Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
5-05-2015, 10:56
ნანახია: 1134

წინ ახალი სკანდალებისკენ, ანუ როგორ უნდა გაამყაროს ლარის კურსი თინა ხიდაშელმა?!

რამდენიმე დღეა სოციალური ქსელი და ქართული მედია ერთ ადგილს ტკეპნის - საჭორაო თემები თითქმის გამო ელიათ დ ახალი სკანდალების აგორებას ვერ ახერხებენ. ავლაბრის რეზიდენციის თემა უკვე მოძველდა, ახალი თავდაცვის მინისტრით გამოწვეული შოკიც ნელ-ნელა ცხრება!..

საზოგადოება მიეჩვია, რომ ქართული ჯარის მუნდირის ღირსებას ამიერიდან ქალბატონი თინა ხიდაშელი დაიცავს და პირველად ქართულ ისტორიაში საქართველოს ქალი თავდაცვის მინისტრი ეყოლება!.. ეს კარგია თუ ცუდი, ამაზე საქმიანი კამათი ქართულ მედია-სივრცეში არ ყოფილა. უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ქალბატონი თინა წმინდა ამერიკული პროექტია და ამით ივანიშვილმა დასავლური ორიენტაციისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თუმცა, არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცალსახად ასეთი ფორმულირება სწორი არ იქნება, რადგან „რესპუბლიკელების“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრებას უფრო ღრმა ფესვები გააჩნია... ასეა თუ ისე, ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება შორს გამიზნული რომ უნდა იყოს, საკამათოდ არ გვეჩვენება.

ქართულ მედია-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში ამერიკიდან სამხედრო ტექნიკა ჩამოვა, რომელსაც ერთობლივი წვრთნებისთვის გამოიყენებენ. აღნიშნულმა ინფორმაციამ კიდევ უფრო გაამყარა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის მართებულობა. სოციალურ ქსელში უკვე საუბრობენ, რომ ამერიკული სამხედრო ტექნიკის საქართველოში ჩამოყვანა რუსეთის აშკარა გაღიზიანებას გამოიწვევს და შესაძლებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გართულებაც მოჰყვეს, არ გამორიხცავენ, რომ რუსეთი ახალ პროვოკაციებზე წამოვა და უკრაინის მოვლენები საქართველოშიც შეიძლება განმეორდეს!

დიახ, არაფერია გამორიცხული. პირიქით, შეიძლება ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილ სცენარში ჩაჯდეს და საქართველო ახალი სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდეს!

თუ საზოგადოებას ხიდაშელის მიმართ მის „რესპუბლიკელობაზე“ და სამხედრო საქმიანობაში გამოუცდელობაზე ავს პრეტენზია, საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება ქ-ნ ხათუნა ლაგაზიძის ინტერვიუ, რომელიც მან ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებას მისცა. ლაგაზიძის აზრით, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნით ლარის კურსიც შეიძლება გამყარდეს, რადგან დასავლეთი ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულია (ისევ ნდობაში შევედით) და საქართველოს ფინანსურ რესურსებს გამოუყოფს ეროვნული ვალუტის გასამყარებლად.

ძნელი სათქმელია, დადასტურებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს ამ განცხადებას ქ-ნი ლაგაზიძე, თუ ეს მისი ექსპერტული ანალიზია, მაგრამ ლარის კურსის მოსალოდნელი გამყარება თავდაცვის მინისტრის დანიშვნასთან ლოგიკურ კავშირში თუ იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმომედგინა. თუ ეს ასე იქნება, მაშინ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსის დაცემა და საზოგადოების კიდევ უფრო გაღატაკება, ხელოვნურად გამოწვეული ავანტიურა ყოფილა!

პარადოქსების ქვეყანაა საქართველო - თუ სააკაშვილის ზეობის პერიოდში მშენებლობის გურუ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო, ხოლო ქართული ღვინოების უცხოურ ბაზარზე გატანა ექს-თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ევალებოდა, დღევანდელ თავდაცვის მინისტრს მოკრძალებული მისია აკიდეს - ლარის კურსის გამყარება. მან ისეთი თავდაცვის პოლიტიკა უნდა განახორციელოს, რომ ამით დასავლელი პარტნიორები მოხიბლოს და დასაღუპად განწირული ლარი გადაარჩინოს!

რა თქმა უნდა, ეს დროებითი ღონისძიება იქნება და ლარი ისევ სულთმობრძავის პოზაში მოგვევლინება, მაგრამ დღევანდელ საკადრო პოლიტიკას იმით მაინც გავამართლებთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერით დროებით მაინც გავუხანგრძლივოთ ეროვნულ ვალუტას სიცოცხლე!

ისე მე ვინ მეკითხება, მაგრამ, როცა ექსპერტი ასეთ ორიგინალურ განცხადებას აკეთებს, ცოტა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს!..

რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომელმაც ნაჩქარევი (შეუთანხმებელი) საკადრო გადაწყვეტილების გამო ერთი კვირით გადადო მინისტრთა ძველ-ახალი კაბინეტის პარლამენტში წარდგინება, არა მგონია, მან ეს პრინციპულობა ბოლომდე შეინარჩუნოს - არ ჩანს ის ის კაცი „სტრატეგიული პარტნიორების“ უშუალო ჩარევით მიღებული გადაწყვეტილების რევიზია მოახდინოს, თუმცა, რაც წაითამაშა, ხალხი ამითაც კმაყოფილია!

ისე, ხელოვნური სკანდალების ქვეყანაში ახალი სკანდალების გარეშე შეიძლება მოვიწყინოთ - შეიბრალეთ ჟურნალისტები, საჭორაო თემები უკვე გამოელიათ!

წინ ახალი სკანდალებისკენ!

                                          საბა საბახტარაშვილი