დავით ფერაძე: სანიკიძემ სკოლაში „სპეცნაზი“ გადმოსხა, მაგრამ ამჯერადაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა!

დავით ფერაძე: სანიკიძემ სკოლაში „სპეცნაზი“ გადმოსხა, მაგრამ ამჯერადაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდა!

„ივერიონს“ თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში ხელოვნურად ატეხილ აჟიოტაჟზე ესაუბრება პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი დავით ფერაძე.


- ბატონო დავით, იმ დროს როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლო  116-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სარჩელს განიხილავდა და სკოლის მოსწავლეებისა და მათი მსობლების ნაწილი სასამართლოსთან აქციას მართავდა, განათლების სამინისტრომ სკოლაში მონიტორინგი გაგზავნა, რატომ გააკეთა ეს სამინისტრომ?


- ეს იყო განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის უშუალო დირექტივა - ეს იყო ამ ადამიანის მხრიდან სიძულვილის, ხრიკისა და ინტრიგის მორიგი გამოვლენა.


როგორც ჩანს, ის ისედაც ეჭვობდა, რომ სასამართლო პროცესის წინ საპროტესტო აქციას გავმართავდით. ამიტომ, საგანგებოდ ჰყავდათ გაფრთხილებული სკოლაში მყოფი მსტოვრები, რომ დაუყოვნებლივ შეეტყობინებინათ, თუ რამე მოძრაობას შეამჩნევდნენ სკოლის დირექტორის გულშემატკივრებს და პირადად მე წავიდოდი თუ არა საპროტესტო აქციაზე. ისინი იმედოვნებდნენ, რომ სასწავლო პროცესი ჩაიშლებოდა და შემდეგ ამ მოტივით, როგორც ჩვევიათ, შეთითხნიდნენ და შეკერავდნენ ბინძურ საქმეს მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იმ დღეს დირექტორს ჰქონდა ობიექტური მიზეზი - სასამართლოზე ყოფნის გამო ვერ შეესრულებინა მოვალეობა. შესაბამისად, პასუხისმგებლობის ტვირთიც ნაკლებად დაეკისრებოდა.


- ჩაიშალა საგაკვეთილო პროცესი?


- არა, რა თქმა უნდა. მართალია საპროტესტო აქცია სპონტანურად მოეწყო, მაგრამ ისიც გავითვალისწინეთ, გონივრულად გადავნაწილებულიყავით. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი აქციაზე იყო, ნაწილიც გაკვეთილებზე. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ძირითადად სახლიდან მოვიდნენ მშობლებთან ერთად.  ფაქტობრივად თითქმის ყველა მაღალკლასელი აპირებდა წასვლას სასამართლოსკენ, მაგრამ მასწავლებლების რჩევით თავი შეიკავეს... ისე, რომ მინისტრს აქაც ჩაუვარდა კოვზი ნაცარში.


- ადრე ნათქვამი გქონდათ, რომ არ დაუშვებდით აუდიტის შესვლას სკოლაში...


- რამდენადაც ვიცი, შემოწმება  არ იყო აუდიტიდან. სანიკიძეს, ვინც მოყვა ხელში, ეტყობა, სახელდახელოდ ის გამოაგზავნა,მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაინც არ დავუშვებდით, მე რომ ვყოფილიყავი იმ დროს სკოლაში.როდესაც სანიკიძის გამოგზავნილი ხალხი დაესხა სკოლას თავს.  მეც და სკოლის საგაფიცვო კომიტეტის წევრები ყველანი სასამართლოში ვიყავით იმ დროს. სწორედ ჩვენი არ ყოფნით ისარგებლეს მათ. როგორც კი გავიგეთ, რომ მინისტრის „სპეცნაზი“ სკოლაში შემოიჭრა (ეს სიტყვა არ არის ალეგორია, ზუსტად „შემოჭრა“ ქვია მათ მოქმედებას), დავტოვეთ სასამართლო და წამოვედით სკოლისკენ, მაგრამ გაგვასწრეს. არ ვიცი, ალბათ, ჩვენი მოძრაობაც შეატყობინეს.
სხვათა შორის, მოსწავლეები იმ დროს ძალიან აჟიტირებულები იყვნენ და ძლივს ვაჩერებდი. მთხოვდნენ სამინისტროსთან აქციის მოწყობას  - მათი ძალადობის გაპროტესტებას.


- ისევ სასამართლოს დავუბრუნდეთ: რატომ მართავდით აქციას?
- სასამართლოზე ზეწოლას ვაპროტესტებდით...რამდენიმე წყაროსგან მივიღეთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ სანიკიძის უწყების მხრიდან სასამართლოზე ხორციელდება რეგულარული ზეწოლა, იმ მიზნით, რომ სასამართლომ გამოიტანოს განათლების სამინისტროსთვის მისაღები გადაწყვეტილება, ან თუ ეს არ გამოვა, პროცესი მაინც გაიწელოს. აი, ეს ზეწოლა გავაპროტესტეთ.


- სასამართლო მაინც გადაიდო, ეს სამინისტროსთვის მომგებიანია?


- სამინისტროსთვის ამას მხოლოდ ერთი პლუსი აქვს: გაიწელა დრო იმის იურიდიულად დადასტურებისა, რომ მინისტრის გადაწყვეტილება 116-ე სკოლის დირექტორის დირექტორად არ წარდგენასთან დაკავშირებით არის უკანონო და არის პირადი ანგარიშსწორება. ამის სამართლებრივად დადასტურება გადაიდო და სანიკიძის მორიგი თავლაფდასხმა გადავადდა. დანარჩენი დადებითი სამინისტროსთვის ამ გაწელვის პროცესს არაფერი არა აქვს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ მორიგ სასამართლო პროცესამდე სანიკიძე თავად დაემშვიდობოს მინისტრის სავარძელს. ამ მიზნით ვგეგმავდი გარკვეულ აქტივობას და ღარიბაშვილს ვადაც მივეცით მის გადასაყენებლად, მაგრამ ამ აქტივობისგან ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებთ.


რატომ?


იმიტომ, რომ, არ გვინდა ჩვენს მოთხოვნას პოლიტიკური სარჩული დაუდონ. ამ დღეებში „ნაცმოძრაობას“ ისედაც აქვს დაგეგმილი საპროტესტო აქციები და არ გვინდა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ მათი აქციების შემადგენელ ნაწილად ჩაითვალოს. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო მათთან ვინც მხარში დაგვიდგება, თუმცა, თავად პედაგოგები, ვფიქრობ, პოლიტიკაზე მაღლა დგანან.

ესაუბრა ნათია ხარბედია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: