ლია ელიავა: თუ დოლართან ერთად სხვა ვალუტებიც იტრიალებს, ეს სავალალო შედეგს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას

ლია ელიავა: თუ დოლართან ერთად სხვა ვალუტებიც იტრიალებს, ეს სავალალო შედეგს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას

საქართველოს ეროვნული ბანკის გაუქმებისა და სავალუტო საბჭოს შექმნის ინიციატივაზე „ივერიონს“ ესაუბრება ექსპერტი საბანკო საკითხებში, ეკონომიკის დოქტორი ლია ელიავა.

-“ნაციონალური მოძრაობიდან“  წამოსულმა ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის გაუქმების აუცილებლობასა და მის ნაცვლად სავალუტო საბჭოს შექმნაზე ისაუბრა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტა სახელმწიფოში არ უნდა იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება. თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა ლარს გაქრობა და რას იზამს სახელმწიფო?

-პირველი, უცხოური ვალუტის მოძრაობის დაკანონება საქართველოში დაუშვებელია, რადგან დოლარის კურსი ისედაც მაღალია და თუ სხვა ვალუტებიც იტრიალებს, ეს სავალალო შედეგს მოუტანს ქართულ ეკონომიკას.

მიუხედავად იმისა, რომ  ეს იდეა ჯერ ნედლია, მისი განხორციელების შემთხვევაში,  ეს დააკარგვინებს საქართველოს  უფლება-საშუალებას  გაატაროს დამოუკიდებველი  ეკონომიკური  პოლიტიკა. თუ ქვეყანა იტყვის უარს ლარზე, ე.ი. უარს  ამბობს  თავის სახელმწიფოებრიობაზე, რაც ეკონომიკასაც  დაანგრევს,  სოციალურ  აფეთქებასაც  გამოიწვევს და  ხელისუფლების  გარდაუვალად  შეცვლის საფუძველსაც შექმნის!

მეორე, ისტორიულად,  სავალუტო საბჭოები  წარმოიქმნებოდა  ხოლმე  იმ ქვეყნებში, სადაც ინფლაციის დონე  ძალიან მაღალი იყო, რაც ხელს უშლიდა ეკონომიკურ განვითარებას.  ასეთ პირობებში სავალუტო კურსის ფიქსაციაა  მიზანშეწონილი და ეროვნული  ბანკი არ არის საჭირო თავისი მაკროეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოში ასეთი სიტუაცია ჯერჯერობით არ არის და სავალუტო ფონდამდე თუ მივა ინფორმაცია, რომ  საქართველოში მათ მიერ ნალოლიავები მცურავი გაცვლითი კურსის შეცვლა ვიღაცას უნდა, ეს მწვავე უკურექციას გამოიწვევს.

მესამე, ეროვნული ბანკი ქვეყანას  სჭირდება. როცა ის დაკომპლექტდება  კვალიფიციური  კადრებით, სიტუაცია დარეგულირდება. მჯერა, ჩვენი ხელისუფლება არ გადადგამს  არაადეკვატურ  ნაბიჯებს და უარს არ იტყვის დამოუკიდებელ  ეკონომიკურ  პოლიტიკაზე.

-ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე კატეგორიულად აცხადებს, რომ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა  და მსოფლიო ბანკის ძიძაობა უნდა დასრულდეს! სხვათა შორის, თავის დროზე, გოგი თოფაძემაც ანალოგიური რამ განაცხადა, რასაც ამა თუ იმ წრეში აგრესიით შეხვდნენ.

-თუ ასე მოხდა, ჯერ ერთი, სავალუტო  ფონდი ყველანაირ დახმარებაზე უარს ეტყვის საქართველოს - ფულად დახმარებასაც შეუწყვეტს და  რჩევა- კონსულტაციასაც-  საქართველო  გამოვა მისი კონტროლიდან. ამას კი არავინ დაუშვებს, რადგან ეს რეგიონში  დესტაბილიზააციის წყარო გახდება. სავალუტო ფონდს თავის წესდებაში უწერია, რომ თუ განვითარებადი ქვეყანა განვითარებული ქვეყნისთვის   პრობლემა გახდება, ძალ-ღონეს არ დაიშურებს ამ პრობლემების გასაქრობად.  ამან კი  შესაძლებელია  ლართან ერთად საქართველოც,   როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, გააქროს!

სავალუტო ფონდის როლი საქართველოს გადამრჩენი იყო 90-იანი წლების დასაწყისში, მისმა რჩევებმა ქვეყანას ეკონომიკა  შეურნაჩუნა  და ეს არ უნდა დვაუკარგოთ. ის საქართველოს სესხს მაშინ აძლევდა, როცა სხვა  არავინ ეკარებოდა!..

მეორე მხრივ, საქართველო განვითარდა და სავალუტო ფონდის  რჩევები წნეხი გახდა მისთვის და მისი  ეკონომიკისთვის . არადა სახელმწიფო, ეროვნულ ბანკთან ერთად,   დღემდე მას უთანხმებს  ყოველ ნაბიჯს!... 

ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს მომავალში  ვერ მოიცილებს სავალუტო  ფონდის “ბრძნულ რეკომენდაციებს “ და ვერ გადაუდგება მას წინ წმინდა ადამიანური ფაქტორების თვალსაზრისით და იმ მხრივაც, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა,  სხვა კაპიტალი ვერ შემოვა ჩვენთან  და ვანუატუს დონეზე ვიქნებით.

სავალუტო  ფონდის სპეციალისტები არ არიან ბრძენნი და გენიოსები, ისინი ჩვეულებრივი ეკონომიტები არიან  და  მათთან საუბარი შესაძლებელია, მაგრამ ხედავენ,  რომ ჩვენს ქვეყანაში  არავინაა  მათი შემწინააღმდეგებელი,  შემკამათებელი და ახალი იდეის მიმწოდებელი... ამიტომაც  თავს გვახვევენ თავიათ აზრებს. ჩვენთვის სავალუტო  ფონდის რეკომენდაცია  კი არაა გასათვალისწინებელი,  არამედ ის უნდა შევუთანხმოთ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.   მასთან ჩვენი  აზრები უნდა შევაჯეროთ და  ბრმად არ უნდა ვენდოთ.

                                    ესაუბრა ია ჯღარკავა
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: