისობაშია მინისტრების 2014 წლის სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებასთან, რომლის მიხედვითაც მინისტრის წლიური შემოსავალი 75 000 (ხელზე 60 000) ლარის ოდენობითა განსაზღვრული.

IDFI ხაზს უსვამს, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები წინა წლის მდგომარეობით აისახება. შესაბამისად, 2014 წლის განმავლობაში, მინისტრის შემოსავლები საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მინისტრების შემთხვევაში, რომლებსაც 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე წარდგენილი აქვთ ქონებრივი დეკლარაცია.

აღნიშნული მონაცემებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს 87 500 ლარი (ხელზე 70 000 ლარი), აღნიშნული თანხიდან, 75 000 ლარი მის თანამდებობრივ სარგოს და პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სახელფასო დანამატს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი 12 500 ლარი იუსტიციის მინისტრს მიღებული აქვს პრემიის ან სხვა დანამატის სახით.

სულ 81 569 ლარი შეადგინა 2014 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის შრომის ანაზღაურებამ. როგორც ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ისე განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის ანაზღაურებამ 81 250 ლარი შეადგინა. კვირიკაშვილისა და სანიკიძის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოსა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატის გარდა, თითოეულს 2014 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 6 250 ლარის ოდენობის პრემია ან სხვა დანამატი.

დავით სერგეენკოს, კახი კალაძისა და სოზარ სუბარის შრომის ანაზღაურებამ გასულ წელს 75 000 ლარი შეადგინა. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძესა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს 2014 წლის განმავლობაში პრემია არ მიუღიათ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის მიერ 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები (72 856) კი, ძირითადად, დაკავშირებულია მინისტრის მოადგილედ მოღვაწეობის პერიოდთან.

IDFI-ის შეფასებით, ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან გამოჩნდა, რომ მინისტრების შრომის ანაზღაურება გარკვეულწილად დარეგულირებულია, თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროების სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში. 2014 წელს სხვადასხვა სამინისტროში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის განსხვავებული პრაქტიკა შეინიშნება. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ხუციშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს მისი სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 139 393 ლარს, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს მხოლოდ 32 640 ლარს. ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრის თითოეულ მოადგილეს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს დაახლოებით 102 000 ლარი, ხოლო იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს თითოეულს - 92 000 ლარი.

IDFI-ის შეფასებით, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2014 წელს მთელ რიგ სამინისტროებში მინისტრზე მაღალი შემოსავლები აქვთ მიღებული მათ მოადგილეებს ან სხვა თანამდებობის პირებს. მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შრომის ანაზღაურებამ 2014 წელს შეადგინა 81 559 ლარი, მაშინ, როდესაც მისი მოადგილის დავით ხუციშვილის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა - 139 393 ლარი, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით ცინარიძის შემოსავალი კი 2014 წლის განმავლობაში 105 920 ლარს გაუტოლდა. მინისტრის შრომის ანაზღაურებაზე გაცილებით დიდი თანხა 2013 წელს მიღებული აქვს, აგრეთვე, შსს მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას - 145 368 ლარი.

IDFI აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში დარეგულირდეს არა მხოლოდ პრემირების, არამედ სახელფასო დანამატის გაცემის სისტემა და რომ თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების სისტემის ცვლილება არ იყოს ერთჯერადი ქმედება, არამედ განხორციელდეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონტექსტში. რეფორმამ, გარდა ანაზღაურების სისტემისა, ასევე, კომპლექსურად უნდა მოაწესრიგოს საჯარო სამსახურთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ, განსაზღვროს საჯარო მოსამსახურეთა კლასიფიკაცია, უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები, საჯარო მოსამსახურეთა განათლების, მომზადებისა და გადამზადების სისტემა და ა.შ. ვთვლით, რომ სწორედ ასეთი სისტემური მიდგომა შეუწყობს ხელს საქართველოში საჯარო სამსახურის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებას.