რა ჯავშანი აქვს ზურაბ გურიელიძეს და რატომ არ უნდა დაისაჯონ სხვა ჩინოვნიკებიც?!

რა ჯავშანი აქვს ზურაბ გურიელიძეს და რატომ არ უნდა დაისაჯონ სხვა ჩინოვნიკებიც?!

საზოგადოება შოკიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა - ღვარცოფით მოვარდნილ საშინელებას გუშინ კიდევ ერთი მსხვერპლი დაემატა - ჩვენი თანამოქალაქე თბილისის ზოოპარკის ბინადარმა, ჩაკეტილ სივრცეში „მოყუჩებულმა“ ვეფხვმა დაგლიჯა!

აღნიშნულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ზოოპარკის მოქმედმა დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ საკუთარ თავზე აიღო. საქმე ეხება მის ორი დღის წინანდელ განცხადებას (რომელიც ღარიბაშვილმა და ჯანელიძემაც გაიმეორეს), რომ ზოოპარკის ბინადრები ან განეიტრალებულია, ან დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ და დედაქალაქში მტაცებელი ცხოველების თავდასმის საშიშროება არ არსებობს!

ის, რომ ბატონი გურიელიძე თავის საქმის გუშემატკივარი და პროფესიონალია (როგორც ამას ხშირად უსვამენ ხაზს), არ არის საკმარისი იგი საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცეს - მიუხედავად იმისა, მან ეს განცხადება ზეწოლით გააკეთა თუ უნებლიე შეცდომა მოუვიდა...

არც ის არის ნორმალური, როცა „რუსთავი-2“-ის ეთერში სტუმრობისას შსს-ს ქვედანაყოფებს „პირს წმენდ“ და საზოგადოებას ატყუებ, რომ „შამბას“ და ზოოპარკის სხვა ბინადრების დახოცვა იძულებითი ღონისძიება იყო.

სინამდვილეში კი პირიქით ყოფილა, რასაც მისი ახლობელი, მწერალი ქეთი ტოროტაძე ურემი რომ გადაბრუნდა, მერე გვიყვება.

ქალბატონი ქეთი იმოწმებს ზურაბ გურიელიძის სიტყვებს, რომ „იმ ახვრებმა“ ცხოველებს დამიზნებით მაშინ ესროლეს, როცა ისინი დაბმული და უწყინარ მდგომარეობაში იყვნენ!..

ზოოპარკის დირექტორი ახლა თურმე წუხს იმაზე, რომ ტელეეთერიდან „მთელი საქართველო მოატყუა!“

როგორც წესი, უარყოფითი ემოციები დაცხრება და ქვეყანაც დაწყნარდება, მაგრამ აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი ლოგიკურად გაჩენილ კითხვებს:

1. რატომ „მოწმინდა პირი“ ჩინოვნიკებს ზოოპარკის დირექტორმა, თუ დარწმუნებული იყო იმაში, რომ ცხოველები „უწყინარ“ მდგომარეობაში იყვნენ და ისინი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ მოსახლეობისთვის?!

2. რატომ იცრუა გურიელიძემ და რატომ განაცხადა, რომ ზოოპარკის ყველა ბინადარის ვინაობა გარკვეული იყო, თუ რამდენიმე მტაცებელი ცხოველის ადგილსამყოფელი დაუდგენელი ყოფილა?

3. შემთხვევით ხომ არ ჰყავდათ ზოოპარკში ე.წ. „ლევი“ ცხოველები, რომლის გადამალვა სტიქიამაც ვერ შეძლო, ან იქნებ სათვალავი აერიათ?!

4. როგორ მოხვდა ჩაკეტილ სივრცეში ზოლებიანი ვეფხვი, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა?!

სწორი არ იქნება პასუხისმგებლობა მარტო ზოოპარკის დირექტორს ავკიდოთ და მთავრობა და დედაქალაქის ხელმძღვანელობა შრალზე გამოვიდეს. მითუმეტეს, როცა ზოოპარკის ადმინისტრაციის გარდა არსებობს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და არსებობს მთავრობის საგანგებო შტაბი, რომელსაც თავად პრემიერ-მინიტსრი ხელმძღვანელობს და რომელსაც სტიქიური უბედურებით გამოწვეული ზარალის აღრიცხვა და დედაქალაქის ჩვეულ კალაპოტში ჩაყენება ევალება. ამაში, ბუნებრივია, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაც იგულისხმება!

არ მესმის გუშინ საღამოს გურიელიძის დაცვის მოტივით სახელმწიფო კანცელარიასთანგამართული აქციის არსი - რატომ არ შეიძლებოდა მისი დაბარება პროკურატურაში დაკითხვაზე, თუნდაც მოწმის სახით, როცა საკუთარი განცხადებით ხელი შეუწყო მოსახლეობის არასწორად ინფორმირებას, რასაც დამატებითი მსხვერპლი მოჰყვა?!

გურიელიძის პროფესიონალიზმი ან თუნდაც მისი მხრიდან ცრემლების ღვარღვარი არ უნდა იყოს ჯავშანი ზოგადად მისი პიროვნების ხელშეუხებლობისთვის. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, განტევების ვაცად მარტო ზოოპარკის დირექტორი არ უნდა იქცეს - პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადაინაწილონ სხვა ჩინოვნიკებმაც, ვინც ამ პროცესებში თანამდებობრივად არიან ჩართულნი.

რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ემოციური და დაუფიქრებელი ნაბიჯებით არ უნდა გავაფერმკრთალოთ ის დადებითი მუხტი, რაც გაჭირვებაში ერთად დგომამ, განსაკუთრებით ახალგაზრდების შეუპოვრობამ გვაგრძნობინა!

მითუმეტეს, პროცესები პოლიტიკურ შოუში არ უნდა გადაიზარდოს!

ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: