ვის ვაძლევთ მეწინავე დროშას და მოხდება თუ არა 21 მარტს „მზის დაბნელება“?!

ვის ვაძლევთ მეწინავე დროშას და მოხდება თუ არა 21 მარტს „მზის დაბნელება“?!

ქართველი ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ერთ-ერთი ქართულ მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს რა 20 მარტს მოსალოდნელ მზის სრულ დაბნელებაზე, პარალელს ავლებს 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან და აცხადებს, რომ ეს თარიღი მათ შემთხვევით არ აურჩევიათ!

ასტროლოგი ხაზს უსვამს, თუ რა კატაკლიზმები შეიძლება მოჰყვეს მზის დაბნელების პროცესს დედამიწაზე - მისი თქმით, მზის დაბნელება საშიში მოვლენაა, რის გამოც მსოფლიოს ცხელ წერტილებში მოსალოდნელია კონფლიქტების გამწვავება. როგორც წესი, ამ დროს ადამიანებში მატულობს აგრესია, ადვილად შესაძლებელია ქაოსისა და არეულობის პროვოცირებაც...

ბიძინაშვილი უფრო შორსაც მიდის და რიტორიკულ კითხვას სვამს: ხომ არ ემსახურება ეს პოლიტიკური ორგანიზაცია (იგულისხმება „ნაცმოძრაობა“) შავ ძალებს?!

მართალია, ასტროლოგს პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარების წინასწარმეტყველების პრეტენზია არა აქვს, მაგრამ მინიშნებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ვივარაუდოთ - ეს აქცია უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის!

საქმე იმაშია, რომ „ნაციონალები“ სარგებლობენ რა დღევანდელი ხელისუფლების სრული უუნარობით, რასაც საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებისადმი კანონიერი უკმაყოფილება ახლავს თან, ისინი ეცდებიან ყველა მათ ხელთ არსებული (მათ შორის ანომალიური) რესურსები გამოიყენონ: დაუბრუნდნენ ძველ პოზიციებს და მოვიდნენ ხელისუფლებაში!

თუ დღევანდელი საზოგადოების ნიჰილისტურ დამოკიდებულებას და სრულ უმოქმედობას გავითვალისწინებთ, სულაც არ გამიკვირდება, ქვეყანა ქაოსისა და არეულობის ტალღამ მოიცვას და სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივიდეთ!

ალბათ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება არ დაგვჭირდება იმის გასააზრებლად, რომ „ნაციონალები“ ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ, თავიანთი გაინაღდონ - საჭიროების შემთხვევაში არც სისხლს მოერიდებიან და ამაზეც პასუხისმგებლობას დღევანდელ ხელისუფლებას დააკისრებენ!

ის, რომ საპროტესტო აქციის ასაგორებლად 21 მარტი - მზის დაბნელების მეორე დღე შეირჩა, გვაფიქრებინებს, რომ ეს შეგნებული დამთხვევაა, რადგან, ასტროლოგების თქმისა არ იყოს, ამ დღეებში დიდი შანსი არსებობს არეულობის შესაქმნელად (თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, ამ ანომალიური პროცესების დროს საზოგადოებაში მატულობს ემოციური ვნებათაღელვა, ადვილად ხდება ადამიანების წონასწორობიდან გამოყვანა და ა.შ.).

ის, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნის ინიციატივა ხელში აიღეს „ნაციონალებმა“, ეს არის ჩვენთვის საგანგაშო, თორემ, მთავრობა რომ სუსტია და თავის ფუნქციას არ ასრულებს, დღეს ამაზე არავინ არ კამათობს. ასე რომ არ იყოს, ისინი ვირთხებივით სოროში შეძვრებოდნენ და სანამ თავს სამშვიდობოს არ დაიგულებდნენ, იქიდან არც გამოიხედავნენ!

უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი - ის, რაც საზოგადოებამ უნდა თქვას და გააკეთოს, „ნაციონალები“ „აკეთებენ“ _ ისინი გვარწმუნებენ, რომ ქვეყანა კატასტროფისკენ მიდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი 9 წლის მანძილზე ნაღვაწ- ნალოლიავები წყალში გადაყარა, რომ ლარის კურსის კატასტროფულად დაცემამ შოკში ჩააგდო საზოგადოება და უკვე მეტის მოთმენა არ შეიძლება!

მეტის მოთმენა რომ არ შეიძლება, ფაქტია, მაგრამ არც ის შეიძლება, „ნაციონალებმა“ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ უკან მოგვიბრუნდნენ და ქართული გენოფონდის არსებობას წერტილი დაუსვან! ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ იძულებული ვართ სახელმწიფოს ინტერესები დავიცვათ, რაც ავტომატურად (პირდაპირ თუ ირიბად), „ქართული ოცნების“ (დღევანდელი ხელისუფლების) დაცვასაც გულისხმობს!

ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ორიგინალური ფეისბუქსტატუსი გამოაქვეყნა ქალბატონმა ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ. სტატუსის ძირითად პათოსს (რომ ხელისუფლებამ ხალხს იმედები გაუცრუა) აშკარად ვიზიარებ, მაგრამ არ ვეთანხმები იმაში, რომ, რადგან „ნაციონალები“ ამბობენ, მთავრობა აუცილებლად უნდა გადადგეს!

ჯერ ერთი, „ნაციონალებს“ ამის თქმის მორალური უფლება არა აქვთ, მეორეც, დავუშვათ გადადგა მთავრობა, რას ვაკეთებთ მერე, ვინ დაიკავებს მის ადგილს და რამდენად არსებითად შეიცვლება სიტუაცია ქვეყანაში?!

მთავრობის გადადგომა რომ გამოსავალი არ არის, ქ-ნ ირინას, როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, არ უნდა ეშლებოდეს. თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს იგი? რამდენად შეიცვლება პოლიტიკური კონფიგურაცია ახალ პარლამენტში და რა ძალებმა შეიძლება ჩაანაცვლონ დღევანდელი უმრავლესობა? ან, საერთოდ, რას უპირებს ქ-ნ ირინა „ნაციონალებს“? სად არის ის მესამე ძალა, რომელსაც ასე აქტიურად აანონსებენ გამოცდილი პოლიტიკოსები?

სამწუხაროდ, ჩვენ შევეჩვიეთ სიტყვების ჰაერზე გასროლას და საზოგადოების ემოციებზე თამაშს, რომელსაც კარგი არასდროს მოუტანია საქართველოსთვის და არც არასოდეს მოიტანს. დიახ, ჩვენ ხშირად მივსტირით ძველს, არ მოგვწონს ახალი, მაგრამ, როგორ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან კონკრეტულად არაფერს ვამბობთ - ზოგადი ფრაზები კი ყელში ამოვიდა!!!

მაინტერესებს, ხვალ ვადამდელი არჩევნები რომ დაინიშნოს, ქ-ნი ირინა და ზოგადად საზოგადოება, რომელ პოლიტიკურ ძალას მიანიჭებდა უპირატესობას? მე თუ მკითხავთ, არჩევანი საერთოდ არა გვაქვს. ახალი, პოლიტიკურად გასუვრელი ძალის ფორმირებას კი არ იქნა და არ დაადგა საშველი, ხოლო, რაც მოვლენის ზედაპირზე ტივტივებს და რასაც „ახალზე“ აქვს პრეტენზია, ჩემთვის და ალბათ ყველა საღად მოაზროვნე თანამოქალაქისთვის, მიუღებელია.

ამის შემდეგ ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება“ არაადექვატურ საზოგადოებას ეყრდნობა თუ ადექვატურს, დიდხანს გაძლებს თუ არა იგი „ნაცების“ სიძულვილით დაბრმავებული მხარდაჭერების ხარჯზე, ეყოლებათ თუ არა მათ გემი გასაქცევად გამზადებული...

ვეთანხმები ქალბატონ ირინას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, მაგრამ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ. ალტერნატიული გეგმა უნდა მოვიფიქროთ, ცუდი უარესით კი არ შევცვალოთ, ცუდის „გაკეთილშობილება“ უნდა მოვახერხოთ, ან ახალ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების გაერთიანებაზე ვიფიქროთ და როგორც სამი წლის წინ ქ-ნი ირინა სარიშვილი ამბობდა, „ერთსაც მოვცხოთ და მეორესაც“.

„ვის იცავთ? ამ მთავრობას? არ გრცხვენიათ?  რა უფრო მეტია თქვენში - „ნაცების“ სიძულვილი, თუ სიმართლის, ან უბრალოდ საკუთარი ქვეყნის შევილების სიყვარული“ - რიტორიკულად კითხულობს ქალბატონი ირინა.

„ნაცების“ სიძულვილი (თუმცა კატეგორიულად არ მიყვარს ეს სიტყვა) რა სახსენებელია საკუთარი ქვეყნისა და შვილების სიყვარულთან, მაგრამ ჩემთვის სულერთი არ არის, ვინ დაიკავებს მეწინავე დროშას და სამშვიდობოს გაგვიყვანს თუ ხრამში გადაგვჩეხავს!

თუ ერს ღირსების ნატამალი დარჩენია, „ნაცების“ დაძახებაზე 21 მარტს რუსთაველზე არ უნდა გამოვიდეს. ამით უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება, უარესობას კი ნამდვილად მივიღებთ!

თუ მომავალ არჩევნებამდე ვერ ვითმენთ, კი ბატონო, მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები, მაგრამ მომზადებული ხომ უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანაში რაღაც მაინც შეიცვალოს - ეს „რაღაც“ ელემენტარულია - არჩევა უნდა ვისწავლოთ!

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: