გიორგი ტიგინაშვილი: კაცობრიობამ სიცოცხლის საზრისი დაკარგა!

გიორგი ტიგინაშვილი: კაცობრიობამ სიცოცხლის საზრისი დაკარგა!

დღევანდელი გლობალიზაცია გვთავაზობს ეთიკას - ასკეზის გარეშე და უფლებებს - ვალდებულებების გარეშე. ახალისებს ყოველგვარ ურცხვ თვითპრეზენტირებას და აწარმოებს იდეოლოგიათა დიქტატს თავს მოხვევის ვერაგული პრინციპით.

ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც თანამედროვე კაცობრიობას მატერიალისტურ დოვლათს პირდება, თუმცა კი სატანისტურად აქილიკებს ოჯახს, ქალწულებას, თავმდაბლობას, რელიგიურობას, სიყვარულს, სამშობლოსა და ზნეობრივ ფასეულობებს.

აგრესიული ტენდენცია მიმართულია სულიერი ღირებულებების ნიველირებისა და აბუჩად აგდებისკენ, რაც თავის მხრივ ადამიანში პიროვნების ცნებას ანადგურებს და პირუტყვის დონემდე აჩიავებს თითოეულ ინდივიდს.

მავანმა მოიწადინა ფალსიფიცირებული ადამიანის, ანუ ბიო-რობოტის შექმნა, რასაც ის წარმატებით ახორციელებს, რამეთუ უხამსობისა და გარყვნილების შეწყნარება-გაზიარება გახდა საწინდარი სოციალური დაწინაურებისა და პრესპექტიულობისა.

ამგვარი დაცემულობის მთავარ ტრიბუნას კი მასმედია წარმოადგენს, სადაც დაუფარავად მიმდინარეობს ყოველგვარი უკეთურების აპოლოგია თუ პროპაგანდა.

სადღეისოდ მოქმედებს პრინციპი - "ყველაფერი ნებადართულია", რომელიც უმცირესობების ვითომ და უფლებების დაცვით, სინამდვილეში უმრავლესობის ღირსებას ლახავს.

აქვე საგულისხმოა სამყაროსადმი მომხმარებლური დამოკიდებულების წახალისება-ხელშეწყობა. შესაბამისად ირგვლივ სამართლიანობის მწვავე კრიზისი დგას. იგი განპირობებულია იმ ინოვაციური კულტურით, რომელიც მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესზე ამყარებს იმედს,ან ცალკეული ადამიანების ნიჭზე, ამა თუ იმ პიროვნების ინტელექტუალურ თუ სოციალურ უპირატესობაზე და არა საერთო სიკეთეზე.

არადა, ადამიანის არსებობის მიზანი უნდა იყოს სიცოცხლე და არა უბრალოდ ბიოლოგიური არსებობა. მისი ბედნიერება უნდა ვლინდებოდეს სიხარულში, შინაგან აღმაფრენასა და სულიერ თავისუფლებაში და არა ამქვეყნიურ კეთილდღეობაში.

პარადოქსია, როცა ფსევდოლიბერალები ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან და ამ დროს "სტრატეგიულად საჭირო" ომებს, უდანაშაულოთა სისხლისღვრას, აბორტს და ნარკოტიკების მოხმარებას ამართლებენ. ასეთი უტიფრობით, "თავისუფლებაზე" ომახიანად საუბრობენ და სხვისი მორალური ღირსების დაკნინებას კი არ ერიდებიან, რადგან თურმე და "კანონით ნებადართულია" და რა გინდა რომ თქვა.

ყველამ ვნახეთ, თუ როგორი ჰონორით აცხადებს აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ მას არ აინტერესებს არცერთი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები. მასვე ბაძავს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და გვემუქრება, რომ ამ კანონს ლგბტ პირთა ქორწინების შესახებ ყველგან დააკანონებინებს ხელისუფლებებს. ამაზე კი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნების ლიდერები დუმან, რაც სამწუხაროდ გარდაუვალი მონობის გამომხატველია ჰეგემონისტი მონსტრის წინაშე.

დასკვნა ერთია: კაცობრიობამ დაკარგა სიცოცხლის საზრისი და მისთვის სული ბიოლოგიურ სუნთქვასთან ასოცირდება მხოლოდ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: