ვინ უნდა „დაიტიროს“ „რეაქცია“?!

ვინ უნდა „დაიტიროს“ „რეაქცია“?!

წინასწარ ვაცხადებ: ყოველთვის ვცდილობ ვიყო კოლეგიალური, მაგრამ, როცა პროფესიონალიზმისა და პოპულარობის საზომი მოჟურნალისტო ელემენტების "რეიტინგული" გადაცემები ხდება, ობიექტურობის განცდა მიბიძგებს ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ - ნაკლებად მადარდებს ვინმეს მოეწონება თუ არა იგი!

 

ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "რეაქციის" დახურვის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე მოგახსენებთ:

 

ერთ რამეში ვეთანხმები გრიგოლიას: გადაცემის დახურვა ნამდვილად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ვისი მხრიდან და რა წინაპირობები უძღოდა მას, ამის მტკიცება ხელაღებით ძნელია!

 

კიდევ უფრო ძნელი და არასერიოზულია იმის თქმა, რომ ხელისუფლებამ რეპრესიული მანქანა აამუშავა და თავისუფალ მედიაზე მასირებული შეტევა დაიწყო-შეიძლება ყველაფერი დააბრალო „ქართულ ოცნებას", მაგრამ, მედიის შევიწროებას, ან თუნდაც პირდაპირ ჩარევას არხის სარედაქციო პოლიტიკაში ვერ დააბრალებ, რაც უდაოდ დიდი მონაპოვარია...

 

აქედან გამომდინარე , ვინც ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს და გრიგოლიას საავტორო გადაცემის დახურვაში ადანაშაულებს, ან პირწავარდნილი პროვოკატორია, ან ელემენტარული ლოგიკური აზროვნების უნარი არა აქვს და უსაგნო ბრალდებით ცდილობს ყურადღების მიქცევას!

 

ლოგიკურად ისმება კითხვა:რატომ დაიხურა პოლიტიკური თოქშოუ, რომელიც არსებითად რეიტინგული გადაცემა იყო და რომელსაც საკმარისზე მეტი დივიდენდი მოჰქონდა არხისათვის?როგორც წესი, ასეთი გადაცემები არ იხურება...

 

თუმცა, ვიდრე ამ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, უპრიანია გავარკვიოთ, რატომ ითვლებოდა გრიგოლიას „რეაქცია" რეიტინგულ გადაცემად და რატომ იყო თავად გრიგოლია მასის წარმოსახვაში სუპერჟურნალისტი?

 

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პროფესიონალიზმი და ყალბი, ხმაურიანი რიტორიკა ერთმანეთშია არეული და გასაქანი არშემდგარ მოჟურნალისტო ელემენტებს ეძლევათ-მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეორე გრიგოლიას გვარის ხსენებაზე იფურთხებოდა და მას „წიკვინა" ჟურნალისტს ეძახდა, „რეაქციას" მაყურებელი მაინც არ აკლდა.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას: ისინიც კი, ვინც ამ გადაცემის დახურვას ითხოვდნენ, „რეაქციის"დაწყების მოლოდინში ტელეეკრანს არ სცილდებოდნენ, მერე კი სულ იმის გარჩევაში იყვნენ, თუ რა ვამპირია ეს გრიგოლია და როგორ ცდილობს წინასწარ დადგმული შოუთი დააზომბიროს საზოგადოება!

 

შე მამაცხონებულო, თუ დარწმუნებული ხარ,რომ, გრიგოლია ვამპირია და მისი გადაცემა ერის ტვინის გამოლაყებას, თეთრის შავად წარმოჩინებას ემსახურება, აიღე პულტი, გადართე სხვა არხზე, ან საერთოდ გაეცალე „შავ ყუთს", რომ საკუთარი გონება არ დააბინძურო და ისედაც დაგლეჯილი ნერვები ბოლომდე არ გაინადგურო!

 

მავანს რაც არ უნდა მოეწონოს, პირდაპირ ვამბობ:არც ერთი გადაცემის დახურვა (თუნდაც ჯაჯანიძის და მისი და-ძმანის გადაცემები ავიღოთ)არ მიმაჩნია მართებულად, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი არხის მესაკუთრეს და მის მიერ დაქირავებულ მენეჯმენტს არა აქვს-ჩვენ არ გვაქვს უფლება კატეგორიულად მოვითხოვოთ ამა თუ იმ გადაცემის დახურვა, ან უხეშად ჩავერიოთ მენეჯმენტის გადაწყვეტილებაში, მაგრამ, გვაქვს ძალიან დიდი ბერკეტი- იგნორირება გავუკეთოთ ნებისმიერ ჩვენთვის მიუღებელ პოლიტიკურ თოქშოუს ან უზნეობის პროპაგანდით დაკავებულ ნებისმიერ გადაცემას და „რეიტინგული "გავხადოთ ურეიტინგო(ურეიტინგო გადაცემა კი არავის არაფერში არ სჭირდება), ხოლო ძალად „სუპერჟურნალისტი" მოჟურნალისტო ელემენტად ვაქციოთ!

 

სხვანაირად, ნებისმიერი ფორმითა და შინაარსით გამოხატული ჩვენი რეაქცია უბრალოდ წყლის ნაყვა იქნება!

 

აქედან გამომდინარე, არავინ გვეკითხება , რატომ,ან ვისი ინიციტივით დაიხურა გრიგოლიას გადაცემა და თოქშოუ „პოლიტიკური ღამე".პირადად ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა ვინ დგას ამ გადაწყვეტილების მიღმა, მითუმეტეს , როცა ვიცი, რომ ამით საზოგადოებას დიდი არაფერი დააკლდება და არც თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკა იზარალებს!

ახლა ისევ მთავარ კითხვას დავუბრუნდეთ:იყო თუ არა თოქშოუების დახურვა კარსმომდგარი არჩევნების წინ მავანის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება?

 

რა თქმა უნდა, იყო.თუმცა, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბარი გადაჭარბებულია და თუ მაინც პირდაპირ თუ ირიბად ამას ჰქონდა ადგილი, დღეს არ არის ქვეყანაში ის ფონი, მსგავსი რამ დაიმალოს!

 

არ გამოვრიცხავ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორედ იმ ძალებმა მიიღეს, ვისაც ქართული თავისუფალი მედიის „შევიწროების"კამპანიის აგორება და შესაბამისად, დღევანდელი ხელისუფლების არადემოკრატიული იმიჯის დემონსტრირება აქვთ ჩაფიქრებული ყველა მისთვის დამახასიათებელი შედეგებით!

 

თუ ხალხი ყურთბალიშზე იჯდება და მათი რეაქცია შიშველ ემოციებს არ გაცდება, ჩავთვალოთ , რომ მიზანი მიღწეულია...

 

აქედან გამომდინარე, გამოსავალი მარტივია:აჟიოტაჟი რაც შეიძლება მალე უნდა ჩაცხრეს და პასუხი დაინტერესებულმა პირებმა არხის მესაკუთრეებისგან უნდა მიიღონ!

არ გახადეს ინგა გრიგოლია სუპერჟურნალისტი და მისი „რეაქცია" ყველაზე „რეიტინგული" და ყველაზე „პოპულარული "გადაცემა?!

 

ოდიოზური კახა ბენდუქიძის გამოთქმისა არ იყოს, რომელიც მან თავად ინგა გრიგოლიას უსაყვედურა: ემოციებს აზრი და ჭკუაც დაატანეთ ბატონებო და ქალბატონებო-„რეაქცია"ჩვენი „მიცვალებული" არ არის და იმან დაიტიროს, ვისაც ეკუთვნის!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: