Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
9-06-2015, 23:01
ნანახია: 764

რეფორმა უსამართლო მოსამართლეთა გადასარჩენად

„სახალხო პარტია“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ: 

„კიდევ ერთი იმედი და მოლოდინი გაუცრუა ხელისუფლებამ ხალხს, რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფოსა და ღია სამოქალაქო სივრცის მშენებლობას დაჰპირდა.

საჯაროდ მიმდინარეობს წინა რეჟიმის მხილება და ლანძღვა, კულუარებში მათ წარმომადგენლებთან გარიგება.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ახალი ხელისუფლების ღირსების საქმედ. შემდეგი "ღირსების საქმე" დამნაშავე პროკურორთა გადარჩენის საქმე იყო, მიუხედავად მათ წინააღმდეგ შეტანილი ათიათასობით შეტანილი სარჩელისა.

კიდევ ერთხელ და, ღმერთმა იცის მერამდენედ, სახელმწიფოს მმართველობის სადავეებთან მყოფმა პერსონებმა წამოიწყეს და შუა გზიდან დაიხიეს უკან ქვეყნის აღმშენებლობისთვის უცილობლად საჭირო რეფორმების გზაზე. ამჯერად სასამართლოს რეფორმა დადგა გაბითურების საფრთხის წინაშე. დიახ, გაბითურების, რადგან, სხვა მრავალ შეფასებათა შორის, ეს სიტყვა ყველაზე ზუსტად ასახავს პროცესს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო და უზენაესი სასამართლო  წარმართავს.

ფსევდოდემოკრატიულობას ამოფარებული რეფორმის უხერხემლო წამომწყებნი ისევ იმ ადამიანებს ეკითხებიან რეფორმის ეფექტურად გატარებისთვის ჭკუას, რომელთა  უდიდესი  ნაწილის მოსაშორებლადაც,  როგორც ხალხს  უცხადებენ,   ეს რეფორმა ხელისუფლების წყარომ, ანუ ხალხმა შეუკვეთა. დიახ, სწორედ იმ დანაშაულებრივი რეჟიმის მსახურ, კორუმპირებულ, ხელფასებითა და უძრავი ქონებით წახალისებულ მოსამართლეებს გააცნეს რეფორმის არსი და მიზანი, რომელთა უმრავლესობაც ისევე უნდა გარიყო სასამართლო სისტემიდან, სისტემისავე სისუფთავისთვის, როგორც კეთროვნები ლეპროზორიუმში. ბოდიშს ვიხდით დაავადებულთა წინაშე ამ შედარებისთვის, რადგან ისინი ბევრად უფრო უსაფრთხონი არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე ეს ძვირფას მანტიამოსხმული გვამები.

ისევ და ისევ, და უკვე მერამდენედ, ცდილობენ კანონის ჩარჩოებში მოაქციონ უკანონობის დამკანონებელთა კოჰორტა. ალბათ, იმის შიშით,  რომ:

_  დევნის დაწყების შემთხვევაში ეს ხალხი თავისუფალ სამყაროს პოლიტიკური დევნილის სტატუსით მიადგება და იქიდან გვიჩივლებსო. სწორადაც ეშინიათ - ევროპელ ადვოკატებს როგორი კომპეტენციითა და კვალიფიკაციით აღჭურვილი პროკურორები დაუპირისპირდებიან ქართული მხრიდან, ადვილი წარმოსადგენია. ესენი ხომ, უმრავლეს შემთხვევაში, ისევ ის პროკურორები არიან, ვის მიერ წაყენებულ ბრალს ასიათასობით შემთხვევაში, სწორედ ეს მოსამართლეები ამტკიცებდნენ.

_ სამართლიანი  და პრინციპული მოთხოვნების დამკვიდრების  შემთხვევაში, არც ერთი მოსამართლე, დასჯის შიშით, ვერ გაბედავს ყველა სურვილი (კანონიერი თუ უკანონო) დაუკმაყოფილოს დღევანდელ ხელისუფლებას.

ხალხი ბრძენია და საუკუნეების წინ ნათქვამი - ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო, ამათზეა ზედგამოჭრილი.  სხვა რისი იმედი უნდა გვქონოდა, როცა პროკურატურის რეფორმა, ერთის მხრივ, ყოფილ უშიშროების თანამშრომელს და ამჟამად გაქცეულ ლაშა ნაცვლიშვილს  და ბინძური  საქმეების ადვოკატს კბილაშვილს ჩააბარეს. სხვათა შორის, მისი "სისპეტაკე" საყდრისის საქმეშიც გამოჩნდა, როცა ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის აფეთქება დაშლის ერთ-ერთ მეთოდად შემოგვასაღა.   ხოლო მეორეს მხრივ, წლების განმავლობაში სასათბურე პირობებში ამყოფებდა კუბლაშვილის დანაშაულებრივ სასამართლოს.

მსგავსი ფაქტების არსებობა საქართველოს უახლეს ისტორიაში გვაიძულებს გამოვიდეთ ინიციატივით - ან თავისუფალი და მიუკერძოებელი საზოგადოების  ჩართულობით, ფართე კონსესუსით  განახორციელეთ რეფორმები, ან შეაჩერეთ თქვენი  ფსევდო რეფორმები, რომელიც ჩაფიქრებული გაქვთ - საქმის ბოლომდე და სწორად მიმყვანი მაინც არა ხართ და, იქნებ, მომავალში მაინც არ მოგვიწიოს თქვენს მიერ დაშვებული შცდომების  გამოსწორებაზე ენერგიისა და რესურსის ხარჯვა. ნუ გგონიათ, რომ თქვენს ქმედებებში ხალხი ვერ ხედავს   თქვენი   მიზნებისა და პირადი მოტივაციის ჭეშმარიტ არსს,  ან ვერ ერკვევა  კლანური გარიგებების  ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაში.

ხალხს ისიც აქვს ნათქვამი - გაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო. ნებისმიერი წამოწყებული კარგი ინიციატივა ცუდად მიუბრუნდება ქვეყანას და ხალხს, თუკი შუა გზაში მიატოვებ. სასამართლოს რეფორმას კი ზუსტად ასეთი პირი უჩანს.