Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
15-11-2012, 17:35
ნანახია: 1843

ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე: რეალტივი არ მომკვდარა, მხოლოდ ფორმა იცვალა

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის დირექტორი ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც  „ივერიონი“  უცვლელად გთავაზობთ:


„ღია წერილი ჩასაფრებულ მასმედიას"


(ანუ, რეალტივი არ მომკვდარა, მხოლოდ ფორმა იცვალა)


საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ბრიუსელში ვიზიტისას ყოფილი მთავრობის ხელდასმულმა მასმედიამ მრავალი პროვოკაციული განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი პროვოკაციის „გმირი“ აღმოვჩნდი მეც. როგორც ცნობილი გახდა, თავდაპირველი ინფორმაცია გავრცელდა პრესა.გე -ის მიერ. მათ და სხვათა გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მე არ მივუწვევივარ თარჯიმნად ბატონ ბიძინას (თუმცა ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა); ევროკავშირშიც და ევროპარლამენტშიც მე ამ სტრუქტურების შესაბამისმა სამსახურებმა მიმიწვიეს, როგორც ევროკავშირის (და არა ევროკავშირის საქართველოს მისიის) კონტრაქტორი თარჯიმანი.


სამწუხაროა, რომ მასმედიის ზოგიერთმა საშუალებამ სათანადო დასკვნა ვერ გამოიტანა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და საღად ვერ აფასებს საზოგადოების შეკვეთას. საბედნიეროდ, რუსეთის მიმართ საქართველოს რიტორიკა საგრძნობლად შეიცვალა, დანიშნულია სპეციალური წარმომადგენელი და საქართველოს ახალი ხელისუფლების მცდელობა ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს ქვეყნისთვის დადებით შედეგს. ამ ფონზე სრულიად უადგილოა ამ მოვლენებთან ბატონი ალექსადრე ებრალიძის სახელის უარყოფით კონტექსტში დაკავშირება, მით უმეტეს რომ უსაფუძვლო ცილისწამების გარდა მის წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული ბრალდება ნაციონალურმა მოძრაობამ ვერც მანამდე წამოაყენა და ვერც ახლა. პირიქით, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ეგიდით განხორციელებული პროექტები დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში და მათ პოლიტიკასთან რაიმე კავშირი არა აქვს, თუმცა დიდად უწყობს ხელს ორ მეზობელ ქვეყანას შორის სახალხო დიპლომატიის განვითარებას.


ინფორმაციის წყაროს კი მინდა შევახსენო, რომ მე ვიყავი შეერთებული შტატების პირველი ელჩის თანაშემწე და პირადი თარჯიმანი, ხოლო პარლამენტში ვმუშაობდი არა მხოლოდ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის დროს, არამედ 1996-წლიდან 2009 წლის აპრილის მოვლენებამდე და იქედან ნამდვილად საკუთარი ნებით წამოვედი, პარლამენტის იმდროინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან არაკორექტული დამოკიდებულების გამო (სწორედ იმ დროს, როდესაც პარლამენტი დაკეტილი იყო და მის გარშემო საკნები იდგა). გარდა ამისა, ამ ოცი წლის განმავლობაში მითარგმნია საქართველოში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის აშშ პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნების, საპარლამენტო ასამბლეების პრეზიდენტების (ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე პრეზიდენტის ჩათვლით) და ეროვნული პარლამენტების თავმჯდომარეების მონაწილეობით. 2008 წლის აგვისტოს უმძიმეს დღეებში, მაშინ როდესაც პარლამენტში არ იყო არც თავმჯდომარე და არც აპარატის უფროსი, თბილისიდან გორამდე დავყვებოდი უცხოელ ექსპერტებს და უმძიმეს მდგომარეობას ვაცნობდი, და რა თქმა უნდა შეხვედრებსაც მე ვუთარგმნიდი, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ვთარგმნე საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ყოველივე ამის ფონზე ძალიან უსუსურად გამოიყურება ჩემი მთარგმნელობითი საქმიანობის დაკავშირება „პრორუსულ“ ინტერესებთან სწორედ მაშინ, როდესაც ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულება ბატონი ბიძინას ბრიუსელში ვიზიტს დაემთხვა.
რასაც არ უნდა ემსახურებოდეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს „სენსაცია“, იგი მის შემთითხვნელებს რაიმე შედეგს ვერ მოუტანს. წელს შემოდგომა გაგვიგრძელდა და ძველი ხელისუფლების კბენაც სწორედ რომ შემოდგომის ბუზების კბენას ჰგავს.


აქვე აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესთან ერეკლე მეორის საზოგადოებას არანაირი კავშირი არა აქვს, მათ შორის, არც ფინანსური. არჩილ ჭყოიძე თავისი ორგანიზაციის საქმიანობას საკუთარი რწმენის და ორგანიზაციის მხარდამჭერების შეხედულებების შესაბამისად წარმართავს.


თარჯიმნებს არა აქვთ უფლება ისაუბრონ შეხვედრების შინაარსის ან სხვა ნიუანსების შესახებ, თუმცა სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, უფრო მეტად, ვიდრე ამის დემონსტრირება პრესაში მოხდა, რადგან არც ერთ მხარეს არ გამოუყენებია პიარის ხრიკები წარმატების „გასამრავლებლად“ (როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა ცარიელი დარბაზის ნაცვლად სავსეს ჩვენებით, ტაშის ხმის დადებით, და ა.შ.), ბატონი ბიძინას დელეგაციას ეს არ დასჭირვებია.
ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე


საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის


თბილისის ფილიალის დირექტორი


2012 წლის 15 ნოემბერი“.