ჩვენ ვართ - „БЫДЛО“!

ჩვენ ვართ - „БЫДЛО“!

бессловесно выполняют для кого-нибудь тяжелую работу – (იტყვიან ადამიანებზე, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ ვიღაცისთვის უმძიმეს სამუშაოს)

საქართველოს კონსტიტუციაში იყო მთელი რიგი „დამცავი“ მექანიზმები და მუხლები, რაც იცავდა ეროვნულ ვალუტას გაუფასურებისგან - ელექტორატს საშუალებას აძლევდა ჩარეულიყო საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და რეფერენდუმის გზით შეეცვალა არა მარტო კონსტიტუციაში არსებული არასასურველი მუხლები, არამედ მის მიერ არჩეული უუნარო პარლამენტარებიც კი!.. უკიდურეს შემთხვევაში, რეფერენდუმის მოწყობის გზით, ჩაეტარებინა ვადამდელი არჩევნები.

მოვიდნენ (ან, შევარდნაძემ მოიყვანა) „ნაციონალები“. ახალგაზრდა „ჰიპერაქტიურმა პოლიტიკოსებმა“ დიდი ენთუზიაზმით აიღეს ხელში ძალაუფლება და არა მარტო ხელში აიღეს, სააკაშვილის განკარგულებით კონსტიტუციიდან ამოიღეს ის მუხლები, რამაც საკანონმდებლო ორგანო აბსოლუტურად ელექტორატისგან „დაცული“, შეუვალი და დამოუკიდებელი გახადა, ხოლო ეროვნულ და კერძო ბანკებს ხელფეხი გაუხსნა ეროვნული ვალუტით - ლარით მანიპულირებისა და სპეკულაციისკენ.

ამგვარად, ჩვენ, ელექტორატი, გავხდით „საამომრჩევლო მასა“ ანუ „БЫДЛО“... უფრო გასაგებად, მონური ძალა, ჩვენს მიერვე არჩეული დეპუტატების „ყურმოჭრილი მძევლები“ - ხალხის მასა, რომელსაც აღარავინ ეკითხება „ბალი ათი შაურია“.

ვინც არ უნდა მოვიდეს, როგორი თავდადებული უანგარო პატრიოტებიც არ უნდა მოვიდნენ, პირველ რიგში თუ არ მოაწესრიგეს ერთ დროს „გაუპატიურებული და გაუფასურებული“ კონსტიტუცია, კვლავ დავრჩებით ხელისუფლებისთვის „БЫДЛО“,  ანუ უბერკეტო, უუნარო „რუხი ფერის მასა“!.. კიდევ უფრო „ანუ“ კვლავაც პირწავარდნილი ავტოკრატიული ქვეყნის მოქალაქეები ვიქნებით,გამუდმებით ლუკმა პურისა და „გასაძღომი საშუალებების“ ძიებაში ამოგვხდება სული. ეს მაშინ, როცა ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატები განცხრომით შეუდგებიან ნეტარებას, დაივიწყებენ წინასაარჩევნო დაპირებებს და საყოფაცხოვრები პირობების გაუმჯობესებით დაკავდებიან!..

                  რა არის ავტოკრატია?

„ავტოკრატია - მმართველობის ერთ-ერთი ფორმა, რაც განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს ერთ პირს სახელმწიფოში“, - ჩემი ფანტაზიის მაყოფი არ გეგონოთ, ვიკიპედიის და ნებისმიერი ენციკლოპედიის წიაღში არსებული, ადვილად ხელმისაწვდომი განსაზღვრებაა (შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ). ხომ არ გეცნოთ „რაღაცეები“ და „ვიღაცეები“?

ღმერთო მაღალო, გამოდის რომ ჩვენ (საცოდავებს) ეს 25 თუ 26 წელი ავტოკრატიის რეჟიმში გვიცხოვრია?! მეც არა ვთქვი, რა ემართება ამ ხალხს, სად გარბის, რატომ არ ჩერდებიან ამ დალოცვილ, მზიურ საქართველოში? თურმე თავი და თავი ავტოკრატიული მმართველობის რეჟიმი ყოფილა, თავის უსასრულად შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებებით და „პროფესიონალი, რიგში ჩამდგარი“ ოპოზიციით!

საქართველო ალბათ ის გამონაკლისი ქვეყანაა ჩვენს პლანეტაზე სადაც „პროფესიონალი ოპოზიციონერები“ ცხოვრობენ. როგორ უნდა შეიცვალოს „არასასურველი“ ავტოკრატიული მართველობა?

ელემენტარულად! ახალარჩეულმა პარლამენტმა, პირველ რიგში უნდა მიიღოს კანონები, რომელიც ჭეშმარიტად დაიცავს ამომრჩევლის და არა „არჩეულის“ ინტერესებს, შექმნის სახელმწიფო ვალუტის დაცვის მყარ მექანიზმებს! და თუ ეს არ მოისურვა „ახალარჩეულმა“ პარლამენტმა?... მააშინ... ასეთ შემთხვევაში... ფუი ეშმაკს! ამის წარმოდგენაც კი მზარავს...

თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: