გია გახარია და ზვიად ჯანყარაშვილი-მორიგი ფაქტები ბიძინა ივანიშვილს

გია გახარია და ზვიად ჯანყარაშვილი-მორიგი ფაქტები ბიძინა ივანიშვილს

შპს "ემ ენ ჯორჯიას" მფლობელი ვახტანგ გოძიაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანშვილს ღია წერილით მიმართავს. როგორც მიმართვითად ირკვევა, საქმე ეხება კომპანიის საქმიანობაში ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრების უხეშ ჩარევას.

 

"ვეხმაურებით თქვენს არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც თქვენ გააკეთეთ როგორც 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე თქვენი პრემიერ მინისტრობის პერიოდში და ქალბატონ თეა სიჭინავასთან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენი მთავრობა არ ჩაერეოდა კერძო ბიზნესის საქმიანობაში, უფრო მეტიც - თქვენ აღნიშნავდით: "ღმერთმა დაიფაროს მთავრობის თითოეული წევრი მსგავსი შეცდომის დაშვებისგან" და ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, თქვენ გამოთქვამდით მზადყოფნას პირადად მოგესმინათ დაზარალებულებისათვის და მოგეხდინათ მწვავე რეაგირება კანონდარღვევებზე. იგივე პოზიციას მუდამ აფიქსირებს საქართველოს მოქმედი პრემიერმინისტრიც, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც - რომ არავის აქვს კერძო ბიზნესში უკანონო ჩარევის უფლება, თუმცა მიუხედავად მის მიერ ღიად დეკლარირებული პრინციპისა, სამწუხაროდ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე გახორციელებული ზეწოლა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

 

ჩვენი კომპანიის შპს "ემ ენ ჯორჯიას" საქმიანობის სფერო უნდა ყოფილიყო მომსახურების გაწევა ამერიკული კომპანია "ჯორჯიან-ამერიქან ელოიზი"-ს შვილობილი, ქართული კომპანია შპს "ჯორჯიან მანგანეზი"-სთვის. შპს "ემ ენ ჯორჯიას" და "ჯორჯიან მანგანეზს" შორის გაფორმებული, ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენი კომპანია იღებდა ვალდებულებას, გაეწია მომსახურება საქართველოში მანგანუმის მადნის მოპოვება-გადამუშავება-მიწოდების სახით ზემოთ ხსენებული კომპანიისათვის.

 

ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს "ემ ენ ჯორჯიას" საქმიანობა უნდა დაეწყო 2014 წლის აპრილში, რისთვისაც ფირმა მზად იყო, როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე იურიდიულად და ტექნიკურად.

 

თუმცა, როდესაც "ემ ენ ჯორჯიას" უნდა დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობა, მოხდა ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირების მხრიდან ჩვენს საქმიანობაში უხეში ჩარევა და ხელის შეშლა, რის გამოც კომპანიამ ვერ დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობა და შესაბამისად, "ემ ენ ჯორჯიამ" განიცადა რამდენიმე მილიონი დოლარის ზარალი, ასევე შეილახა კომპანიის რეპუტაცია ჩვენს პარტნიორებთან.

 

განხორციელებული ზეწოლიდან გამომდინარე, "ჯორჯიან მანგანეზი" იძულებული გახდა სიტყვიერი მითითების სახით, ჩვენთვის მოეთხოვა ურთიერთობის გარკვევა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან და დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საკითხით, კერძოდ, გია გახარია და ზვიად ჯანყარაშვილი.

 

ბატონო ბიძინა, მოგახსენებთ, რომ ჩვენს კომპანიას აქვს უმწიკვლო რეპუტაცია. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოხდა ჩვენი კომპანიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ფაქტობრივად კომპანიის საქმიანობის პარალიზება, რის დამადასტურებელი არაერთი ფაქტის წარმოდგენაც ჩვენ შეგვიძლია.

 

იქამდე სანამ თქვენ მოგმართავდით, ჩვენ შევეცადეთ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გამოგვეყენებინა ყველა ოფიციალური გზა, თუმცა უშედეგოდ. გამომდინარე თქვენი მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებისა, რომ არ მოხდებოდა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისადმი არანაირი ზეწოლა და ჩარევა ბიზნესის საქმიანობაში, მოგმართავთ თხოვნით, ბატონო ბიძინა, ჩაერთოთ და დაგვეხმაროთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკითხის გარკვევაში და მოგვარებაში.

 

გვაქვს თქვენი ყურადღების და გულისხმიერების დიდი იმედი.

 

თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, მზად გახლავართ პირადად გავცეთ პასუხი თქვენს ნებისმიერ შეკითხვას", - ნათქვამია ღია წერილში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: