ჩვენ ვართ ერი... ანუ, სინამდვილეში ვინ ვართ ჩვენ?!

ჩვენ ვართ ერი... ანუ, სინამდვილეში ვინ ვართ ჩვენ?!

ჩვენ ვართ „ერი-ლაზარე“ სულგანტევებული და მკვდრეთით აღმსდგარი! ...

ჩვენ ვართ ერი დიდი კულტურული წარსულის და უკულტურობით ველურთა განმაცვიფრებელი!

ჩვენ ვართ ერი ხან სახელად „ცოტნე დადიანი“ და ხან „შადიმან ბარათაშვილი“!

ჩვენ ვართ ერი მშიერი, მწყურვალი, მაგრამ გულუხვი მასპინძელი!

ჩვენ ვართ ერი ,სხვისი მაღმერთებელი და საკუთრის დამანგრეველი!

ჩვენ ვართ „ერი-მარგალიტი“ ათიათასსა ნეხვსა ზედა მიმობნეული „ქვეყანასა ნეხვად ქცეულსა ზედა“ ბრწყინვალებითა და სიკაშკაშითა მტრის თვალის დამბრმავებელი და საკუთარ გავლენიან, მდიდარ ძეთა და ასულთა თვალთაგან დაუნახავნი და განწირულნი!

ჩვენ ვართ ერი ზეგარდმო ნიჭით დაჯილდოებული სხვათა მოდგმისა და რჯულის გამრთობი, „ლასკალას“ თეატრსა მოსულ იტალიელთა, ფრანგოელთა, ბრიტანელთა და სხვა ველურ ტომთა შთამომავალ-მოდგმის განმაცვიფრებელი „ხმებითა სირინოზისათა“... საკუთარ ქვეყანაში კი  დაუფასებელნი, უმუშევრობით და უსაქმურობით გალოთებული, ან მეეზოვედ გამწესებული, მუნ ქალაქსა შიდა „მოტაქსავენი“!

ჩვენ ვართ ერი, უნიჭოთა, მაგრამ სისხლით ნათესავთა განმღმერთებელი, ხოლო არასისხლითმონათესავე გენიოსთა არარად ჩამგდები, უსამართლოდ განმწირველი!

ჩვენ ვართ „ერი მამელუქთა“!

სხვათა ომში თავგანწირვით მებრძოლი, საკუთარ ქვეყანაში მოძმეთა განმგმირავი და სასიკვდილოდ გამმეტებელი!

ჩვენ ვართ ერი, სხვათა მოხუცთა და დავრდომილთა რუდუნებით და თავგადაკვლით მომვლელი, ცხრამთასა და ცხრა ზღვას ზღვას იქით გადახვეწილი, საკუთარი ქვეყნის გამოსაკვებად და გადასარჩენად!

ჩვენ ვართ „ერი-ილუზიონისტი“... დღეს ტალახსა და ლაფში ამოვლებული, მაგრამ ოქროდ და მარგალიტად შეფასებული!

უფულოდ, უხელფასოდ, უანგაროდ დედაქალაქის გადასარჩენად დარაზმული!

ერი დათრგუნული, მაგრამ დღენიადაგ დუქნებ და რესტორნებსავსე, მხიარულად მოქეიფე-მომღერალ-მომცინარი!

ჩვენ ვართ ერი, სხვათა უბადრუკობის აღმშენებელი და საკუთარის განმაცვიფრებელ-გასაოგნებელის არ დამფასებელი!

ჩვენ ვართ ერი სიყვარული... და ამავე დროს ბოღმა!

ჩვენ ვართ ერი ძეთა: ცურტაველისა, არსაკიძისა, ბეშქენ და ბექა ოპიზრებისა, შოთასი, ვაჟასი, ილიასი, გალაკტიონისა, ტიციანისა, ლადოისი, ნიკალასი, გუდიაშვილისა, დავითისა, გიორგი ბრწყინვალისა, ასულისა თამარისა, ცოტნე დადიანისა, ილიასი, ვაჟასი... პატრონი ერი განსაცვიფრებელი დედა ენისა!

ჩვენ ვართ „ბედნიერი ერი“... და სულ მუდამ უბედური!

მაგრამ... ჩვენ ვართ ერი, ძლიერი, ერთმანეთის გამტანი, უბედურების ჟამს ერთგულად და თავგანწირვით გვერდში ამომდგომი და მოძმის გამამხნევებლად შემართული! ...

როგორ, რანაირად, რა ხერხებით რა გზებით? ჩვენ ვართ ერი სასწაული, რამეთუ თვით ღვითიშობელი და ძეი მისი იესოა სასწაული...

ჩვენ ვართ ერი ნაშობნი მიწასა ზედა, რომელიცა არს წილხვედრი ღვთისმშობლისა!

ჩვენ ვართ!... ვართ და ვიქნებით, მანამ ვიდრე არს მზე, მთვარე და სამყარო უსასრულო! 

თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: