ირინა სარიშვილი: „ეს ხელისუფლება არ ვარგა, არ მომწონს და უნდა წავიდეს!“

ირინა სარიშვილი: „ეს ხელისუფლება არ ვარგა, არ მომწონს და უნდა წავიდეს!“

პასუხი რამდენიმე აბსურდულ განცხადებასა და შეკითხვაზე:

1. თუ ესენი არ გინდათ, ვინ გეგულებათ უკეთესი?

2. ვისი მოყვანა გინდათ ხელისუფლებაში?

3. რა გარანტიაა, რომ უარესს არ მივიღებთ?

 

ამ ტიპის შეკითხვების ავტორებს დიდი ბოდიშის მოხდით შევახსენებ, რომ მე მხრებზე მხოლოდ ერთი, საკუთარი თავი მაქვს და ნამდვილად არ ვარ გამონაკლისი. თითო თავი ყველას აბია და ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვინ და რატომ უნდა ხელისუფლებაში.

 

გარანტიას რაც შეეხება, ცხოვრება ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ არის, გარანტია მოყვებოდეს. მით უმეტეს, პოლიტიკაში, სადაც ადამიანები უდიდესი ცდუნების – ძალაუფლების ტყვეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ. არც პატიოსნების და სინდისის საზომი არსებობს. შეცდომებსაც ყველა ვუშვებთ, მთავარია მათი დროული აღიარება და გამოსწორება.

მდგომარეობა მართლაც ძალიან რთულია და ამ ლაბირინთებში დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, მე პირადად მარტივად ვწყვეტ:

ეს ხელისუფლება არ ვარგა, არ მომწონს და უნდა წავიდეს.

 

თუ ამის მერე მოვა ხელისუფლება, რომელიც ასევე არ მომეწონება, ასევე შევეცდები, მომავალ არჩევნებზე ისინი სხვებით შევცვალო და ვერაფერ დრამატულს ამაში ვერ ვხედავ.

ასე ცხოვრობს მთელი ცივილიზებული სამყარო. ყოველგვარი პათოლოგიური სიყვარულისა და სიძულვილის გარეშე ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, და სწორედ იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში ცუდ ხელისუფლებას არავინ გააჩერებს იმის შიშით, უარესი არ მოვიდესო, ნებისმიერმა ხელისუფალმა იცის, რომ პასუხს აგებს კარგზეც და ცუდზეც. არა ისე, როგორც ჩვენთან, მხოლოდ ბრტყელ–ბრტყელი ლოზინგების დონეზე, არამედ მართლა!

 

და ბოლოს ერთი აბსურდული განცხადების თაობაზე, რომელიც ოპოზიციის ერთ–ერთი ნაწილისგან მოვისმინე:

ჩვენ რომ არა, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ნაცები ცოცხლად შეჭამდნენო (?!).

ვიტოვებ იმედს, რომ ამ შემთხვევაში, ხსენებული განცხადების ავტორები ივანიშვილისა და ღარიბაშვილის თირკმელებსა და გულ–ღვიძლს არ გულისხმობდნენ და პოლიტიკური შეჭმა ჰქონდათ მხედველობაში. ჰოდა თუ ეგეთი მაგრები ხართ და ამ რეგვენების და ღორების მთავრობას კაციჭამია ნაცებისგან ასე წარმატებით იცავთ, თქვენ შეგეჭამათ ორივე, დაგიშალათ ვინმემ??? ის, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ეს სამი წელი ქოცებთან ერთად ისევ ნაცების ლანძღვა–გინებას მოანდომა და ერთმანეთთანაც ვერ ნახა საერთო, ვისი ბრალია? ნაცების? ერთი შემთხვევა დამისახელოს ვინმემ, როცა ამ ტიპის ოპოზიციამ მთავრობაზე პოლიტიკური იერიში მიიტანა, ან ვინმეს სერიოზულად დაუპირისპირდა! რა, არ იყო ამის მიზეზები? ეგებ რაღაც მტრისგანაც გესწავლათ: შეხედეთ ნაცებს, როგორ მიზანმიმართულად, აუცდენლად უტევენ მთავრობას, როგორი სოლიდარულები არიან! თქვენ თვლით, რომ მათ არა აქვთ სიმართლის თქმის უფლება? მაშინ თქვენ თქვით! არა აქვთ აქციების მოწყობის უფლება? მაშინ თქვენ მოაწყვეთ! ოღონდ არა ნაცების, არამედ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ! თქვენ არათუ ამას არ აკეთებთ, პირიქით, ვინც ხმას ამოიღებს, ნაცების რიგებში წერთ. ბევრზე ეს მართლა მოქმედებს და ბევრმა სწორედ ამიტომ ჩაიგუბა პირში წყალი! ხელები დაიბანა!

მე თქვენი ეს მუქარები ფეხებზე მკიდია! და მე მარტო არ ვარ! არაფრის შიშის გამო არ ვაპირებ ამ უმსგავსობაზე თვალის დახუჭვას და ამ მთავრობის ყველა მოწინააღმდეგე დღეს ჩემი მოკავშირეა! ასე მესმის მე პოლიტიკა!

 

საქართველოს დღეს ევრაზიული კავშირისკენ მიაქანებენ!

ქვეყანას, რომლის თითქმის ნახევარი ოკუპირებულია, რუსეთთან ურთიერთობის გარკვევისა დარეგულირების ნაცვლად ევრაზიის კავშირს სთავაზობენ! თითქოს იქ ვინმე ამის სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას პირდება!

 

მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ! ჩემი ოჯახი ამ იდეას შეეწირა. ჩვენ დსთ–ში საქართველოს შესვლის გამო თავის დროზე პროტესტის ნიშნად მაღალი თანამდებობები დავტოვეთ!

თუ მე დღეს რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობის მომხრე ვარ, სწორედ იმიტომ, რომ ახალ საბჭოთა კავშირში არ ამოვყოთ თავი. ნეიტრალიტეტზე ვინც ლაპარაკობთ და ევრაზიის კავშირისკენ გიჭირავთ თვალი, ეს არის თქვენი ნეიტრალიტეტი? ამას ორივეს გეკითხებით, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც!

 

და ყოველივე ზემოთქმულის მერე, ჩვენ თუ მართლა არ გამოვთაყვანდით და გენეტიკურ მონებად არ ვიქეცით, ვერ ვხვდებით, რა უნდა გავაკეთოთ???

მე არასდროს მონა არ ვყოფილვარ, არც წინა ხელისუფლების მეშინოდა, არც დღევანდელის მეშინია და ვერც ხვალინდელი შემაშინებს! ერთადერთი შიში რაც მაქვს, ისაა რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა და ჩვენ ჩვენი დუმილით, ერთმანეთის გაუტანლობით, ამბიციებით, ღორობით, უგუნურებით იუდებივით ვყიდით სამშობლოს!

 

მე ჩემი შეცდომებით და სიმართლით ასე არ მიცხოვრია და არც ვაპირებ ცხოვრებას!

მე დღეს ზუსტად ვიცი, რა არის ცუდი და ამ ცუდის წინააღმდეგ ვიბრძვი!

ხვალ ისევ მომიწევს ბრძოლა? ხვალაც იგივეს გავაკეთებ!

აი ჩემი პასუხი ყველას!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: