Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
11-06-2015, 17:22
ნანახია: 1490

როგორ იწინასწარმეტყველა ჩაუშესკუს დახვრეტა ვანგამ

1989 წლის 22 დეკემბერს სოფიაში ვიყავი. ჩემი მასპინძელი ბულგარეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე და ჟურნალ „ანტენი“-ს რედაქტორი სპას პოპოვი აეროპორტში დამხვდა და პირდაპირ სახლში წამიყვანა. უნდა გითხრათ, ბულგარული მასპინძლობა ქართულს არაფრით ჩამოუვარდებოდა...


- ხვალ ვანგსთან წავალთ რუპიტეში! - გამომიცხადა სპასმა. - ხომ გინდა ვანგასთან?
- არა, არ მინდა! რას ქვია არ მინდა? რა შეკითხვაა, სპას? - გამეცინა.
- ჰოდა ხვალ 12 საათისთვის ვანგასთან ვიქნებით.


აღარ მოვყვები იმის აღწერას, როგორ მიმიღო, ან რა მითხრა ვანგამ. რაც მითხრა იმის 90%  ახდა, მხოლოდ 10% „გამაზა“ ,მაგრამ ყველაზე მოულოდნელი და განსაცვიფრებელი აი რა იყო: უკვე წამოსვლას ვაპირებდით, ვანგამ რომ ხელით გვანიშნა დასხედითო. დავჯექით.


- არ გირჩევთ რუმინეთში წასვლას! - რაღაცნაირად გაღიზიანებული განწყობით გამოგვიცხადა ნათელმხილველმა.
- რუმინეთში რა გვინდა? - გამეცინა.
- რა გაცინებს! - გაბრაზდა ვანგა, - იქ მალე ნამდვილი ომი დაიწყება და ჩაუშესკუს მოკლავენ 25 დეკემბერს! გაიგე?
- რა მინდა რუმინეთში, ლელია ვანგა? - ეხლა იმასაც გავუწიე ანგარიში, რომ ამას ვანგა მეუბნებოდა და არა ვიღაც სოფლის ჭორიკანა დედაბერი.
- კარგით, მე ჩემი გითხარით! ძალიან ფრთხილად იყავით!

 


მთელი საღამო მე და სპასი ლუდს ვწრუპავდით და ტელევიზორში რუმინეთის ამბებს ვუყურებდით. სიტუაცია მართლაც იძაბებოდა. ახალ ამბებში გამოაცხადეს, რომ ნიკოლაე ჩაუშესკუმ ირანში ვიზიტი შეწყვიტა და ბუქარესტში დაბრუნდა. თან ჩაუშესკუს ხსენებაზე დიქტორი სავალდებულო სიტყვას „დიქტატორს“ აყოლებდა.


- რა ხდება რუმინეთში? - ვკითხე მასპინძელს.
- ის ხდება, რომ ჩაუშესკუ „პერესტროიკოს“ წინააღმდეგია და მთელი სოცილისტური ქვეყნები უნდა რომ აიყოლიოს. არადა, „პერესტროიკა“ ჯორჯ ბუშის პროექტია. ამერიკა არ აპატიებს ჩაუსესკუს. ხომ ხედავ უკვე დიქტატორად მონათლეს! მე ვანგა გამახსენდა „25 დეკემბერს ჩაუშესკუს მოკლავენ“ ...გამაჟრიალა.


ტელეფონმა დარეკა. სპას პოპოვი კარგა ხანს ელაპარაკა ვიღაცას, ძალიან განერვიულებული ჩანდა, რამოდენიმეჯერ ჩემი სახელიც ახსენა...
- რაო,ვინ იყო?
- რა და... ეხლა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა დარეკა, რუმინეთის ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორია. მე დღეს ბუქარესტში უნადა წავიდე და ირჟი და მისი ოჯახი უნდა ჩამოვიყვანო, ჩემი მიკროავტობუსით.
- მეც წამოვალ! - არა, არა, ეს საშიშია!
- წამოვალ სპას! რა, ვერ ჩავეტევი, იმ შენ ავტობუსში?
- რა ვიცი აბა... ცოტა სარისკოა! ...ვანგამ მგონი „ათიანში მოარტყა“ ...


გამთენიისას ბუქარესტში ვიყავით. ძლივს მივაღწიეთ ირჟის სახლამდე. ქუჩები გადაკეტილი იყო ბარიკადებით. ყველა შეიარარებული დადიოდა, ფორმიანი თუ უფორმო.
...ირჟი და სპასი ერთმანეთს გადაეხვიენ, რამოდენიმე ჩემოდანი მანქანაში ჩადეს და ის იყო უნდა დავძრულიყავით, რომ ყველა მხრიდან სროლა ატყდა.


- ჩქარა მანქანა ეზოში შემოიყვანე სპას! - ირჯიმ ჭიშკარი ჩაკეტა .
სარდაფში ჩავედით. ქალები ტიროდნენ.
- დღეს ჩაუშესკუ ტელევიზიით გამოვიდა, გორბაჩოვს და ამერიკელებს ლანძღავდა. დიქტორმა გადმოსცა, რომ ჯარი და მილიცია ამბოხებულთა მხარეს გადავიდა, ეხლა ჩაუშესკუს მხოლოდ „სეკურიდადე“ იცავს.
- ეგ რა არის? - ჩაუშესკუს პირადი დაცვაა, მძიმე ტექნიკაც ყავთ...


ერთ საათში სროლა შეწყდა. მე სპასი და ირჟი სარდაფიდან ამოვედით. ირჟიმ ტელევიზორი ჩართო .დიქტორი აცხადებდა რომ ბუქარესტში და მთელ რუმინეთში საგანგებო მდგომარეობაა, ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტა. ჩაუშესკუ და მისი ოჯახი იმალება, მათ პოლიცია დაეძებს. ბუქარესტის ყველა შესასველი და გასავლელი გადაკეტილია, სიტუაციას მილიცია და ჯარი აკონტროლებს.


- უნდა დავიცადოთ, ეხლა წასვლას აზრი არ აქვს! - თქვა ირჟიმ.
- თქვენ რამეს გერჩიან? - დავინტერესდი.
- მე რას უნდა მერჩოდნენ, ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორი ვარ, პოლიტიკაში არ ვერევი. უბრალოდ ამ ქაოსში, ყველაფერია მოსალოდნელი!
- მაგარია თქვენი ვანგა! - გადავულაპარაკე სპასს.
- ვანგასთან იყავით?
- ჰო,გუშინ ვიყავით და... 25-ში ჩაუშესკუს მოკლავენო, ასე გვითხრა!
- ყველაფერია მოსალოდნელი, ეხლა ბუქრესტს ფაქტიურად „კაგებე“ და „ცეერუ“ აკონტროლებს.


მთელი ღამე თვალი არ მოგვიხუჭავს... 25-ში დილით გადმოსცეს, რომ ჩაუშესკუ თავის ცოლთან ერთად რუმინეთის საზღვარზე დააკავეს რიგითმა მოქალაქეებმა და „დიქტატორი“ მილიციას გადასცეს. მე ირჟიმ და სპასმა ბუქარესტის მთავარ მოედნამდე მოვახერხეთ გაძვრომა. გზადაგზა ვიგებდით, რომ შეტაკებებში 1200 კაცი დაიღუპა. ხალხმა ოპოზიციის ლიდერებიც დახოცა და ეხლა ჩაუშესკუს სასამართლოს დამთავრებას ელოდებიან. ვიღაცამ თქვა პირდაპირი რეპორტაჟს გადმოსცემენო. სახლში დავბრუნდით. ირჟის ცოლი და ორი ქალიშვილი შიშით ცახცახებდნენ, ცოცხლები რომ დაგვინახეს, გაიხარეს...


ჩაუშესკუ, სასამართლოზე აგრესიულად იყო, მაშინაც კი არ დამშვიდებულა, როცა მას და მის ცოლს ელენას დახვრეტის განაჩენი წაუკითხა მოსამართლემ... ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადმოსცემდნენ, ცოლი და ქმარი სასამართლოს უკანა ეზოში გაიყვანეს და კედელთან მიაყენეს:

 

- რას შვებით, გონს მოდით, მე თქვენ ყველას როგორც შვილებს, ისე გექცეოდით!-ყვიროდა ელენე ჩაუშესკუ. ნიკოლაე ამაყად თავაწეული იდგა! ოფიცერმა ბრძანება გასცა და ათი „კალაშნიკოვი“ ერთბაშად აკაკანდა...


მესამე დღეს საზღვრები გახსნეს... ირჟიმ გვითხრა, ყველაფერი მორჩა, ეხლა რაც მთავარია სოფიაში მშვიდობით ჩააღწიეთ, ჩვენს წამოსვლას აზრი აღარ აქვსო...


- ოცდაცხრაში, ღამით სპასის სააბაზანოში შხაპს ვღებულობდი და ემოციებითა და განცდებით გადაღლილს კინაღამ საშხაპეში ჩამომეძინა,ზეზეულად.

                                 თამაზ ჭეიშვილი