Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
2-03-2015, 19:22
ნანახია: 1870

გაზზე გაზრდილი ტარიფი უკვე ძალაშია

გაზრდილი ტარიფი უკვე ძალაშია თუმცა გაზგამანაწილებელი კომპანია მთავრობასთან და სემეკთან ტარიფთან დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებს.

 

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი განმარტავს, რომ თბილისში კომერციული გაზის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება, ამ მომენტისათვის, ძალაშია.

 

თუმცა მინისტრის მოადგილე "კომერსანტთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს ვითარება შესაძლოა შეიცვალოს კიდეც. საუბარია კუბური მეტრის ღირებულების 75 თეთრიდან 90 თეთრამდე გაზრდის შესახებ კომპანია "სოკარის" გადაწყვეტილებაზე, რომელიც ძალაში 1 მარტიდან შევიდა.

 

"სოკარმა" ახალი ტარიფის შესახებ ორგანიზაციებს ოფიციალური შეტყობილება 1 თვის წინ დაუგზავნა. თუმცა ხელისუფლების უარყოფითი რეაქციის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობასა და კომპანიას შორის გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა.

 

კომპანიას დღემდე არ აქვს პასუხი ბიზნესისთვის, რა ტარიფით დაგეგმოს უახლოესი თვეების საქმიანობა.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე კომპანია მთავრობასთან და სემეკთან კონსულტაციებს განაგრძობს და გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში გაზის ახალი ტარიფიც გამოცხადდება. "თუ რამე შეიცვლება, ჩვენი რეგულაციების თანახმად, ეს წინასწარ უნდა ეცნობოს კომპანიას და ამისათვის ერთთვიანი ვადაც უნდა მიეცეს", - განმარტავს ვალიშვილი.

 

კონსულტაციების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კონკრეტულად არ საუბრობენ არც კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისშიც", რომელიც გაზს თბილისში მდებარე ორგანიზაციებს აწვდის.

 

კომპანიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის თაობაზე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა სარიამ "კომერსანტს" განუცხადა. "კომერსანტი" პასუხის მიღებას "ყაზტრანსგაზ თბილისის" მმართველ გიორგი ბენაშვილისგან შეეცადა, თუმცა მან ჩვენი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

 

მწირი ინფორმაციის პირობებში, გაურკვევლობაში არიან ბიზნესკომპანიები, რომლებმაც უკვე მიიღეს ინფორმაცია გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ და ეს ცვლილება მტკივნეულად აღიქვეს. 

 

პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის შეფასებით, მთავრობისა და "ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადებები იმის შესახებ, რომ გაზის გაძვირება მომხმარებელს არ შეეხება, არასწორია, რადგან კომპანიებს პროდუქტის გაძვირება მოუწევთ, ეს კი სწორედ მომხმარებელს აზარალებს.  

 

კომერციული გაზის გაძვირების შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს როგორც პროდუქტების, ისე სხვადასხვა სერვისის ღირებულება. როგორც "კომერსანტს" კერძო სკოლა "მწიგნობართუხუცესის" დირექტორმა დავით კახნიაშვილმა განუცხადა, გაზის გაძვირება სწავლის საფასურის ზრდას ჯერ-ჯერობით არ გამოიწვევს. თუმცა იგი აცხადებს, რომ ეს ღირებულება შესაძლოა მაინც გადაიხედოს.

 

"ეს ყველაფერი მოხდება იმის გამო, რომ ჩვენ კრედიტი გვაქვს აღებული დოლარში, რომელიც ლარის გაუფასურების გამო გაგვიძვირდა, გაძვირდა კვების პროდუქტებიც, საბედნიეროდ ბევრი არ შეიცვალა, მაგრამ მაგალითად, ერთ ტომარა წიწიბურას 35 ლარად რომ ვყიდულობდით, ახლა ეს ფასი 50 ლარამდე ავიდა. მოგება ისედაც დიდი არაფერი გვაქვს, ახალი შენობა კრედიტით ავაშენეთ და ყოველთვიურად 22 ათას დოლარს ვიხდით", - აცხადებს კახნიაშვილი.

 

მისივე თქმით, სწავლის საფასური ჯერჯერობით არ გაიზრდება, თუმცა სკოლაში მიიღებენ ისეთ ღონისძიებას, რომ მშობლები მათ 20-25 ლარით დაეხმარონ და პრობლემებიც არ შეიქმნას. მისი შეფასებით, "ყაზტრანსგაზ თბილისს" ტარიფი არ უნდა გაეზარდა.

 

"ზამთრის თვეებში გაზის გადასახადს 15-17 ათასს ვიხდი და ეს არამგონია ადეკვატური იყოს. აქედან გამომდინარე, შიდა რეზერვები უნდა ენახათ და როგორც მომხმარებელს არ უძვირებენ, ისე არც ჩვენთვის არ უნდა გაეზარდათ. ყოველ შემთხვევაში სკოლისთვის, ზოგს შეიძლება გაუზარდო და ეს მიზერული იყოს, 300 ლარს რომ იხდის, გადაიხდის 320-330 ლარს, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ჩვენ ხომ საგანმანათლებლო დაწესებულება ვართ," - აცხადებს სკოლის დირექტორი.

 

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკოფუდის" დამფუძნებელი გია ბიძინაშვილი კი აცხადებს, რომ კომპანია, შიდა რესურსების მაქსიმალური გამოყენებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროდუქციის არსებული ფასი შენარჩუნდეს.

 

"რამდენ ხანს მოვახერხებთ ფასის შენარჩუნებას, ჯერჯერობით რთული სათქმელია, რადგან კომპანიას გაეზარდა ხარჯები, გაძვირდა ნედლეული, გაზი, საკრედიტო მომსახურება. კომპანია პროდუქტს ყიდის ლარში, ხოლო ფინანსური ვალდებულებები დოლარში გააჩნია, ამ ყველაფრის ფონზე თავისუფალი თანხები, რომლითაც უნდა განგვეხორციელებინა ინვესტიციები წარმოების კიდევ უფრო განვითარებისთვის, საბრუნავი საშუალებების გაზრდისკენ გადაინაცვლებს" - აცხადებს ბიძინაშვილი.

 

პროდუქციის ფასების ზრდას არ გამორიცხავს რესტორნების ქსელ "თაღლაურას" დირექტორი ივანე მაჭავარიანიც. იგი აცხადებს, რომ გაძვირებული გადასახადის ფონზე, ყველაფერი ძვირდება.

 

"საკვები გაძვირდა, გაზი გაძვირდა, ხვალ-ზეგ ალბათ ყველაფერი გაძვირდება და თავისთავად ცხადია ეს ყველაფერი პროდუქციაზე აისახება. ჯერ არ ვიცი "თაღლაურაში" ფასები გაიზრდება თუ არა, მაგრამ სავარაუდოდ, თუ ყველაფერი გაძვირდა, გაიზრდება აქაც. ეს რა თქმა უნდა, მოგების შემცირებასაც გამოიწვევს" - აცხადებს მაჭავარიანი "კომერსანტთან" საუბრისას.

 

კომერციული გაზის გაძვირებას "კომერსანტთან" ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილიც გამოეხმაურა.

 

"გაზის ფასის გაზრდაზეა საუბარი რატომღაც და არ მთავრდება მსჯელობა. ბიზნესი არ დაუშვებს გაზის ფასის მატებას, როცა გლობალურად ენერგომატარებლებზე არის კლება" - აცხადებს პაპაშვილი.

 

გაზი ამ ეტაპზე მხოლოდ იურიდიულ პირებს უძვირდებათ და დღეის მონაცემებით, 1000 კუბური მეტრი გაზი, 750 ლარის ნაცვლად 900 ლარი ეღირება.