დედა რა იყო ეს, ჰა, ნიკანდრო ბატონო?

დედა რა იყო ეს, ჰა, ნიკანდრო ბატონო?

ვის „შემოქმედებითად ადუღებულ ტვინში“ მოიხარშა საზეიმო პოდიუმის მოწყობის იდეა ტრაგედიის ადგილას, ნიკანდრო ბატონო?

არ მითხრა, ახლა სამგლოვიარო იყო ის პოდიუმიო!

პოდიუმი თავისი არსით და შინაარსით სადღესასწაულოა და სასიხარულო ამბების დროს ეწყობა!

აი მაგალითად, როცა „შადრევან პირველი“ პირველად ავირჩიეთ პრეზიდენტად, აი მაშინ გვქონდა საქმე სადღესასწაულოდ და იმისთანა პოდიუმზე გაიარა საინაუგურაციოდ დაბანილ, გაუთოებულ, ჩაგალსტუკებულმა „შადრევან ჰალსტუხოვიჩმა“, მთელი საქართველო სიხარულის და ბედნიერების ცრემლებს აღვარღვარებდა!

გუშინდელმა „საზეიმო პოდიუმმა“ კი დანგრეულ, გაუბედურებულ ვერეს ხეობაში მსოფლიოს ყველა პოდიუმს „მოუხაზა“! არ მითხრა და ცოდვა არ ჩამადენინო, არ აგამაცინო უადგილო დროს და ადგილას - არ დამიწყო იმის მტკიცება, პოდიუმი მწუხრის და სატირალის იყოო!

ისე, ნიკანდრო ბატონო, ასეთი ორგინალური, მე ვიტყოდი, არაორდინალური პროექტი კაცობრიობის ისტორიაში, სულ ორჯერ განხორციელდა!

ერთხელ, როცა კალიგულამ საკუთარ ცხენს უშველებელი ძეგლი დაუდგა (სიცოცხლეშივე) სენატის მოედანზე და მეორე თქვენ განახორციელეთ ტრაგედიის ადგილას, საზეიმოდ გაბდღვრიალებულ-გაჩახჩახებული!

ეს იყო არენა, რომელზეც მთელი საღამო მასხარაობდნენ „რუსთავი-2“-ის მართლა კარგი არლეკინი ზაალ უდუმაშვილი და... იმ ქალის სახელი და გვარი ვერაფრით დავიმახსოვრე!

თუმცა, მასხარობა და ტინგიცობა ერთადერთ ქალს უხდებოდა საბჭოთა კავშირში - რანევსკაიას! სხვა რამეზე რომ არაფერი ეთქვა, ისეთი მაღალი დონის შემოქმედი იყო, ერთს შეხედავდი და გაგეცინებოდა!

მართალია, მთელი საღამო არენაზე იყვნენ თქვენს მიერ „ხელდასმული“ მასხარები, მაგრამ ამჯერად ძალიან ჩაიჭრენ - ნამეტნავად „გაიპაზორეს“ თავი, ნიკანდრო ბატონო!

ვერ გაამართლეს თქვენი იმედები და ვერ გააცინეს კი არა, ვერ გააღიმეს პუბლიკა და ტელემაყურებელი!

ხუმრობა იქით იყოს და მე მომსწრე ვარ, როგორი თავგანწირვით მუშობდნენ თქვენი ტელეოპერატორები და ჟურნალისტები სტიქიის დროს და მომდევნო დღესაც, ნიკანდრო ბატონო და ეგ საზეიმო პოდიუმი რომ არ გექნათ, რა ვიცი, შეიძლება ისევ გამოეხედა თქვენსკენ ტელემაყურებელს...

სხვა თუ არაფერი „გამარჯვებული ხალხის“ ყოფილი ტელევიზია ხართ და ამ პოდიუმმა და უნიჭო კლოუნადამ სულ მოგიღოთ ბოლო!

თამაზ ჭეიშვილი

P.S. რა შუაშია კოლეგიალურობა?კოლეგიალურობა მე სუფრაზე და ქეიფის დროს ვიცი! ჰო, რა შუაშია აქ კოლეგილურობის ეთიკა? ის პოდიუმი მე კი არ მოვაწყვე, ნიკანდრო ბატონის პროექტი და „ნეუდაჩნი“ ჩანაფიქრი იყო!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: