Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
2-06-2015, 10:40
ნანახია: 1362

ივანიშვილის ახალი „აფიორა“ თუ უმადურობის აპოთეოზი?!

საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, რომ „კრისტის“ აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ 800 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

ქართული საზოგადოების ნაწილი აღფრთოვანებულია მილიარდერის ქველმოქმედებით და აცხადებს, რომ ივანიშვილისგან ასეთი ნაბიჯი უცხო ნამდვილად არ არის!

მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნახატი ქართველ მილიარდერს არ უნდა ეყიდა - გაცილებით უკეთესი იქნებოდა რომელიმე ცნობილ უცხოურ მუზეუმს შეეძინა (ამით მსოფლიო მეტს შეიტყობდა ქართულ უნიკალურ ფენომენზე), ან რომელიმე კოლექციონერის საკუთრებაში გადასულიყო...

არის საზოგადოების მესამე - „ნაციონალური“ აზროვნებით დაშტამპული ნაწილი, რომელნიც „ამტკიცებენ“, რომ ეს ნახატი ივანიშვილმა თვითონ გაიტანა „კრისტის“ აუქციონზე და თავადვე იყიდა, რომ ეროვნული კულტურის გადარჩენის ავანგარდში კიდევ ერთხელ ჩაწერილიყო!!!

ურწმუნო თომებს, გარდა ცარიელი განცხადებებისა არანაირი მამხილებელი დოკუმენტები არ გააჩნიათ. როგორც ჩანს, მათი მიზანი არა იმდენად ჭეშმარიტების დადგენაა, რამდენადაც ქართველი მილიარდერის კიდევ ერთ „აფიორაში“ მხილების ცდა, თუმცა სხვა თემაა, რამდენად ირწმუნებს ამას ქართული საზოგადოება!

იტყვიან, ენას ძვალი არა აქვსო. ეტყობა, ამ შემთხვევაშიც „უძვლო“ ენის ტარტალთან და შხამითა და გესლით გაჟღენთილ ბრალდებასთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ექს-კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას განცხადება „ფიროსმანის ნახატს ივანიშვილი ყიდდა და თვითონვე იყიდა“ არასერიოზულად გამოიყურება. თუ ეს მართლაც ასეა, დადონ მამხილებელი დოკუმენტები და საზოგადოება თავად შეაფასებს, თუ რასთან გვაქვს საქმე!


თუმცა, ეს არ არის ამჯერად მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს უნიკალური შედევრი „კრისტის“ აუქციონზე, თურმე, რუსული ხელოვნების კატეგორიით წარსდგა...

ვეთანხმები სოფიო კილასონიას, რომ ეს არის ქართული მეცნიერების, უპირველესად, საქართველოს კულტურის სამინისტროს უპატიებელი მარცხი!..

ვეთანხმები იმაშიც, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ (ეტყობა ამის ელემენტარული ნებაც არ არსებობს ქვეყანაში) ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო სივრცეში, თუმცა პოპულარიზაციას ვინ ჩივის, ნელ-ნელა ქრება სახელმწიფოებრივი მიდგომა ქართული კულტურის, ზოგადად, ქართული იდენტობის შენარჩუნების მიმართ, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ეროვნული ფესვების უარყოფამდე მივყავართ!

არ ვიცი, რამდენად აქვს ნიკა რურუას უცერემონიო განცხადების ობიექტური საფუძველი, მაგრამ მედალს მეორე მხრიდან შევხედოთ: რომელი სჯობდა: ფიროსმანის ნახატი მშობლიურ საქართველოში დავანებულიყო, თუ იგი რომელიმე უცხოელი კოლექციონერის კოლექციას შემატებოდა?! (ოფიციალური ინფორმაციით, ეს ნახატი ფრანგ პოეტს ლუი არაგინს აჩუქეს თურმე და შემდეგ ორჯერ გაიყიდა).

შეიძლება გავიზიარო სოფიო კილასონიას მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ უფრო კარგი იქნებოდა, თუ ეს უნიკალური შედევრი მსოფლიოს რომელიმე ცნობილ მუზეუმს დაამშვენებდა, თუმცა, რა სარგებლობა ექნებოდა მას საქართველოსთვის, როცა იგი აუქციონზე რუსული ხელოვნების კატეგორიით იყო წარდგენილი?

აქედან გამომდინარე, გაცილებით უფრო მიზანშეწონილია ქართული შედევრის საქართველოშივე დაბრუნება. სხვა საკითხია, რა ადგილს დაიკავებს იგი ქართული ხელოვნების მუზეუმში, რამდენად იქნება ხელმისაწვდომი უცხოელი ტურისტებისთვის და როგორ შევუწყობთ ხელს მის პოპულარიზაციას!

და ბოლოს: არ მაინტერესებს ფიროსმანის ნახატის გარშემო ატეხილი უაზრო ინსინუაციები. რაც არ უნდა კუდი გამოაბან, ბიძინა ივანიშვილი ამ ჟესტის გამო თანამემამულეებისგან მხურვალე მადლობას ნამდვილად იმსახურებს!

ხალხო, სხვა ყველაფერთან ერთად, მადლიერებისგანაც ნუ დავიშრიტებით!!! კარგს თუ კარგი არ ვუწოდეთ, ცუდს სახელად რა დავარქვათ?!

ანდრია ლისაშვილი