Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
21-05-2015, 12:42
ნანახია: 3288

სოფლიდან ჩამოთრეულები თუ მენტალობის კრიზისი?!

მონობის უღელი ახალი აყრილი აქვს ჩვენს ქვეყანას (ისტორიისთვის 24 წელი არაფერია!) და კრიზისული ეპოქის ქარ-ცეცხლში ეროვნული  თვითმყოფადობის საკითხი ვერ გაურკვევია. არადა, არსებობის საზრისი საკუთარ ეთნო-კულტურულ თვითმყოფადობაშია. ტოტალური გლობალიზაციის პირობებში ეპოქალური მნიშველობის ამოცანაა პიროვნების ინდივიდუალური სახის შენარჩუნება, ეროვნული თვითმყოფადობა. მთლიანობაში კი დასაძლევია სულიერობისა და ჰუმანიზმის საყოველთაო კრიზისი,  უკრიტიკო, შაბლონური, კოლექტიური აზროვნება თუ მონური მენტალობა. 


აღვერიენით ერსა უცხოსა - ეს სიტყვები არაბთა დაუძლეველი ბატონობისაგან შეძრწუნებულ იოანე საბანისძეს ეკუთვნის და მე-8 საუკუნეში ითქვა. ისტორიული ავბედობის გამო უამრავი ქართველი გარუსდა ჯერ მე-19 და შემდეგ მე-20 საუკუნეში. ყველაზე დიდი სისუსტე, რომელიც ამ პროცესებმა გამოააშკარავა, იყო ქართული ანდაზის - უნახავმა რა ნახა - გამართლება, უცხოური კულტურის წამხედურობა, უცხო ენისა და ლიტერატურის ასიმილირებულ ლაქიებად გადაქცევა.

ამის მიზეზი ძლიერი დამპყრობლის წინაშე ფარისევლობა, მონობა და მონური კეთილდღეობაა. „მიიხედ-მოიხედე, რა ხდება ირგვლივ ოთარ-ბეგ - ამბობს დედოფალი ზეინაბი ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატში“ – ყველგან მონობა, ტანჯვა, წამება, სიკვდილი, შური, მტრობა,  ერთ თავისუფალ კაცს ვერსად ნახავ! მონობა, მონობა, მარტოოდენ მონობა, ვით შავ-ბნელი ღამე“.

რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგად ქართველები არა მხოლოდ რუსულად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, არამედ რუსულ ენაზე ლოცულობდნენ. ეროვნული კატასტროფა დიდი ხნის დაწყებული იყო და მე-20 საუკუნის დასასრულიდან, როცა ნანატრი სახელმწიფოებრიობა გვეღირსა და თავისუფალი ქვეყანა (!) გავხდით, ვექტორები შეიცვალა. დაიწყო ევროპეიზაცია-ამერიკანიზაციის შეუქცევადი პროცესი - ახალი კულტურული ექსპანსია. თანამედროვე ქართველს სხვა ხატი გაუჩნდა - დასავლეთი: ოღონდ უცხოელივით გამოიყურებოდეს და აღიქმებოდეს, ოღონდ უცხოელივით მღეროდეს, ცეკვავდეს, სუნთქავდეს, ცხოვრობდეს და მანამ, სანამ თავისი ტალანტით დაუპყრია ევროპა თუ ამერიკა, დამამცირებელ სამუშაოსაც კი იტვირთავს უცხო ცის ქვეშ!

დასავლეთის აბსოლუტურმა გაკერპებამ, ქართული მენტალობისთვის უცხო ყოველივე ევროპულისა და ამერიკულის თაყვანისცემამ საზოგადოება დააპირისპირა - რუსეთუმე და ახალმოდის დასავლური ორიენტაციის ქართველები ვეღარ იყოფენ საქართველოს. მსგავსი ვითარებაა პოლიტიკურ სარბიელზეც: თითქოს ევროატლანტიკური ორიენტაცია მხოლოდ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის მარადიულ გუნდს ჰქონდა, ამჟამინდელ ხელისუფლებას კი რუსეთისკენ მივყავართ (ქართული ბოდვის ფორმულა).

საკუთარი ქვეყნის გასაჭირისგან პირადი ინტერესებისთვის გაქცევა და უცხოეთში ვოიაჟი ძალიან გვიყვარს. ასევე, „ვაფანატებთ“: უცხოურ მანქანებს (კერპის რანგში), უცხოურ ენას, უცხოურ ფილმებს, უცხოურ ესტრადას, უცხოურ ცეკვებს, უცხოურ ინვესტიციებს (ნანატრს და იშვიათს), უცხოურ ვალუტას!!! როცა საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით,  რუსულ სკოლაში შეგვყავდა შვილები, რადგან ეს წარმატებული ცხოვრების პერსპექტივა იყო. ახლა ოღონდ უცხოეთში გამიშვა სასწავლებლად, სამუშაოდ, მოსამსახურედ... და მერე თუნდაც თვალითაც არ მენახოს საქართველოს ედემი! ერთი რამ ბოლომდე მაინც გაურკვეველია, რომელი უკეთესია თანამედროვე ქართველისთვის: ამერიკანიზმი, როგორც სიცოცხლის კონცეპტუალური ორიენტაცია თავისი უკიდეგანო დემოკრატიზმით, სექსის საჯაროობით თუ ევროპული მკაცრი და რაციონალური წესრიგი კანონის უზენაესობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით?!

როგორც ჩანს, ქალაქური თუ სოფლური სნობიზმ-პროვინციალიზმი ყურადღების დეფიციტმა  და საზოგადოებაში თავის დამკვიდრების არასწორი გზის ძიებამ გაამძაფრა. ჩვენ ირგვლივ მომრავლდნენ არარეალიზებული ადამიანის ტიპები (ამ ტოტალური უმუშევრობის ფონზე სხვას რას უნდა ველოდოთ), რომელებიც ხშირად არაადეკვატური ქცევითი აქტივობებით ცდილობენ „ელიტაში“ თვითდამკვიდრებას, „ფეისებთან“ დამეგობრებას.

როგორც ზაზა შათირიშვილი ამბობს, ტფ/თბილისური კულტურა მთლიანად სანახაობრივ-კარნავალურია, „მონტაჟურია“, რომელშიც მთავარია არა ლიტერატურა, არამედ კინო და თეატრი ან, ზოგადად, სანახაობა (შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის უშურველი დახმარება, ძირითადად, სახელოვნებო წრეების  და არა, ვთქვათ,  მეცნიერების მიმართ  სანახაობრივ-კარნავალური კულტურისკენ სწრაფვითაც იყო განპირობებული).

იქნებ ესეცაა მიზეზი იმისა, რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილი ფორმაზე უფროა აქცენტირებული, ვიდრე - შინაარსზე. ეს ძალიან კარგად ჩანდა სააკაშვილის რეჟიმის დროს: აქცენტირებული იყო ფასადები, ოღონდ კარგად შეფუთული ყოფილიყო, გარედან თვალის გასახარად, საამებლად და შიგნით რა ხდებოდა ან როგორი ხარისხის ფასად შენდებოდა, ამას არავინ დაგიდევდათ. დღესაც, წვიმასა და ავდარში, ეროვნული შემართებით ამაყად, ტყლაშატყლუშით დავაბიჯებთ ნაციონალური ხელისუფლების მიერ დაგებულ ფილაქნებზე.

ჩვენი ვითომ დასავლურ-ევროცენტრისტული ორიენტაციაც ფასადურია და მას ევროპულ ღირებულებებთან საერთო ძალიან ცოტა აქვს. მინიმუმ უნდა გავექცეთ ეროვნულ თვითგანდიდებას, პათეტიკურ პატრიოტიზმს, პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ხალხის სახელით მანიპულირებას, წიგნის სიყვარული, წიგნთან ურთიერთობა და, ზოგადად, წიგნიერება უნდა დავიბრუნოთ. ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს (ფიქრში იბადება ჭეშმარიტება), ამ გზით მივალთ თვითგანწმენდამდე.
 
როგორც არაერთხელ თქმულა, სამოქალაქო საზოგადოება რომ ჩამოყალიბდეს, მოქალაქის, მამულიშვილის შეგნებით უნდა მოვეკიდოთ საზოგადო საქმეს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს სამშობლო ჩვენია, ჩვენი საპატრონო და მისახედია. სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი პირდაპირი პასუხია იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით მონობაში. ამდენად, უპირველესად, მონური ფსიქოლოგია უნდა დავამარცხოთ, საკუთარ თავში აღვზარდოთ თავისუფლების სიყვარული, რომელიც გულისხმობს კანონის საყოველთაო პატივეისცემას, წესრიგს, დროის ფასსა და შრომის კულტურას!

ხშირად ჩვენს თანამედროვე ყოფას უწოდებენ „პროვინციალურს“, ოღონდ ეს ცნება ადამიანის შინაგანი სტატუსის გამოხატველია და არა - გეოგრაფიულის. სად დაიბადე და ვისი შვილი ხარ?! - სწორედ ესაა დედაქალაქის სნობური კულტურისადმი მიკუთვნების მექანიზმი და მას საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ ღირებულებასთან.

თუ დღევანდელი კაცობრიობის პროგრესად დემოკრატიული ღირებულებები და, მათ შორის, განსხვავებული აზრის პატივისცემაა აღიარებული, რანაირად შეიძლება დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკურ იდეოლოგიად ადამიანის დაბადების ადგილის თეორია იქცეს (თუმცა, სხვა საქართველო სად არის?!).

დიახ, გონების ატროფია შეიძლება ეწოდოს შეკითხვას: თბილისის მერი აქაური უნდა იყოს თუ, როგორც „სვეტი თბილისელები“ იტყვიან, რაიონიდან „ჩამოთრეული“?!  სნობიზმი და პროვინციალიზმი ვლინდება ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებაში. „სოფლელობა სოფელში ცხოვრებას არ ნიშნავს, - ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობა უფროა და უგემოვნობასა და უწიგნურობას გულისხმობს, თორემ ყველაზე დიდი ევროპელი ჩარგალში ცხოვრობდა და ლუკა რაზიკაშვილად იცნობდნენ“ (ც. ბუკია).

ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ, ისე, მაინც ცნობისთვის, მე-20 საუკუნეში „ჩამოთრეულები“ იყვნენ: კონსტანტინე გამსახურდია - აბაშიდან, მიხეილ ჯავახიშვილი - წერაქვიდან, ნიკო ლორთქიფანიძე - ჩუნეშიდან, დავით კლდიაშვილი - სიმონეთიდან, აკაკი შანიძე - ნოღიდან, რევაზ ლაღიძე - ბაღდადიდან, ბიძინა კვერნაძე - სიღნაღიდან, ჯანსუღ კახიძე - ობჩიდან, ეროსი მანჯგალაძე - ღანირიდან, სერგო ზაქარიაძე - ზესტაფონიდან, გალაკტიონი - ჭყვიშიდან, გიორგი ლეონიძე - პატარძეულიდან, ანა კალანდაძე - ხიდისთავიდან... ამასთანავე: ედუარდ შევარდნაძე - მამათიდან, ბიძინა ივანიშვილი - ჭორვილიდან... საზოგადოებისთვის ოდიოზური ფიგურები ჩიორა თაქთაქიშვილი და ერეკლე (ეკო) დეისაძე  - სავარდო და სამაისო ქუთაისიდან, ივანე (ვანო) მერაბიშვილი - უდედან (ადიგენი), დემეტრე (დუტა) სხირტლაძე - თელავიდან ... სამაგიეროდ, თბილისში დაფრთიანდნენ: მიხეილ (მიშა) სააკაშვილი, ნიკოლოზ (ნიკა) რურუა, აკაკი (აკო) მინაშვილი, გიორგი (გოკა) გაბაშვილი, გიორგი (გიგი) უგულავა, გიორგი (გოგა) ხაჩიძე, ზურაბ (ზურა) ჭიაბერაშვილი, გივი სიხარულიძე, ბიჭოლა, გიგი თევზაძე, კოტე ყუბანეიშვილი, ზაზა ბურჭულაძე... საქართველო არა მხოლოდ კუთხეებადაა დაყოფილი, არამედ - უბნებადაც. თბილისელობა ვერა-ვაკე-საბურთალოს საზღვრებში უფრო ჯდება. გლდანი, ვარკეთილი, სამგორი თუ სანზონა სოფელია, აბა, რაა!

როცა ვიღაცის „სოფლელობაზე“ ვსაუბრობთ, ბუნებრივად უპირისპირდება მას „ქალაქისა და ქალაქურობის“ გაგება. ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქურ უდაბნოში, სადაც ტრადიციული ურთიერთობის სივრცე უდაბურ ზონად ვაქციეთ, რეალური ჩავანაცვლეთ ვირტუალურით, შევიქმენით ილუზორულ-ბუტაფორიული მეორე ცხოვრება და ვიქეცით ფეისბუქის მონებად!

ქალაქი და ქალაქელობა (სოფლისა და სოფლელობისგან განსხვავებით) არა მხოლოდ ეკოლოგიურად მოწამლულ გარემოს დაუკავშირდა, არამედ  ნარჩენებად,   გამოუსადეგარ, უსარგებლო სუბსტანციად ქცეულ ადამიანის შინაგან სამყაროსთან ასოცირდა - იმ სამყაროსთან, რომელიც კატასტროფის პირისპირ დგას.

„ქალაქში ცოდვაც და მადლიც უფრო ხალვათად დადის, ორივეს დიდი შარაგზა აქვს“ - ასე ათქმევინა ერთ თავის პერსონაჟს ილია ჭავჭავაძემ 1879 წელს. თუ ამ პერიოდისთვის ქალაქად სიკეთისა და ბოროტების ასპარეზი თითქმის 50/50-ზე მოდიოდა, ახლა ეს თანაფარდობა როგორ მასშტაბს იტევს, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ! ჩვენი აზრით, ადამიანების ასე დაყოფა (სოფლელები და ქალაქელები) სიძულვილით ნასაზრდოები და უკვე დაცარიელებული ადამიანის სულის ტრაგიზმის მანიშნებელია!


საბა მეტრეველი