როგორ აუქმებენ ეროვნულ ვალუტას - ლარს და როდის უნდა მორჩეს სსფ-ს და მსოფლიო ბანკის ძიძაობა საქართველოში?!

როგორ აუქმებენ ეროვნულ ვალუტას - ლარს და როდის უნდა მორჩეს სსფ-ს და მსოფლიო ბანკის ძიძაობა საქართველოში?!

გუშინ „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წარმომადგენელმა, „ნაციონალებიდან“ ახლახან გაქცეულმა სახემ, ზურაბ ჯაფარიძემ ორიგინალური იდეა წამოაყენა _ გაუქმდეს ეროვნული ბანკი და მის ნაცვლად შეიქმნას სავალუტო საბჭო!

ჯაფარიძე უფრო შორსაც წავიდა და ხელისუფლებას ურჩია, ეროვნული ვალუტა - ლარი არ უნდა იყოს ერთადერთი საგადამხდელი საშუალება და საქართველოს მოქალაქეებმა ეკონომიკურ საქმიანობაში ის ვალუტა გამოიყენონ, რომელსაც თავად ჩათვლიან საჭიროდ...

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯაფარიძეს ამ ანტისახელმწიფოებრივ განცხადება-„რეკომენდაციას“ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - ექსპერტებმა ამ განცხადების მიღმა საკმაოდ შეფარული და ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი ინიციატივა დაინახეს!!!

ასე მაგალითად, ეროვნული ბანკის გაუქმების და მის ნაცვლად სავალუტო საბჭოს შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია იძულებით დევნილი (შეიძლება ითქვას, პოლიტიკურად დევნილი), შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებშო ბატონი თემურ ბასილია.

„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ იდეის, რადგან იგი მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიზნად ისახავს მისი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის - ეროვნული ვალუტის გაუქმებას, ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის - ეროვნული ბანკის გაუქმებას.

ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო ვერ განახორციელებს დამოუკიდებელ ფულად-საკრედიტო/მონეტარულ პოლიტიკას.

უმეტესად მონეტარული საბჭოები გამოიყენებოდა ყოფილ კოლონიებში, რომელთა ეკონომიკები მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეტროპოლებთან“.

მიაქციეთ ყურადღება - თემურ ბასილია ამ კეტეგორიულ განცხადებას აკეთებს ამერიკიდან, იმ ამერიკიდან, სადაც თავის დროზე პოლიტიკური თავშესაფარი იპოვა, იმ ამერიკიდან, საიდანაც „ნაცებიდან“ გაქცეულმა ჯაფარიძემ ეს იდეა ჩამოიტანა...

ბასილიას განცხადება არა მარტო მტკიცე და კატეგორიულია, არამედ საქმიანი და დამაფიქრებელიც. იგი ქართულ საზოგადოებას პირდაპირ ეუბნება, რომ თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ და განგაშის ზარებს არ დავარისხებთ, როგორც თავის დროზე შემოგდებული სხვა იდეა, ესეც უმტკივნეულოდ გზას გაიკვლევს და ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს - ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მარეგულირებელ ორგანოს დაკარგავს, რასაც ეროვნული ვალუტის გაუქმებაც მოჰყვება.

საკმაოდ დამაფიქრებელია მისი ფეისბუქსტატუსის ფინალიც: „ანალოგიური მონეტარული საბჭოები გამოიყენებოდა ყოფილ კოლონიებში.“

დამაფიქრებელია იმდენად, რამდენადაც საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ დეკლარირების დონეზე დარჩა და თითქმის 25 წელია ჩრდილოეთიდან თუ ოკეანის გაღმიდან შემოგდებული დოქტრინებითა და ე.წ. „რეკომენდაციებით“ იმართება ქვეყანა. გამოდის, რომ საქართველო დღესაც კოლონიაა და ჩვენი ეკონომიკა „მჭიდროდაა დაკავშირებული“ რომელიღაც მეტროპოლისთან ან მეტროპოლიებთან!..

საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებს ცნობილი ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძეც. იგი პირდაპირ აცხადებს, რომ „რაც ადრე დატოვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი საქართველოს, მით უკეთესი ჩვენთვის... მალე უნდა დამთავრდეს მათი ძიძაობა... ეს ნარკოტიკული თრობა მუქთა ფულისგან საქართველოს ხელისუფლებამ 25 წლის შემდეგ მაინც უნდა დაამთავროს...“

გიორხელიძე თვლის, რომ სსფ-ს და მსოფლიო ბანკის ძიძაობა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დააკნინებს!

ყველაფერი გასაგებია...

ლოგიკურად იბადება კითხვა: მეტროპოლიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ასეთ ანტისახელმწიფოებრივ რეკომენდაცია-დავალებებს აძლევენ, დღემდე რატომ უნდა ითვლებოდნენ ჩვენს „კეთილმოსურნე“ მეგობრებად და რატომ უნდა ცეკვავდეს მათ დაკრულზე მათ მიერვე შემოტენილი, მაგრამ ჩვენს მიერ „არჩეული“ ხელისუფლება?!

მეტიც, რატომ გააქტიურდა ეროვნული ბანკის გაუქმების და ეროვნული ვალუტის - ლარის ფუნქციის დაკნინების იდეა მაინცდამაინც დღეს - როცა ლარის კურსის კატასტროფულ ვარდნასთან დაკავშირებული პერიპეტიები ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ბრალდება?!

კაცი ცხენს ვერ ერეოდა და უნაგირს ამტვრევდაო, ნათქვამისა არ იყოს, რატომ უნდა გადავაყოლოთ სსფ-ს ზურგს ამოფარებული ქადაგიძის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას სახელმწიფო რეგულირების ინსტრუმენტი - ეროვნული ბანკი?!

ეჭვი არ მეპარება, რომ თუ საზოგადოება ფეხზე არ დადგა და ეს ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივა უმტკივნეულოდ „გაატარა“, როგორც სხვა დროს ყოფილა ხოლმე, ახლაც თავზე დაგვამხობენ ყველაფერს და ფუნქციადაკარგული ლარიც სანატრელი გაგვიხდება!..

ოე, მთავრობავ!

                            ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: